დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: “აბრაამ!” და თქვა: “აქა ვარ!”
- 2და უთხრა მან: “აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი.”
- 3და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა.
- 4მესამე დღეს აღაპყრო აბრაამმა თვალი და დაინახა შორიდან ის ადგილი.
- 5და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: “თქვენ დარჩით აქ, სახედართან, მე და ბიჭი კი წავალთ და როდესაც თაყვანს ვცემთ, დავბრუნდებით თქვენთან.”
- 6და აიღო აბრაამმა შეშა სრულადდასაწველისათვის და აჰკიდა ზურგზე ისაკს, თავის ძეს, და აიღო ხელში ცეცხლი და დანა. და ორივენი წავიდნენ ერთად.
- 7და უთხრა ისაკმა თავის მამას აბრაამს: “მამა!” აბრაამმა მიუგო: “აქა ვარ, შვილო!” და თქვა: “აჰა, ცეცხლი და შეშა აქ არის, სადაა კრავი სრულადდასაწველად?”
- 8და უთხრა აბრაამმა: “ღმერთი გამონახავს თავისთვის კრავს სრულადდასაწველად, შვილო.” და ორივენი მიდიოდნენ ერთად.
- 9და როცა მივიდნენ იმ ადგილას, რომელზეც მას უთხრა ღმერთმა, ააშენა იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისაკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშებს ზემოთ.
- 10და გაიწოდა ხელი, და აიღო დანა თავისი ძის დასაკლავად.
- 11და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და თქვა: “აბრაამ! აბრაამ!” და მან უპასუხა: “აქა ვარ!”
- 12და თქვა: “არ აღმართო შენი ხელი ამ ყრმაზე და არაფერი უყო მას, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ჩემთვის შენი ძე, შენი ერთადერთი.”
- 13და აღაპყრო აბრაამმა თვალი და იხილა ვერძი, რომელიც რქებით იყო გახლართული ბუჩქნარში. და წავიდა აბრაამი და აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავისი ძის ნაცვლად.
- 14და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად “უფალი გამოაჩენს,” როგორც ითქმის დღეს: “მთაზე უფალი გამოჩნდა.”
- 15უფლის ანგელოზმა მეორედ მოუხმო ზეციდან აბრაამს.
- 16და უთხრა: “გეფიცები, ბრძანებს უფალი, რადგან გააკეთე შენ ეს საქმე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი,
- 17ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.
- 18და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა.”
- 19და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან, და ადგნენ და წავიდნენ ერთად ბეერ-შებაყისაკენ. და სახლობდა აბრაამი ბერშებაყში.
- 20და ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაამს: “მილქამაც უშვა ძენი ნახორს, შენს ძმას:
- 21ყუცი, მისი პირმშო, და ბუზი, მისი ძმა, კემუელი, არამის მამა,
- 22ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი.”
- 23ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ უშვა ეს რვა ვაჟი ნახორს, აბრაამის ძმას.
- 24და მის ხარჭას, სახელად რეუმს, ასევე ეყოლა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
იტვირთება შემდეგი თავი