დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1და მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ჟამს, და ლოტი კი იჯდა სოდომის კარიბჭესთან. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და სცა თაყვანი მიწამდე.
- 2და თქვა: “ჩემო ბატონებო! შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში და გაათიეთ ღამე. და დილაადრიან დაიბანთ ფეხს და წახვალთ თქვენი გზით!” და უთხრეს: “არა! მოედანზე გავათევთ ღამეს.”
- 3დიდად ეხვეწა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს მასთან, და შევიდნენ მასთან სახლში. და გაუმართა მათ ნადიმი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს.
- 4ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელები გარშემოერტყნენ სახლს. ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად.
- 5და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს მას: “სად არიან კაცები, რომელნიც შენთან მოვიდნენ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რომ შევიცნოთ ისინი.”
- 6და გარეთ გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიკეტა კარი,
- 7და თქვა: “ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას.
- 8აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი. გამოვიყვან მათ თქვენთან, და უყავით მათ, რაც გენებოთ. მხოლოდ ამ კაცებს ნურაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსული!”
- 9და უთხრეს: “მოშორდი აქედან!” და კვლავ უთხრეს: “უცხო ვინმე მოსულხარ აქ ხიზნად, და სამართალს სჯი? ახლა შენ მათზე უარესს დაგმართებთ!” და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა.
- 10მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და მიიკეტეს კარები.
- 11ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, სიბრმავე დაატეხეს, პატარიდან დიდამდე, და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში.
- 12და ლოტის სტუმრებმა ჰკითხეს მას: “კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძენი - ყველა, ვინც შენი ახლობელია ამ ქალაქში, გაიყვანე აქედან,
- 13რადგან გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, რადგან ამაღლდა მათზე ღაღადი უფლის წინაშე, და მოგვავლინა ჩვენ უფალმა მის გასანადგურებლად.”
- 14და გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სიძეებს, მისი ასულების მთხოვნელთ, და უთხრა: “ადექით, გადით ამ ადგილიდან, რადგან უფალი განადგურებას უპირებს მას.” და სასაცილო შეიქნა იგი თავის სიძეთა თვალში.
- 15და როგორც კი ინათა, ანგელოზებმა ააჩქარეს ლოტი ამ სიტყვებით: “ადექ, წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, აქ რომ არიან, რათა არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოებაში.”
- 16მაგრამ აყოვნებდა და იმ კაცებმა ჩასჭიდეს ხელი მას, მის ცოლს და მის ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და გაიყვანეს იგი ქალაქის გარეთ.
- 17და როცა გამოიყვანეს ისინი გარეთ, უთხრა: “გადაირჩინე შენი სული, ნუ მიიხედავ უკან და ნუ გაჩერდები ამ არემარეზე! მთას შეეფარე, რომ არ დაიღუპო!”
- 18და უთხრა მათ ლოტმა: “არა, ბატონო!
- 19რადგან ჰპოვა თქვენმა მსახურმა წყალობა შენს თვალში და დიდია შენი წყალობა, რომელიც მიიღეთ ჩემზე ჩემი სულის გადასარჩენად, ვერ შევეფარები მთას: ვაითუ, გადავაწყდე უბედურებას, და მოვკვდე!”
- 20აჰა, ეს ქალაქი ახლოსაა გასაქცევად, და თან პატარაც არის. იქ შევაფარებ თავს, რადგან ის პატარაა და ცოცხალი გადავრჩები.”
- 21და უთხრა მას: “ამაშიც გაპატიებ, და არ დავამხობ ამ ქალაქს, რომელზეც თქვი.
- 22იჩქარე, თავი შეაფარე იქ, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” და ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი (პატარა).
- 23და ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოყარს,
- 24და აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან, ციდან სოდომსა და გომორას.
- 25და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქისა და ყოველი მცენარე მიწისა.
- 26და მოიხედა უკან მისმა ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.
- 27და ადგა აბრაამი დილაადრიანად და წავიდა იმ ადგილას, სადაც იდგა ის უფლის წინაშე.
- 28და როცა გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ, დაინახა: მთელს არემარეს ასდიოდა კვამლი მიწიდან, როგორც კვამლი ქურისა.
- 29და როცა ამხობდა ღმერთი იმ არემარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი, და გაარიდა ლოტი დაქცევიდან, როცა სპობდა ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.
- 30და წავიდა ლოტი ცოყარიდან, და დასახლდა მთაში თავის ორ ასულთან ერთად, რადგან ეშინოდა ცოყარში ცხოვრებისა. და დასახლდა მღვიმეში თავის ორ ასულთან ერთად.
- 31და უთხრა უფროსმა ასულმა უმცროსს: “მოხუცია მამაჩვენი, და არ არის ქვეყანაზე მამაკაცი, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
- 32მოდი, შევასვათ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ და დავწვეთ მასთან, და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.”
- 33და შეასვეს ღვინო თავიანთ მამას იმ ღამეს, და მივიდა უფროსი და დაუწვა თავის მამას. და არაფერი გაუგია ლოტს, არც მისი დაწოლა და არც მისი ადგომა.
- 34და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: “აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩვენთან. შევასვათ მას ღვინო ამაღამაც. და მიდი, დაუწექი მას, და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.”
- 35და შეასვეს ღვინო თავიანთ მამას იმ ღამესაც, და მივიდა უმცროსი და, და დაუწვა თავის მამას, და არაფერი გაუგია ლოტს, არც მისი დაწოლა და არც მისი ადგომა.
- 36და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავიანთი მამისაგან.
- 37და ეყოლა უფროსს ძე და უწოდა მას სახელად მოაბი და თქვა: ჩემი მამისაგან იგი გახდა მოაბელთა მამა.
- 38და უმცროსსაც ეყოლა ძე, და უწოდა სახელად ბენ-ყამი და თქვა: ძე ჩემი მოდგმისა. იგი გახდა ყამონელთა მამა.
იტვირთება შემდეგი თავი