დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 33
- 1და აღაპყრო იაკობმა თვალი, დაინახა მისკენ მომავალი ესავი, რომელსაც ოთხასი კაცი ახლდა. და გაანაწილა იაკობმა ბავშვები ლეასა და რახელს, და ორ მხევალს შორის.
- 2და წინ დააყენა მხევალნი და მათი შვილები, ლეა და მისი ბავშვები მათ უკან დააყენა, ხოლო რახელი და იოსები სულ ბოლოს.
- 3თავად კი მათ წინ წავიდა, და ვიდრე მიუახლოვდებოდა თავის ძმას, თაყვანი სცა მას შვიდჯერ მიწამდე.
- 4და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად და გადაეხვია მას, შემოეხვია კისერზე და ეამბორა მას, და ორივენი ატირდნენ.
- 5და აღაპყრო თვალი და დაინახა ქალები და ბავშვები, და თქვა: “ვინ არიან ესენი შენი?” და თქვა: “შვილები, რომლებიც უწყალობა ღმერთმა შენს მსახურს.”
- 6და მიეახლნენ მხევალნი და მათი შვილები, და თაყვანი სცეს მას.
- 7და მიეახლა ლეაც თავისი შვილებითურთ და თაყვანი სცეს. და შემდეგ მიეახლნენ რახელი და იოსები, და თაყვანი სცეს.
- 8და თქვა: “რა არის მთელი ეს ბანაკი, რომელსაც მე შევხვდი?” და თქვა იაკობმა: “რათა ვპოვო მადლი ჩემი ბატონის თვალში!”
- 9და თქვა ესავმა: “მე საკმარისი მაქვს, ძმაო, რაც შენია, შენთანვე იყოს!”
- 10თქვა იაკობმა: “არა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი ჩემი ხელიდან, რადგან დავინახე შენი სახე, თითქოს დამენახოს სახე ღვთისა, და კეთილად შემხვდი.
- 11და მიიღე ჩემი მოსაკითხი, რომელიც მოგეძღვნა შენ, რადგან შემიწყალა მე ღმერთმა და ყველაფერი მაქვს.” და დაიყოლია იგი და მანაც მიიღო.
- 12და თქვა ესავმა: “დავიძრათ და წავიდეთ, და მე წავალ შენს წინ.
- 13და უთხრა მას: “იცის ჩემმა ბატონმა, რომ ბავშვები სათუთნი არიან და ჩემი ცხვარ-ძროხა მეწველია. და თუ მათ ერთ დღეს წავასხამთ, მაშინ მთელი სამწყსო გამიწყდება.
- 14იაროს ჩემმა ბატონმა თავისი მსახურის წინ, მე კი წამოვალ ნელა, სამწყსოს სვლით, რომელიც ჩემს წინაა, და ბავშვთა სვლით, ვიდრე მივიდოდე ჩემს ბატონთან სეყირში.”
- 15და თქვა ესავმა: “მოგიჩენ შენ იმ ხალხიდან, რომელიც მახლავს.” და უთხრა იაკობმა: “რა საჭიროა ეს? ოღონდ კი ვპოვო მადლი ჩემი ბატონის თვალში.”
- 16და დაბრუნდა ესავი იმავე დღეს თავისი გზით სეყირისაკენ,
- 17იაკობი კი დაიძრა სუქოთისაკენ და აიგო თავისთვის სახლი, და თავის სამწყსოსაც გაუკეთა ჩალურები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.
- 18და მივიდა იაკობი მშვიდობით ქალაქ შექემში, რომელიც მდებარეობს ქანაანის ქვეყანაში, შუამდინარეთიდან მისი მოსვლისას, და დაიბანაკა ქალაქის წინ.
- 19და იყიდა მინდვრის ნაკვეთი, სადაც გაშალა თავისი კარავი, შექემის მამის, ხამორის, ძეებისაგან ას კესიტად.
- 20და აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას ელი, ღმერთი ისრაელისა.
იტვირთება შემდეგი თავი