დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 26
- 1და ჩამოვარდა შიმშილობა ქვეყანაში იმ ადრინდელი შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაამის დღეებში იყო. და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
- 2და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: “ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დარჩი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
- 3ხიზნობდე იმ ქვეყანაში, და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს თესლს მოგცემთ მთელ ამ ქვეყანას, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაშენს.
- 4და გავამრავლებ შენს თესლს, ვითარცა ვარსკვლავებს ცისას, და მივცემ შენს თესლს მთელს იმ ქვეყანას. და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყოველი ტომი,
- 5რადგან ისმინა აბრაამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი დასაცველი, ჩემი ბრძანებები, ჩემი წესები და ჩემი რჯულდებები.”
- 6და ცხოვრობდა ისაკი გერარში.
- 7და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მის ცოლზე, და მან უთხრა, რომ მისი და იყო. რადგან ეშინოდა, რომ ეთქვა, ჩემი ცოლი არისო, რადგან ფიქრობდა, აქაურ ხალხს შეუძლიათ მომკლანო რებეკას გულისთვის; რადგან რებეკა დიდად მშვენიერი იყო.
- 8და იყო იქ მრავალი დღე. და გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და დაინახა, რომ ელაღობებოდა ისაკი რებეკას, თავის ცოლს.
- 9და მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: “აჰა, ცოლია ის შენი! რატომ თქვი: ჩემი და არისო?” და უთხრა მას ისაკმა: “იმიტომ, რომ მეშინოდა მის გამო არ მოვმკვდარიყავი!”
- 10და უთხრა აბიმელექმა: “ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი ხალხიდან, და მოაწევდი ცოდვას ჩვენზე!”
- 11და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს და თქვა: “ვინც შეეხება ამ კაცს ან მის ცოლს, სიკვდილით მოკვდება.”
- 12და დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმავე წელიწადს. რადგან აკურთხა იგი უფალმა.
- 13და განდიდდა ეს კაცი, და მაღლდებოდა უფრო და უფრო, ვიდრე არ განდიდდა დიდად.
- 14და ჰყავდა მას ცხვრის ფარა და ხარების ჯოგი, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
- 15და ყოველი ჭა, რომელიც კი ამოთხარეს მამამისის მსახურებმა აბრაამის სიცოცხლის დღეებში, ფილისტიმელებმა დაქოლეს და მიწით ამოავსეს.
- 16და უთხრა აბიმელექმა ისაკს: “წადი ჩვენგან, რადგან ჩვენზე მეტად გაძლიერდი.”
- 17და წავიდა ისაკი იქიდან, და დაბანაკდა გერარის ხეობაში, და იქ ცხოვრობდა.
- 18და კვლავ ამოთხარა ისაკმა წყლის ჭები, რომელნიც ამოთხარეს მამამისის, აბრაამის დღეებში, და დაქოლეს ისინი ფილისტიმელებმა მისი სიკვდილის შემდეგ. და უწოდა მათ ის სახელები, რომელნიც უწოდა მათ მამამისმა.
- 19და თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში, და აღმოაჩინეს ცოცხალი წყლის ჭა.
- 20და დაობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან და ამბობდნენ: “წყალი ჩვენ გვეკუთვნის!” და მან უწოდა ჭას სახელად ყესეკი, რადგან დაობდნენ მასთან.
- 21და ამოთხარეს სხვა ჭა და მასზედაც დაობდნენ; ამიტომ უწოდა მას სახელად სიტნა.
- 22და გადაინაცვლა იქიდან, და ამოთხარა სხვა ჭა, და მასზე არ შედავებიან. ამიტომ უწოდა სახელად მას რეხობოთი და თქვა: “ამიერიდან გაგვაფართოვა ჩვენ უფალმა და გავმრავლდით ქვეყანაზე.”
- 23და იქიდან წავიდა ბეერ-შებაყში.
- 24და გამოეცხადა მას უფალი იმ ღამით, და უთხრა: “მე ვარ აბრაამის, მამაშენის, ღმერთი, და ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ და გაკურთხებ, და გაგიმრავლებ თესლს აბრაამის, ჩემი მსახურის, გამო.”
- 25და ააშენა იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. და გაშალა იქ თავისი კარავი, და ამოთხარეს იქ ჭა ისაკის მსახურებმა.
- 26და მივიდა აბიმელექი მასთან გერარიდან, და მასთან ერთად ახუზათი, მისი მეგობარი, და ფიქოლი, მისი მთავარი.
- 27და უთხრა მათ ისაკმა: “რისთვის მოხვედით ჩემთან, ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?”
- 28და უთხრეს: “ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ უფალია შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და დავდებთ კავშირს შენთან,
- 29რომ არ გვიბოროტო, რადგან ჩვენ არ დაგვიჩაგრიხარ, მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის, და მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ შენ.”
- 30და გაუმართა ნადიმი მათ ისაკმა, და ჭამეს და სვეს.
- 31და ადგნენ დილაადრიანად, და შეჰფიცეს ერთმანეთს. და გაუშვა ისინი ისაკმა, და წავიდნენ მისგან მშვიდობით.
- 32და იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და აუწყეს ჭის შესახებ, რომელიც მათ ამოთხარეს, და უთხრეს: “წყალი ვიპოვეთ”
- 33და უწოდა მას შებაყი. ამიტომ დარჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი.
- 34და იყო ესავი ორმოცი წლისა, და მოიყვანა ცოლებად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.
- 35და გაუმწარეს მათ სული ისაკს და რებეკას.
იტვირთება შემდეგი თავი