დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 30
- 1და დაინახა რახელმა, რომ ვერ უშვა იაკობს, და შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: “მომეცი შვილები. თუ არა და, მოვკვდები.”
- 2და განურისხდა იაკობი რახელს და თქვა: “ღვთის მაგიერი ხომ არა ვარ, რომელმაც აღკვეთა შენგან მუცლის ნაყოფი?”
- 3და უთხრა მან იაკობს: “აჰა, მხევალი ჩემი ბილჰა, შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე, და მეც გავშვილიანდები მისგან.”
- 4და მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად, და შევიდა იაკობი მასთან.
- 5და დაორსულდა ბილჰა და უშვა იაკობს ძე.
- 6და თქვა რახელმა: “განმსაჯა მე ღმერთმა, შეისმინა ხმა ჩემი და მომცა მე ძე.” ამიტომ უწოდა მან სახელად დანი.
- 7და კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და უშვა მეორე ძე იაკობს.
- 8და თქვა რახელმა: “მაგარი ჭიდილით შევეჭიდე ჩემს დას, თითქოს ღმერთს ვეჭიდებოდი, და ვძლიე კიდეც.” და უწოდა მას სახელად ნაფთალი.
- 9და დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა, და აიყვანა ზილფა, თავისი მხევალი, და მისცა იგი იაკობს ცოლად.
- 10და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობს.
- 11და თქვა ლეამ: “ბედნიერად.” და უწოდა მას სახელად გადი.
- 12და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, მეორე ძე იაკობს.
- 13და თქვა ლეამ: “ნეტარად მიმიჩნევენ მე ასულნი.” და უწოდა მას სახელად აშერი.
- 14და წავიდა რეუბენი პურის მკის დღეებში და იპოვა მინდორში მანდრაგორები, და მიართვა ისინი თავის დედას. და უთხრა რახელმა ლეას: “მომეცი მე შენი ძის მანდრაგორების ნაწილი.”
- 15და უთხრა მან: “არ გეყო, რომ ქმარი წამართვი და ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?” და უთხრა მას რახელმა: “ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, შენი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.”
- 16და როცა დაბრუნდა იაკობი ველიდან საღამოჟამს, გავიდა ლეა მის შესახვედრად და უთხრა: “შემოდი ჩემთან, რადგან გიყიდე შენ ჩემი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.” და დაწვა მასთან იგი იმ ღამეს.
- 17და უსმინა ღმერთმა ლეას და დაორსულდა, და უშვა მეხუთე ძე იაკობს.
- 18და თქვა ლეამ: “მომცა ღმერთმა საზღაური, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს.” და უწოდა მას სახელად ისაქარი.
- 19და კვლავ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ძე.
- 20და თქვა ლეამ: “კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა. ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე ვუშვი მას.” და უწოდა მას სახელად ზებულუნი.
- 21და შემდეგ შვა ასული და უწოდა მას სახელად დინა.
- 22და გაიხსენა ღმერთმა რახელი და ისმინა ღმერთმა მისი ვედრება და გახსნა მისი საშო.
- 23და დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: “ამაშორა ღმერთმა შერცხვენას.”
- 24და უწოდა მას სახელად იოსები, და თქვა: “სხვა ძესაც შემძენს უფალი!”
- 25და მას შემდეგ, რაც შვა რახელმა იოსები, უთხრა იაკობმა ლაბანს: “გამიშვი, რომ ჩემს მხარეში წავიდე.
- 26მომეცი ჩემი ცოლები და ჩემი შვილები, რომელთათვისაც გემსახურე, რომ წავიდე, რადგან შენ იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე.”
- 27და უთხრა მას ლაბანმა: “ნეტავ ვპოვო მადლი შენს თვალში. მივხვდი მე, რომ მაკურთხა უფალმა შენს გამო.”
- 28და თქვა: “დაინიშნე შენთვის საზღაური ჩემგან, და მოგცემ.”
- 29და უთხრა მას იაკობმა: “შენ იცი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი საქონელი ჩემი ზრუნვით.
- 30რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და გაგიმრავლდა. და გაკურთხა შენ უფალმა ჩემს ფეხზე. და როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის?”
- 31თქვა: “რა მოგცე?” და თქვა იაკობმა: “ნუ მომცემ ნურაფერს, თუ გამიკეთებ იმ საქმეს, რასაც გეტყვი, კვლავ დავმწყევსავ შენს ფარებს და დავიცავ მას.
- 32მე დღეს გავივლი მთელ შენს ფარაში. და განაშორე იქიდან ყოველი დაწინწკლული და ჭრელი ცხვარი, და ყოველი წაბლისფერი ცხვარი, და ჭრელი და დაწინწკლული თხა. და ეს იქნება ჩემი საზღაური.
- 33და მიპასუხოს მე ჩემმა სიმართლემ ხვალინდელ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი საზღაური შენს წინაშე: ყოველი, რომელიც არ იყოს დაწინწკლული და ჭრელი თხათა შორის და წაბლისფერი ცხვართა შორის, ნაქურდალად ჩაითვალოს ჩემგან.”
- 34და თქვა ლაბანმა: “კეთილი, შენი სიტყვისამებრ იყოს.”
- 35და განაშორა იმ დღეს ზოლიანი და ჭრელი ვაცები, და ყველა დაწინწკლული და ჭრელი დედალი თხა, და ყველა, რომელზეც იყო ცოტაოდენი თეთრი, და ყოველი წაბლისფერი ცხვართა შორის, და მისცა თავის ვაჟებს.
- 36და დაცილდა ლაბანი სამი დღის სავალზე იაკობს, რომელიც მწყესავდა ლაბანის დანარჩენ ფარას.
- 37და აიღო იაკობმა თავისთვის ალვისხის, ნუშისა და წაბლის ხეთა ნედლი წნელები, და შემოჭრა მათზე თეთრი ზოლები, შემოაცალა რა მათ ქერქი.
- 38და დაჭრელებული წნელები ჩააწყო წყლის გეჯებში, სადაც მიდიოდა ცხვარი წყლის დასალევად, და ისინი ხურდებოდნენ, როდესაც მიდიოდნენ წყლის სასმელად.
- 39და ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და შობდნენ ცხვრები ზოლებიან ბატკნებს, დაწინწკლულებსა და ჭრელებს.
- 40და გამოყო კრავები იაკობმა, და დააყენა ლაბანის ფარა ზოლიანი და წაბლისფერი ფარის პირდაპირ. და განალაგა თავისი სამწყსო ცალკე და არ დატოვა იგი ლაბანის ფარასთან.
- 41და ჯანსაღი ფარის ახურებისას ცხვრის თვალწინ ჩაყრიდა ხოლმე იაკობი წნელებს გეჯებში, რომ წნელებთან აეხურებინა ისინი.
- 42და როცა სუსტი იყო ფარა, არ ყრიდა. და ლაბანს რჩებოდა სუსტი, იაკობს კი ჯანსაღი.
- 43და დიდად გამდიდრდა ეს კაცი, და გაუჩნდა მრავალი ცხვარი, მხევლები და მსახურები, ჯორი და აქლემი.
იტვირთება შემდეგი თავი