დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 32
- 1და წავიდა იაკობი თავისი გზით და შემოხვდნენ მას ღვთის ანგელოზები.
- 2და თქვა იაკობმა, როცა იხილა ისინი: “ღვთის ბანაკია ეს,” და უწოდა იმ ბანაკს სახელად მახანაიმი.
- 3და გაგზავნა იაკობმა თავის წინაშე მოციქულნი თავისი ძმის, ესავისაკენ, რომელიც ცხოვრობდა სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე.
- 4და უბრძანა მათ და უთხრა: “ასე უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: “თქვა მსახურმა შენმა იაკობმა: ‘ლაბანთან ვცხოვრობდი მე და შემაგვიანდა აქამდე.
- 5და მყავს მე ხარები და სახედრები, ცხვარი და მსახურნი და მხევალნი, და ვაუწყებ ჩემს ბატონს, რომ მინდა ვპოვო მადლი შენს თვალში.’”
- 6და დაბრუნდნენ მოციქულნი იაკობთან და აუწყეს: “მივედით შენს ძმასთან, ესავთან და ისიც წამოვიდა შენს შესახვედრად, და ოთხასი კაცი ახლავს თან.”
- 7და დიდად შეეშინდა იაკობს, და შეშფოთდა, და გაყო ხალხი, რომელიც მას ახლდა, აგრეთვე ცხვარი და ძროხა და აქლემები ორ ბანაკად.
- 8და თქვა იაკობმა: “თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს, მაშინ მეორე გადარჩება.”
- 9და თქვა იაკობმა: “ჩემი მამის, აბრაამის ღმერთო, და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: ‘დაუბრუნდი შენს სანათესაოს და შენს ქვეყანას, და სიკეთეს გიყოფ,’
- 10ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მსახურს რომ უყავი, რადგან მხოლოდ ჩემი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორი ბანაკი გავხდი.
- 11მიხსენ მე ჩემი ძმის ხელიდან, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია მისი, ვაითუ მოვიდეს და მომკლას მე, და დედები შვილებთან ერთად.
- 12შენ კი ნათქვამი გაქვს: ‘სიკეთეს გიყოფ და გავხდი შენს თესლს ზღვის ქვიშასავით, რომელიც არ აღირიცხება სიმრავლის გამო.’”
- 13და გაათია იქ ღამე. და გამოარჩია თავისი ქონებიდან საჩუქარი ესავისათვის, თავისი ძმისათვის:
- 14ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ცხვარი და ოცი ვერძი,
- 15ოცდაათი მეწველი აქლემი თავისი კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.
- 16და მისცა თავის მსახურებს ცალკე ჯოგებად და უთხრა თავის მსახურებს: “იარეთ ჩემს წინ და დატოვეთ მანძილი ჯოგსა და ჯოგს შორის.”
- 17და უბრძანა პირველს და უთხრა: “როცა შეგხვდეს ესავი, ჩემი ძმა, და გკითხოს, ვისი ხარ და საით მიხვალ, და ვისია ეს სამწყსოო,
- 18უთხარი: ‘იაკობისაა, შენი მსახურისა, გამოგზავნილი ძღვნად ჩემი ბატონის, ესავისათვის, და ისიც ჩვენს უკანაა.’”
- 19და ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც მიდიოდა სამწყსოს უკან: “ასე უთხარით ესავს, როცა შეხვდებით მას:
- 20‘აჰა, შენი მსახური იაკობიც ჩვენს უკანაა,’” რადგან ფიქრობდა: “ძღვენით, რომელიც ჩემს წინ მიდის, დავაცხრობ მის რისხვას, და მერე ვიხილავ მის სახეს, ეგების შემიწყნაროს.”
- 21და მიდიოდა მისი ძღვენი მის წინ; ის კი იმ ღამეს ბანაკში ათევდა.
- 22და ადგა იმავე ღამეს და აიყვანა თავისი ორი ცოლი, თავისი ორი მხევალი და თავისი თერთმეტი ძე და გადავიდა იაბოკის ფონზე.
- 23და წაიყვანა ისინი და გადაიყვანა ხევზე, და გადაიტანა, რაც კი ებადა.
- 24და უკან მობრუნდა იაკობი მარტო. და შეებრძოლა მას კაცი განთიადამდე.
- 25და როცა დაინახა, რომ ვერ სძლევდა მას, შეეხო იგი მისი ბარძაყის სახსარს, და ეღრძო თეძოს სახსარი იაკობს მასთან ბრძოლისას.
- 26და იმ კაცმა უთხრა: “გამიშვი, რადგან გათენდა.” და უთხრა იაკობმა: “არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ.”
- 27და უთხრა მან მას: “რა გქვია შენ?” მან უპასუხა: “იაკობი.”
- 28და ჰკითხა მან: “ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ებრძოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!”
- 29შეევადრა და ჰკითხა მას იაკობმა: “მითხარი შენი სახელი.” და მიუგო მან: “რად კითხულობ ჩემს სახელს?” და იქვე აკურთხა იგი.
- 30და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენიელი, რადგან თქვა: “ვიხილე ღმერთი პირისპირ, და გადარჩა ჩემი სული.”
- 31და ამოუბრწყინდა მას მზე, როგორც კი განვლო მან ფენუელი. და კოჭლობდა იგი თეძოთი.
- 32ამიტომ არ ჭამენ ისრაელიანები დღემდე მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან შეეხო ანგელოზი იაკობის სახსარს თეძოს ძარღვზე.
იტვირთება შემდეგი თავი