დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1და მინდვრის ცხოველებს შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა, ყველაზე ცბიერი იყო გველი. და ჰკითხა გველმა დედაკაცს: “ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო?”
- 2და დედაკაცმა უპასუხა: “ბაღის ხის ნაყოფები გვეჭმევა.
- 3ხოლო იმ ხის ნაყოფზე, რომელიც შუა ბაღშია, გვითხრა ღმერთმა: ‘არ ჭამოთ მისგან და არც შეეხოთ, რომ არ მოკვდეთ.’”
- 4და უთხრა გველმა დედაკაცს: “არ მოკვდებით.
- 5რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი”.
- 6და იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად; და მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის კაცს, და მანაც შეჭამა.
- 7და აეხილათ თვალები ორივეს, და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ. და გადააბეს ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს გარშემოსარტყლები.
- 8და მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ ადამი და მისი დედაკაცი უფალ ღმერთს ბაღის ხეთა შორის.
- 9და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა მას: “სადა ხარ?”
- 10და თქვა ადამმა: “შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე.”
- 11და ჰკითხა მან: “ვინ გითხრა შენ, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხიდან, რომელზეც გამცნე, რომ არ გეჭამა, მოსწყვიტე ნაყოფი?”
- 12და უთხრა ადამმა: “დედაკაცმა, რომელიც შენ მომეცი, მომცა ხიდან და შევჭამე.”
- 13და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: “ეს რა გააკეთე?” და უთხრა დედაკაცმა: “გველმა მაცდუნა და შევჭამე.”
- 14და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: “რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი ხარ შენ მხეცთა და მინდვრის ყველა ცხოველთა შორის. მუცელზე იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე.
- 15და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ.”
- 16და უთხრა დედაკაცს: “გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობის ჟამს და ტკივილში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე.”
- 17და ადამს უთხრა: “რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ნაყოფი ხისა, რომელზეც გითხარი, რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე.
- 18და ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ, და ჭამდე მინდვრის ბალახს.
- 19შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები.”
- 20და უწოდა ადამმა თავის დედაკაცს სახელად ევა, რადგან ის უნდა გამხდარიყო დედა ყოველი ცოცხალისა.
- 21და გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი.
- 22და თქვა უფალმა ღმერთმა: “ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი სიკეთისა და ბოროტის შეცნობაში. ახლა არ გაიწოდოს ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფი, რომ არ გახდეს უკვდავი”.
- 23და გაიყვანა უფალმა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან სამუშაოდ მიწაზე, რომლისგანაც იყო იგი აღებული.
- 24და გააძევა მან ადამი და ედემის ბაღის აღმოსავლეთით დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისაკენ მიმავალი გზის დასაცავად.
იტვირთება შემდეგი თავი