დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1და გამოეცხადა უფალი მას მამრეს მუხასთან, როდესაც ის შუადღის ხვატში იჯდა თავისი კარვის წინ.
- 2და აღაპყრო მან თვალი და დაინახა, რომ სამი კაცი დგას მის ახლოს. და როცა დაინახა ისინი, გაიქცა მათ შესახვედრად კარვის შესასვლელიდან და თაყვანი სცა მათ მიწამდე.
- 3და თქვა: “ბატონო, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
- 4და მოიტანენ ცოტა წყალს და დაგბანენ ფეხს, და დაისვენეთ ხის ქვეშ.
- 5და გამოგიტანთ მცირეოდენ პურს, და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით. რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს.” და უთხრეს: “ისე გააკეთე, როგორც თქვი.”
- 6და ისწრაფა აბრაამმა კარვისაკენ სარასთან, და უთხრა: “იჩქარე: სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები გამოაცხვე.”
- 7ნახირისკენ გაიქცა აბრაამი და აიყვანა ჩვილი და საღი ხბო, და მისცა იგი თავის მსახურს, და მანაც სწრაფად მოამზადა იგი.
- 8აიღო კარაქი და რძე, და ხბო, რომელიც მოამზადა, და მიართვა მათ. ხოლო თვითონ იდგა მათ გვერდით, ხის ქვეშ, როცა ისინი ჭამდნენ.
- 9და ჰკითხეს მას: “სად არის სარა, შენი ცოლი?” და მან უპასუხა: “აჰა, კარავშია.”
- 10შემდეგ უთხრა მას ერთმა მათგანმა: “გაისად ამდროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან. და ეყოლება ძე სარას, შენს ცოლს.” და სარას ესმოდა ეს კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
- 11და აბრაამი და სარა იყვნენ ხანში, წლებში შესულნი. და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
- 12და გულში გაეცინა სარას და თქვა: “რაღაი დავბერდი, რა სიამე მექნება? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
- 13და უთხრა უფალმა აბრაამს: “რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ, ამ მოხუცობისას?’
- 14განა უფლისთვის შეუძლებელია რამე? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან, გაისად, და სარას ეყოლება ძე.”
- 15და უარყო სარამ და თქვა: “არ გამიცინია,” რადგან შეეშინდა. და უპასუხეს მას: “არა, შენ გაიცინე!”
- 16და ადგნენ იქიდან ეს კაცები, და მიაპყრეს მზერა სოდომისაკენ. და აბრაამი გაჰყვა მათ გასაცილებლად.
- 17და თქვა უფალმა: “დავუფარო აბრაამს, რასაც ვაპირებ,
- 18და აბრაამი რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი, და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი?
- 19რადგან ამოვირჩიე, რომ ამცნოს თავის ძეებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, რომ დაიცვან გზა უფლისა, ქმნან სიმართლე და სამართალი, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეპირდა.”
- 20და თქვა უფალმა: “გამრავლდა ღაღადი სოდომზე და გომორაზე, და დიდად მძიმეა მათი ცოდვები.”
- 21ჩავალ და ვნახავ, ნამდვილად ისე იქცევიან, როგორც ღაღადია მათზე. თუ არა და, შევიტყობ.”
- 22და გაემართნენ ეს კაცები იქიდან, და წავიდნენ სოდომს. და აბრაამი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე.
- 23და მიეახლა აბრაამი და უთხრა: “ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
- 24ეგების იყოს ორმოცდაათი მართალი ამ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს იქ მყოფი ორმოცდაათი მართლისათვის?
- 25შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მოკლა მართალი უკეთურთან ერთად, და იყოს მართალი უკეთურივით! შორს შენგან! მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა არ გააჩინოს სამართალი?”
- 26და უთხრა უფალმა: “თუ ვპოვებ სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, შევუნდობ მათ გამო მაშინ მაგ ადგილს.”
- 27და მიუგო მას აბრამმა: “აჰა, გავბედე ლაპარაკი ჩემს ბატონთან მე, მტვერმა და ნაცარმა.
- 28იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ხუთისათვის დაღუპავ მთელ ქალაქს?” და უთხრა მას უფალმა: “არ დავღუპავ, თუ ვპოვებ იქ ორმოცდახუთს!”
- 29და კვლავ განაგრძო მასთან ლაპარაკი, და თქვა: “იქნებ იქ ორმოცი აღმოჩნდეს?” და თქვა: “არ ვიზამ ამას ორმოცისთვისაც.”
- 30და თქვა აბრაამმა: “ნუ განრისხდება ბატონი, იქნებ იქ ოცდაათი აღმოჩნდეს?” და თქვა: “არ ვიზამ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს.”
- 31და კვლავ უთხრა მას: “აჰა, გავბედე ლაპარაკი ბატონთან: იქნებ აღმოჩნდეს იქ ოცი?” და თქვა: “არ დავღუპავ ოცისათვის.”
- 32და თქვა: “ნუ განრისხდება ჩემი ბატონი, და ერთხელაც ვიტყვი: “იქნებ აღმოჩნდეს იქ ათი კაცი?” და უთხრა მას: “არც ათისთვის არ დავღუპავ.”
- 33და წავიდა უფალი, როგორც კი დაასრულა აბრაამთან ლაპარაკი და აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილზე.
იტვირთება შემდეგი თავი