დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1და ადამმა შეიცნო ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: “უფლის წყალობით შემეძინა კაცი.”
- 2და შემდგომ შვა აბელი, ძმა მისი. და გახდა აბელი მწყემსი, ხოლო კაენი მიწის მუშაკი.
- 3და გავიდა ხანი და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს.
- 4ასევე აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან. და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
- 5და კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა, და ძალზე ეწყინა კაენს, და მოეღუშა სახე.
- 6და ჰკითხა უფალმა კაენს: “რა გეწყინა? რად მოგიღუშავს სახე?
- 7თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, მაშინ კარებთან დაგელოდება შენი ცოდვა. და შენკენ იქნება მისი სწრაფვა, მაგრამ შენ იბატონებ მასზე.”
- 8და ელაპარაკა კაენი აბელს, თავის ძმას, როცა ისინი ველად იყვნენ და აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა იგი.
- 9და ჰკითხა უფალმა კაენს: “სად არის შენი ძმა აბელი?” და უპასუხა მან: “არ ვიცი. განა მე ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
- 10და უთხრა უფალმა: “ეს რა ჰქენი! შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან!
- 11ამიერიდან წყეული იყავ შენ მიწისაგან, რომელმაც გახსნა თვისი პირი შენი ძმის სისხლის შენი ხელიდან მისაღებად.
- 12რადგან დაამუშავებ მიწას, ის კი არ მოგცემს შენ ძალას. მოხეტიალე და მაწანწალა იქნები მიწაზე!”
- 13და უთხრა კაენმა უფალს: “დიდია ცოდვა ჩემი, მიუტევებელია!
- 14მაძევებ დღეს მე პირისაგან მიწისა და შენი პირისაგან, დავიმალები და ვიქნები მოხეტიალე და მაწანწალა მიწაზე; და ყოველი მნახველი ჩემი მომკლავს მე.”
- 15და თქვა უფალმა: “ყოველი მკვლელი კაენისა შვიდგზის იქნება შურისგებული.” და დაადვა უფალმა ნიშანი კაენს, რომ არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს.
- 16და გასცილდა კაენი უფლის პირს და დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
- 17და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, და იგი დაორსულდა და შვა ხანოქი. და გააშენა მან ქალაქი და უწოდა სახელი ამ ქალაქს, როგორც თავის ძეს, ხანოქი.
- 18და შვა ხანოქმა ყირადი, და ყირადმა შვა მეხუაელი, და მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
- 19და მოიყვანა ლამექმა თავისთვის ორი ცოლი: სახელი ერთისა იყო ყადა, ხოლო მეორისა - ცილა.
- 20და ეყოლა ყადას იაბალი. იგი იყო კარვებში მკვიდრთა და მეჯოგეთა მამა.
- 21და მის ძმას ერქვა იუბალი. იგი იყო მამა ყველა მეჩანგეთა და მესტვირეთა.
- 22და ცილამ, აგრეთვე, უშვა თუბალ-კაენი, მჭედელი სპილენძისა და რკინის ყოველგვარი საჭურვლისა. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.
- 23და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: “ყადა და ცილა, მისმინეთ მე! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი! რადგან მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა საგვემელად.
- 24თუ კაენისთვის შვიდგზის იქნება შურისგებული, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის!”
- 25და კვლავ შეიცნო ადამმა თავისი დედაკაცი. და შვა ვაჟი და უწოდა მას შეთი, რადგან, როგორც ევამ თქვა: “აღმიდგინა მე ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად.”
- 26და შეთსაც შეეძინა ძე, და უწოდა მას სახელად ენოში. და მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
იტვირთება შემდეგი თავი