დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 27
- 1და იყო, რომ როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: “შვილო ჩემო!” და მან უთხრა: “აქა ვარ.”
- 2და თქვა: “აჰა, მოვხუცდი მე, და არ ვუწყი ჩემი სიკვდილის დღე.
- 3და ახლა აიღე შენი საჭურველი, და შენი მშვილდ-ისარი, და გადი ველად და მოინადირე ჩემთვის რაიმე ნადირი
- 4და მოამზადე ჩემთვის კერძი, რომელიც მიყვარს მე და მომიტანე, რომ შევჭამო, რათა გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, სანამ მოვკვდებოდე.”
- 5და ესმოდა რებეკას, როცა ელაპარაკებოდა ისაკი ამ სიტყვებს ესავს, თავის ძეს. და გავიდა ესავი ველად სანადიროდ, ნანადირევის მოსატანად.
- 6ხოლო რებეკამ უთხრა იაკობს, თავის ძეს: “მე მოვისმინე, როგორ ელაპარაკებოდა მამაშენი ესავს, შენს ძმას:
- 7‘მომიტანე ნანადირევი და მომიმზადე კერძი და შევჭამ, რომ გაკურთხო უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.’
- 8და ახლა, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი ხმა, როგორც გიბრძანებ:
- 9წადი და მომიყვანე იქიდან ორი კარგი თიკანი, და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, როგორც მას უყვარს.
- 10და მიართვი შენს მამას და ჭამოს, რათა გაკურთხოს შენ თავისი სიკვდილის წინ.”
- 11და უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: “ესავი, ძმა ჩემი, ბანჯგვლიანი კაცია, მე კი სლიქინა კანი მაქვს.
- 12რომ შემახოს ხელი მამაჩემმა, ხომ ვიქნები მის თვალში მატყუარა. და მოვაწევ ჩემს თავზე წყევლას და არა კურთხევას.”
- 13და უთხრა მას დედამ: “ჩემზე იყოს შენი წყევლა, შვილო ჩემო. მაგრამ ისმინე ჩემი ხმა და წადი და მომიტანე.”
- 14და იგი წავიდა, და აიყვანა, და მოჰგვარა დედას. და მოამზადა დედამისმა კერძი ისე, როგორც მამამისს უყვარდა.
- 15და აიღო რებეკამ თავისი უფროსი ძის, ესავის ძვირფასი სამოსელი, რომელიც მასთან იყო სახლში, და შემოსა იაკობი, თავისი უმცროსი ძე.
- 16თიკნების ტყავები შემოახვია მის ხელებსა და შიშველ კისერს.
- 17და მისცა კერძი და პური, რომელიც მოამზადა, ხელში იაკობს, თავის ძეს.
- 18და მივიდა იგი მამასთან და უთხრა: “მამაჩემო!” და მან უთხრა: “აჰა, მე ვარ; რომელი ხარ, ჩემო შვილო?”
- 19და იაკობმა უთხრა მამამისს: “მე ვარ ესავი, შენი პირმშო; მე გავაკეთე შენი ბრძანებისამებრ. ადექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს მე შენმა სულმა.”
- 20და უთხრა ისაკმა თავის ძეს: “რა მალე მოგინადირებია, შვილო?” და თქვა: “იმარ რომ უფალმა, შენმა ღმერთმა, შემახვედრა.”
- 21და უთხრა ისაკმა იაკობს: “მომეახლე, რომ ხელი შეგახო შვილო ჩემო, ნუთუ შენ ხარ ძე ჩემი ესავი?”
- 22და მიეახლა იაკობი ისაკს, თავის მამას, და შეახო ხელი მან, და თქვა: “ხმა, ხმა იაკობისაა, ხელები კი ხელები ესავისა.”
- 23და ვერ იცნო იგი, რადგან მისი ხელი ბალნიანი იყო, როგორც ხელი ესავისა, მისი ძმისა. და აკურთხა იგი.
- 24და თქვა: “მაშ შენა ხარ ჩემი ძე ესავი?” მან უპასუხა: “მე ვარ!”
- 25და უთხრა მან: “მომაწოდე, შვილო ჩემო, ნანადირევი საჭმელად, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა.” და მიართვა მან მას, და ჭამდა ის; და მიუტანა მას ღვინოც, და სვამდა ის.
