დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1და უფალმა მოხედა სარას, როგორც თქვა, და გააკეთა უფალმა სარასთვის, როგორც ამბობდა.
- 2და დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, სწორედ იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
- 3და აბრაამმა უწოდა ისაკი თავის ძეს, შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
- 4და წინადაცვითა აბრაამმა რვა დღის ისაკი, თავისი ძე, როგორც უთხრა მას ღმერთმა.
- 5და აბრაამი იყო ასი წლის, როდესაც შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე.
- 6და თქვა სარამ: “სასაცილო გამხადა მე უფალმა. ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.”
- 7და თქვა: “ვინ ეტყოდა აბრაამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებდა ძუძუს? რადგან ვშობე სიბერის ძე.”
- 8და გაიზარდა ბავშვი, და მოსხლიტეს იგი ძუძუს. და აბრაამმა დიდი ნადიმი გამართა იმ დღეს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს.
- 9და იხილა სარამ, რომ ძე ეგვიპტელი ჰაგარისა, რომელიც მან უშვა აბრაამს, დასცინოდა.
- 10და უთხრა მან აბრაამს: “გააძევე ეს მხევალი თავისი ძითურთ, რომ არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან, ისაკთან.”
- 11და შეაწუხა დიდად აბრაამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
- 12და უთხრა ღმერთმა აბრაამს: “ნუ სწუხხარ ყრმაზე და შენს მხევალზე. რასაც გეტყვის სარა, ისმინე მისი ხმა, რადგან ისაკით იწოდება შენი თესლი.
- 13და ამ მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ის შენი თესლია.”
- 14და ადგა აბრაამი დილაადრიანად, აიღო პური და წყლის ტიკი და მისცა ჰაგარს, და აჰკიდა ზურგზე და ბავშვიანად გაუშვა. და წავიდა იგი და გზა დაებნა ბეერ-შებაყის უდაბნოში.
- 15და გაუთავდა წყალი ტიკჭორაში, და მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
- 16და წავიდა და დაჯდა მოშორებით, საისრე მანძილზე, რადგან თქვა: ნუმც დავინახო ბავშვის სიკვდილიო. და დაჯდა მოშორებით, და აღიმაღლა ხმა და აქვითინდა.
- 17და ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა, და მოუწოდა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს ზეციდან და ჰკითხა: “რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა იქიდან, სადაც ის იმყოფება.
- 18ადექ, ააყენე ყრმა და ხელი მოჰკიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.”
- 19და აუხილა ღმერთმა თვალები, და დაინახა მან წყლიანი ჭა, და წავიდა და აავსო ტიკჭორა წყლით, და დაალევინა თავის ყრმას.
- 20და იყო ღმერთი ყრმასთან, და გაიზარდა იგი და ცხოვრობდა უდაბნოში, და შეიქმნა მშვილდოსანი.
- 21და ცხოვრობდა იგი ფარანის უდაბნოში, და მოუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
- 22და მოხდა იმ დროს: აბრაამს ელაპარაკნენ აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი, და უთხრეს: “ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც შენ აკეთებ,
- 23და ახლა დამიფიცე აქ ღმერთით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს ნაშიერთ და არც ჩემს მონაგარს. მადლისამებრ, როგორც მე გექცეოდი, ისე მომექეცი მე და იმ ქვეყანას, რომელშიც შენ ხიზნობ.”
- 24და უთხრა აბრაამმა: “გეფიცები!”
- 25და უსაყვედურა აბრაამმა აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიიტაცეს აბიმელექის მსახურებმა.
- 26და უთხრა აბიმელექმა: “არ ვიცი, ვინ ქნა ეს საქმე, და შენც არ გითქვამს ჩემთვის, და მეც არაფერი მსმენია დღემდე.”
- 27და აიყვანა აბრაამმა ცხვარი და ზვარაკი და მისცა აბიმელექს, და ორივემ შეკრა კავშირი.
- 28და დააყენა აბრაამმა შვიდი კრავი ცალკე,
- 29და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: “რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომელნიც დააყენე ცალკე?”
- 30და მან უპასუხა: “რადგან ამ შვიდ კრავს შენ მიიღებ ჩემი ხელიდან, რაც იქნება ჩემთვის იმის მოწმობად, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა.”
- 31ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან იქ დაიფიცა ორივემ.
- 32და შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში, და აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.
- 33და დარგო იალღუნი აბრაამმა ბეერ-შებაყში, და იქ მოუხმო მან უფლის, საუკუნო ღმერთის სახელს.
- 34და ხიზნობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი.
იტვირთება შემდეგი თავი