დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 28
- 1და მოუხმო ისაკმა იაკობს და აკურთხა იგი, და ამცნო მას და უთხრა: “ცოლი ქანაანის ასულთაგან არ მოიყვანო.
- 2წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში, და იქიდან აირჩიე შენთვის ცოლად ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგან.
- 3და ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს შენ, განაყოფიეროს და შენგან წარმოიქმნას მრავალრიცხოვანი ხალხები.
- 4და მოგცეს შენ აბრაამის კურთხევა, შენ და შენს თესლს შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.
- 5და გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელ ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.
- 6და დაინახა ესავმა, რომ ისაკმა აკურთხა იაკობი და გაუშვა ის შუამდინარეთში ცოლის შესართავად, და ამცნო და უთხრა მისი კურთხევისას: “არ მოიყვანო ცოლად ქანაანის ასულთაგან.”
- 7და გაუგონა იაკობმა თავის მამასა და თავის დედას, და წავიდა შუამდინარეთში.
- 8და ისიც დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა ისაკს, მამამისს ქანაანის ასულები.
- 9და წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა მახალათი, ასული ისმაელისა, აბრაამის ძისა, დაი ნებაიოთისა, თავისთვის ცოლად, თავისი ცოლების გარდა.
- 10და დატოვა იაკობმა ბეერ-შებაყი და წავიდა ხარანს.
- 11და მიადგა ერთ ადგილს, სადაც დარჩა ღამის გასათევად. რადგან მზე უკვე ჩაესვენა. აიღო იმ ადგილის ქვათაგან და დაიდო სასთუმლად, და დაწვა იმ ადგილას დასაძინებლად.
- 12და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თავი სწვდებოდა ცას. და ღვთის ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე.
- 13და უფალი იდგა მასზე ზემოთ და ამბობდა: “მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, მე მოგცემთ შენ და შენს თესლს.
- 14და იქნება შენი თესლი, როგორც ქვიშა მიწისა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. და იკურთხება შენით და შენი შთამომავლობით ყოველი ტომი მიწისა.
- 15მე შენთან ვარ, და დაგიცავ ყველგან, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, რადგან არ მიგატოვებ, ვიდრე არ გავაკეთებ იმას, რაც გითხარი.”
- 16და როცა გაიღვიძა იაკობმა ძილიდან, თქვა: “ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!”
- 17და შეეშინდა და თქვა: “რა თავზარდამცემია ეს ადგილი! რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე.”
- 18და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ.
- 19და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი. ადრე კი იმ ქალაქს სახელად ერქვა ლუზი.
- 20და აღუთქვა იაკობმა აღთქმა ამ სიტყვებით: “თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიცავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს - შესამოსად,
- 21და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,
- 22და ეს ქვა, რომელიც აღვმართე ძეგლად, იყოს ღვთის სახლი, და ყოველთაგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.”
იტვირთება შემდეგი თავი