დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 29
- 1და კვლავ დაადგა იაკობი გზას და წავიდა აღმოსავლეთისაკენ.
- 2და მიმოიხედა და დაინახა ჭა ველზე, და ეყარა მასთან სამი ცხვრის ფარა, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარებს. და დიდი ქვა ეფარა ჭას თავზე.
- 3და იკრიბებოდა იქ ყველა ფარა; გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს. და შემდეგ კვლავ აბრუნებდნენ ქვას თავის ადგილზე, ჭის პირზე.
- 4და უთხრა მათ იაკობმა: “ჩემო ძმებო, საიდან ხართ თქვენ?” და თქვეს: “ხარანიდან ვართ!”
- 5და უთხრა: “თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს?” და თქვეს: “კარგად ვიცნობთ.”
- 6და უთხრა მათ: “მშვიდობითაა?” და თქვეს: “მშვიდობით არის. აჰა, რახელი, მისი ასული, მიერეკება ცხვარს.
- 7და მან თქვა: “ჯერ კიდევ დიდია დღე: დრო არაა ცხვრის შეკრებისა. ასვით წყალი და წაასხით საძოვრად.”
- 8თქვეს: “ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიკრიბება და არ გადმოაცურებენ ქვას ჭის პირიდან; და მაშინ ვასმევთ წყალს ჩვენს ცხვარს.”
- 9იგი ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ რახელი მოვიდა თავისი მამის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყესავდა ცხვარს.
- 10და როცა დაინახა იაკობმა რახელი, ლაბანის, თავისი დედის ძმის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა და გადააგორა ქვა ჭის პირიდან, და ასვა წყალი თავისი ბიძის ცხვარს.
- 11და აკოცა იაკობმა რახელს, და ხმამაღლა ატირდა.
- 12და ამცნო იაკობმა რახელს, რომ იგი მისი მამის დის, რებეკას, შვილი იყო. და გაიქცა რახელი და ამცნო თავის მამას.
- 13და როცა მოისმინა ლაბანმა ამბავი იაკობისა, თავისი დისწულისა, წამოვიდა მის შესახვედრად და გადაეხვია მას, და წაიყვანა იგი თავის სახლში. და მან მოუთხრო ლაბანს მთელი ეს ამბავი.
- 14და უთხრა მას ლაბანმა: “მართლა ჩემი ძვალთაგანი და ჩემი ხორცთაგანი ხარ შენ!” - და დარჩა მასთან იაკობი ერთი თვე.
- 15შემდეგ უთხრა ლაბანმა იაკობს: “მუქთად ხომ არ უნდა მემსახურო, რაკი ჩემი ნათესავი ხარ? მითხარი, რა არის შენი საზღაური?”
- 16და ჰყავდა ლაბანს ორი ასული, უფროსს ერქვა სახელად ლეა, ხოლო უმცროსს - რახელი.
- 17და სუსტი თვალები ჰქონდა ლეას, ხოლო რახელი იყო ლამაზი ტანად და მშვენიერი სახით.
- 18და შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა: “შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისათვის.”
- 19და თქვა ლაბანმა: “უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვა კაცს. დარჩი ჩემთან.”
- 20და შვიდი წელი ემსახურებოდა იაკობი რახელისათვის. და ერთ დღედ მოეჩვენა ეს დრო, ისე უყვარდა იგი.
- 21და უთხრა იაკობმა ლაბანს: “მომეცი ჩემი ცოლი, რადგან შევასრულე ჩემი დღეები და შევალ მასთან.”
- 22და შეკრიბა ლაბანმა მთელი იქაური ხალხი და გამართა ნადიმი.
- 23საღამოჟამს აიყვანა ლაბანმა ლეა, თავისი ასული, და შეიყვანა ის იაკობთან. და შევიდა ის მასთან.
- 24და მისცა მას ლაბანმა ზილფა, მისი მხევალი ლეას მხევლად.
- 25და ნახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან, და უთხრა ლაბანს: “ეს რა მიყავი? განა რახელისთვის არ გემსახურე? რად მომატყუე?”
- 26და ლაბანმა უთხრა მას: “ასე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ უმცროსი გავათხოვოთ უფროსზე ადრე.
- 27გაასრულე ეს შვიდეული და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რომელსაც შეასრულებ მომავალ შვიდ წელიწადში.”
- 28და იაკობიც ასე მოიქცა: გაასრულა ის შვიდეული და მან მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად.
- 29და მისცა ლაბანმა რახელს, თავის ასულს, მხევლად ბილჰა, თავისი მხევალი.
- 30და შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც უყვარდა ლეაზე მეტად. და ემსახურებოდა ლაბანს კიდევ შვიდ წელიწადს.
- 31და როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო.
- 32და დაორსულდა ლეა, და ეყოლა მას ძე, და უწოდა მას სახელად რეუბენი, რადგან თქვა: “დაინახა უფალმა ჩემი ტანჯვა, და შემიყვარებს ახლა ჩემი ქმარი.”
- 33და კვლავ დაორსულდა, და შობა ძე და თქვა: “დაინახა უფალმა, რომ მოძულებული ვარ და მომცა ეს ძეც.” და უწოდა მას სახელად სიმონი.
- 34და დაორსულდა კვლავ, და შობა ძე, და თქვა: “ამიერიდან შემომეხვევა ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას სამი ძე.” და უწოდა მას სახელად ლევი.
- 35და კვლავ დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: “ამიერიდან ვმადლობ უფალს.” ამიტომ უწოდა მას სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.
იტვირთება შემდეგი თავი