დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 23
- 1იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი. ეს არის სარას სიცოცხლის წლები.
- 2და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყში, ეს არის ხებრონი, ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
- 3და აბრაამი მოსცილდა თავის მკვდარს და უთხრა ხეთელებს:
- 4“მდგმური ვარ და ხიზანი მე თქვენთან. მომეცით მე საკუთარი სამარხი ადგილი თქვენს შორის, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი ჩემს თვალთაგან.”
- 5და მიუგეს ხეთის ძეებმა აბრაამს და უთხრეს:
- 6“ისმინე, ჩვენო ბატონო: ღვთის მთავარი ხარ შენ ჩვენს შორის! ჩვენ რჩეულ სამარხში დამარხე შენი მკვდარი, ჩვენგან არავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.”
- 7და ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ ქვეყნის ხალხს, ხეთის შვილებს.
- 8და უთხრა მან მათ: “თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონს, ცოხარის ძეს,
- 9და მან მომცეს მახფელას მღვიმე, რომელიც მისი მინდვრის ბოლოზეა. სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, საკუთრად დასამარხავად.”
- 10და ყეფრონი იჯდა ხეთის ძეთა შორის. და მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის გასაგონად, და უთხრა:
- 11“არა, ბატონო ჩემო, ისმინე ჩემი: მინდორს გაძლევ, და მღვიმეც, რომელიც იქაა, შენთვის მომიცია. ჩემი ხალხის წინაშე გჩუქნი მას, რომ დამარხო შენი მკვდარი.”
- 12და თაყვანი სცა აბრაამმა ამ ქვეყნის ხალხს.
- 13და ელაპარაკა ყეფრონს ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად: “იქნებ მოგესმინა ჩემთვის. ვერცხლს გაძლევ მინდვრისათვის; აიღე ჩემგან და დავმარხავ ჩემს მკვდარს იქ.
- 14და მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა მას:
- 15“ჩემო ბატონო, მოისმინე! ოთხასი შეკელი ღირს მიწა. რა არის იგი ჩემსა და შენს შორის? დამარხე შენი მკვდარი!”
- 16და როცა აბრაამმა ეს გაიგონა, მიუწონა ყეფრონს ვერცხლი, როგორც ხეთელთა გასაგონად თქვა, ისე - ოთხასი შეკელი ვერცხლი, სავაჭრო მაზანდით.
- 17და დაუმტკიცდა მას ყეფრონისეული მინდორი, რომელიც იყო მახფელაში, მამრეს პირისპირ, და მღვიმე, რომელიც იყო იქ, და ყოველი ხე, რომელიც იყო იმ მინდორზე ირგვლივ, მთელს მის საზღვრებში,
- 18შეიძინა აბრაამმა საკუთრებად, ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის თვალწინ.
- 19და ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს პირისპირ (ეს არის ხებრონი), ქანაანის ქვეყანაში.
- 20და დაუმტკიცდა აბრაამს ხეთის ძეთაგან მინდორი და მღვიმე, რომელიც იყო იქ, სამარხად.
იტვირთება შემდეგი თავი