დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 25
- 1და კიდევ მოიყვანა აბრაამმა ცოლი და მისი სახელი იყო კეტურა.
- 2და მან უშვა მას: ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
- 3და იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმინი
- 4და ძენი მიდიანისა: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი იყვნენ.
- 5და მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი ქონება.
- 6ხოლო თავის შვილებს, რომლებიც ხარჭასგან ჰყავდა, მისცა აბრაამმა საჩუქრები და გაუშვა ისინი თავისი ძის, ისაკისაგან შორს, თავის სიცოცხლეშივე, აღმოსავლეთის ქვეყანაში.
- 7ეს არის აბრაამის სიცოცხლის წლები: ას სამოცდათხუთმეტი წელი.
- 8და გარდაიცვალა აბრაამი კეთილ სიბერეში, მოხუცებული და დღეებით გამაძღარი. და შეეძინა ის თავის ხალხს.
- 9და დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე, რომელიც მდებარეობს მამრეს პირისპირ,
- 10მინდორზე, რომელიც ხეთის ძეთაგან იყიდა აბრაამმა. იქ დაიმარხნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი.
- 11და აკურთხა აბრაამის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა ისაკი, მისი ძე. და დასახლდა ისაკი ბეერლახაი-როისთან.
- 12ესაა შთამომალობა ისმაელისა, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა მას, სარას, ეგვიპტელმა მხევალმა ჰაგარმა.
- 13ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთ მოდგმათა მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, შემდეგ კედარი, ყაბდეელი და მიბსამი,
- 14მიშმაყი, დუმა, მასა,
- 15ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
- 16და ესენი იყვნენ ძენი ისმაელისა, და ეს იყო სახელები მათი მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი მათი ტომების მიხედვით.
- 17და ისმაელმა იცოცხლა ას ოცდაჩვიდმეტი წელი და გარდაიცვალა, და შეეძინა თავის ხალხს.
- 18ისინი სახლობდნენ ხავილადან შურამდე, რომელიც ეგვიპტის პირისპირ, აშურის მიმართულებით იყო. და ისინი ყველა თავისი ძმის წინაშე დაეშენენ.
- 19და აჰა, შთამომავლობა ისაკისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისაკი.
- 20და ისაკი იყო ორმოცი წლისა, როცა შეირთო ცოლად რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა, ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
- 21და ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
- 22მაგრამ ეხლებოდნენ ძენი ერთმანეთს მის მუცელში, და მან თქვა: “თუ ასე უნდა ვიყო, რად დავორსულდი?” და წავიდა უფალთან საკითხავად.
- 23და უთხრა მას უფალმა: “ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი გაიყრება შენი საშოდან. და ერი ერს აღემატება და უფროსი უმცროსს დაემონება.
- 24და როდესაც დადგა ჟამი როცა მას უნდა ეშვა, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
- 25და გამოვიდა პირველი: მთლად წითური, როგორც ბეწვის მოსასხამი და უწოდეს მას სახელად ესავი.
- 26და მერე გამოვიდა მისი ძმა, რომელიც ხელით ებღაუჭებოდა ესავის ქუსლს. და უწოდეს მას სახელად იაკობი. და ისაკი სამოცი წლისა იყო, როდესაც ისინი დაიბადნენ.
- 27და წამოიზარდნენ ყმაწვილები. და ესავი გახდა მონადირე და ველად ხეტიალობდა. და იაკობი იყო სათნო კაცი და არ შორდებოდა კარვებს.
- 28და უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევში პოულობდა გემოს. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
- 29მოამზადა იაკობმა შეჭამადი. და მოვიდა ველიდან ესავი და დაღლილი იყო.
- 30და უთხრა ესავმა იაკობს: “მაჭამე ეგ წითელი შეჭამადი, რადგან დაღლილი ვარ.” (და ამიტომ ეწოდა მას სახელად ედომი.)
- 31და უთხრა იაკობმა: “მომყიდე დღეს შენი პირმშოობა.”
- 32და თქვა ესავმა: “აჰა, ვკვდები, რად მინდა პირმშოობა?”
- 33და უთხრა მას იაკობმა: “შემომფიცე მე დღეს” და მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოობა.
- 34და იაკობმა მისცა ესავს პური და ოსპის შეჭამადი, და ჭამა და სვა, და ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოობა.
იტვირთება შემდეგი თავი