დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1და გაემგზავრა აბრაამი ნეგების ქვეყნისაკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, გერარში.
- 2და თქვა აბრაამმა თავის ცოლზე, სარაზე, რომ მისი და იყო იგი და გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, და თავისთან მოაყვანინა სარა.
- 3და მოევლინა აბიმელექს სიზმარში ღმერთი და უთხრა მას: “აჰა, შენ მკვდარი ხარ იმ ქალის გულისათვის, რომელიც მოიყვანე, რადგან ის ქმრიანია!”
- 4მაგრამ აბიმელექი არ მიჰკარებია მას და ამიტომ თქვა: “ბატონო, ნუთუ მართალ ხალხსაც გაწყვეტ?
- 5ხომ მითხრა მან ‘ჩემი და არისო?’ და ქალმაც თვითონ თქვა ‘ჩემი ძმა არისო!’ ჩემი გულწრფელობითა და უდანაშაულო ხელით ჩავიდინე ეს.”
- 6და უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: “მეც ვიცი, რომ გულწრფელობით ჩაიდინე ეს, და მეც განგარიდე ჩემს წინაშე ცოდვისაგან. ამიტომ არ მიგაკარე მას!
- 7და ახლა დაუბრუნე ცოლი ამ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია ის, და ილოცებს შენთვის, და იცოცხლებ. და თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, ნამდვილად მოკვდებით შენ და შენთან ერთად ყველა შენიანი.”
- 8და ადგა აბიმელექი დილაადრიანად და მოიწვია ყველა თავისი მსახური, და გაიმეორა ყველა ეს სიტყვა მათ გასაგონად, და შეშინდნენ კაცები დიდად.
- 9და მოიხმო აბიმელექმა აბრაამი, და უთხრა მას: “ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!”
- 10და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: “რა გქონდა განზრახული, ეს საქმე რომ ჩაიდინე?”
- 11და უპასუხა აბრაამმა: “მეგონა, არ იყო ღვთის შიში ამ მხარეში, და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო.
- 12ის კი მართლაც ჩემი და არის, რადგან ასულია მამაჩემისა, თუმცა დედაჩემის ასული არ არის. და გახდა ჩემი ცოლი.
- 13და როცა ღმერთმა გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი მას: “ეს იქნება შენი მადლი, რომელსაც იზამ ჩემთვის ყოველ უცხო ადგილას, სადაც კი მივალთ. თქვი ჩემზე: ‘ჩემი ძმა არის-თქო’”.
- 14და მოასხა აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი, და მისცა აბრაამს, და თან დაუბრუნა მას სარა, მისი ცოლი.
- 15და უთხრა აბიმელექმა: “აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გნებავს, იქ დასახლდი.”
- 16და სარას უთხრა: “აჰა, მივეცი შენს ძმას ათასი შეკელი ვერცხლი. ეს გქონდეს ყველასათვის თვალის ასაფარებლად, ვინც შენთანაა, და ყველას წინაშე გამართლებული ხარ.”
- 17და შეევედრა აბრაამი ღმერთს და განკურნა ღმერთმა აბიმელექი და მისი ცოლი, და მისი მხევალნი, და კვლავ შობდნენ ისინი.
- 18რადგან დახშული ჰქონდა უფალს აბიმელექის სახლში ყოველი საშო აბრაამის ცოლის, სარას, გამო.
იტვირთება შემდეგი თავი