- 26და უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: “მომეახლე და მეამბორე მე, შვილო.”
- 27და მიეახლა და ეამბორა მას. და როცა იყნოსა მან სუნი მისი სამოსისა, აკურთხა იგი და თქვა: “შეხედე, სუნი ჩემი ძისა, როგორც სუნი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა.
- 28მოგცეს შენ ღმერთმა ცის ცვრისაგან და მიწის სინოყივრისაგან უხვი ხორბალი და ღვინო;
- 29და გმონებდნენ შენ ხალხები, და თაყვანს გცემდნენ ტომები. იყავი ბატონი შენი ძმებისა, და თაყვანს გცემდნენ შენ ძენი დედაშენისა. მაწყევარი შენი წყეულიმც იყოს და მაკურთხეველი შენი კურთხეულ იყოს.
- 30და როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, და იაკობი ჯერ არ წასულიყო, მოვიდა ესავი, მისი ძმა, ნადირობიდან.
- 31და მანაც მოამზადა გემრიელი საჭმელი და მიართვა მამამისს, და უთხრა: “ადექი მამაჩემო და ჭამე შენი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა.”
- 32და უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: “ვინ ხარ შენ?” და თქვა: “მე ვარ შენი ძე, შენი პირმშო, ესავი.”
- 33და შეძრწუნდა ისაკი ძალზე დიდი ძრწოლით და თქვა: “ის მონადირე ვინღა იყო, ვინც მოინადირა და მომართვა თავისი ნანადირევი? მე უკვე ვჭამე, და თან ვაკურთხე იგი, ვიდრე შენ მოხვიდოდი, ისიც კურთხეული იქნება!”
- 34და როცა მოისმინა ესავმა თავისი მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: “მეც მაკურთხე, მამაჩემო.”
- 35და უთხრა მან: “ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა.”
- 36და თქვა მან: “ამიტომ ეწოდა მას სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ წამაბორძიკა მე: ჯერ პირმშოობა წამართვა და ახლა კი ჩემი კურთხევა წაურთმევია!” და ჰკითხა: “ნუთუ არ შეგინახავს კურთხევა ჩემთვის?”
- 37და უთხრა ისაკმა ესავს: “შენს ბატონად დავაყენე იგი და ყველა მისი ძმა მივეცი მას მსახურად. და განვამტკიცე იგი ხორბლით და ღვინით. შენ რაღა გიყო, შვილო?”
- 38და უთხრა ესავმა თავის მამას: “მამაჩემო, განა მხოლოდ ერთი კურთხევა გაქვს? მაკურთხე მეც, მამაჩემო!” და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა და ატირდა.
- 39და მიუგო ისაკმა, მამამისმა: “ნოყიერი მიწისგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი და შორს ცის ცვარისგან.
- 40და შენი მახვილით ცხოვრობდე და შენს ძმას ემსახურებოდე, და იქნება რომ წინ აღუდგები მას და ჩამოიხსნი მის უღელს შენი ქედიდან.”
- 41და შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისათვის, რომლითაც იგი აკურთხა მამამისმა. და თქვა ესავმა თავის გულში: “ახლოვდება დღენი მამაჩემის გლოვისა და მოვკლავ მაშინ ჩემს ძმას, იაკობს.”
- 42და ეუწყა რებეკას სიტყვები ესავისა, თავისი უფროსი ძისა. და მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს, და უთხრა: “აჰა, ესავს, შენს ძმას სურს გული მოიოხოს შენი მოკვლით!
- 43და ახლა, შვილო, მისმინე მე და გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან, ხარანში.
- 44და დარჩი მასთან რამოდენიმე ხანს, ვიდრე დაცხრება შენი ძმის გულისწყრომა,
- 45და რომ დაცხრება რისხვა შენი ძმისა და დაივიწყებს, რაც უყავი მას, გამოვგზავნი ვინმეს და წამოგიყვან იქიდან, რად დაგღუპოთ ორივენი ერთ დღეს?”
- 46და უთხრა რებეკამ ისაკს: “მომბეზრდა სიცოცხლე ხეთელ ასულთა გამო. თუ იაკობი ხეთელ ასულს მოიყვანს ცოლად, როგორც ესენი არიან, რაღად მინდა მე სიცოცხლე?”
იტვირთება შემდეგი თავი