დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 34
- 1და გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან უშვა იაკობს, იმ ქვეყნის ასულთა სანახავად.
- 2და დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, და წაიყვანა ის, და დაწვა მასთან ძალით.
- 3და მიეკრო სული მისი დინას, იაკობის ასულს, და შეუყვარდა ყმაწვილი ქალი, და მის გულს ელაპარაკა.
- 4და უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: “ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი!”
- 5და იაკობმა გაიგო, რომ წაბილწეს დინა, მისი ასული. მაგრამ რაკი მისი ძენი მინდვრად იყვნენ საქონელში, გაჩუმებული იყო მათ მოსვლამდე.
- 6და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
- 7და როცა იაკობის ვაჟებმა ეს გაიგეს, მოვიდნენ მინდვრიდან; ძლიერ განრისხებული და შეწუხებული იყვნენ კაცები, რადგან სისაძაგლე გაუკეთა მან ისრაელს იაკობის ასულთან დაწოლით; არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
- 8და ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: “შექემმა, ჩემმა ძემ, შეიყვარა თქვენი ასული მთელი თავისი სულით. და მიეცით იგი მას ცოლად.
- 9და დაგვიმოყვრდით ჩვენ: მოგვეცით თქვენი ასულები, ჩვენი ასულები კი თქვენ წაიყვანეთ.
- 10ჩვენთან დასახლდით, და იყოს ეს ქვეყანა თქვენს წინაშე, და დასახლდით და ივაჭრეთ, და დაისაკუთრეთ.”
- 11და უთხრა შექემმა მის მამასა და მის ძმებს: “ოღონდ კი ვპოვო მადლი თქვენს თვალში და, რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
- 12დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, და მოგცემთ, როგორც დამაკისრებთ, ოღონდ მომეცით ეს ყმაწვილი ქალი ცოლად.”
- 13და ელაპარაკნენ იაკობის ძეები შექემს და მის მამას, ხამორს მზაკვრულად, რადგან შებილწეს დინა, მათი და.
- 14და უთხრეს მათ: “არ შეგვიძლია ამ საქმის გაკეთება, რომ მივცეთ ჩვენი და წინადაუცვეთელ კაცს, რადგან სამარცხვინო იქნებოდა ეს ჩვენთვის.
- 15მხოლოდ იმ პირობით დაგეთანხმებით, თუ გახდებით ჩვენსავით და ყოველი თქვენი მამაკაცი წინადაიცვეთს.
- 16და მოგცემთ ჩვენს ასულებს, და ჩვენც მოვიყვანთ თქვენს ასულებს, და დავსახლდებით თქვენთან და გავხდებით ერთი ხალხი.
- 17და თუ არ გაგვიგონებთ ჩვენ, რომ წინადაიცვითოთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ.”
- 18და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
- 19და არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან ეტრფოდა იგი იაკობის ასულს. და იყო იგი ყველაზე პატივდებული თავისი მამის სახლში.
- 20და მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, თავიანთი ქალაქის კარიბჭესთან, და ელაპარაკნენ თავიანთი ქალაქის მცხოვრებლებს და უთხრეს:
- 21“ეს კაცები მშვიდობიანად არიან ჩვენდამი: დასახლდებიან და ივაჭრებენ აქ. ეს ქვეყანა გაშლილია მათ წინაშე. მათი ასულნი მოვიყვანოთ ჩვენთვის ცოლებად და ჩვენი ასულნი მივცეთ მათ ცოლებად.
- 22და მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ეს კაცები ჩვენთან დასახლებას და ერთ ხალხად ყოფნას, თუ წინადაიცვეთს ჩვენში მთელი მამროვანი ისე, როგორც თავად არიან წინადაცვეთილები.
- 23და მათი სამწყსო და მთელი მათი ქონება და მთელი მათი საქონელი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ მათ და ჩვენთან დასახლდებიან.”
- 24და გაუგონეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომსვლელმა. და წინადაიცვითა მთელმა მამროვანმა, მისი ქალაქის კარიბჭიდან გამომსვლელმა.
- 25და მესამე დღეს, როცა სტკიოდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ძემ: სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს ხელში მახვილი, მამაცად მივიდნენ ქალაქში და ამოხოცეს მთელი მამროვანი.
- 26ხამორი და მისი ძე შექემიც მოკლეს მახვილით და წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან.
- 27და ძენი იაკობისა მივიდნენ დახოცილებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და.
- 28და წამოასხეს მათი საქონელი და სახედარნი, რაც ქალაქსა და მინდორში იყო.
- 29და მთელი მათი დოვლათი, და ყოველი მათი ბავშვი, და მათი ცოლები დაატყვევეს და წაართვეს ყოველივე, რაც ჰქონდათ სახლებში.
- 30და უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: “დამღუპეთ მე, რომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მცხოვრებლებს - ქანაანელებსა და ფერიზელებს. ცოტა ხალხი მყავს, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომსპობენ. და გავნადგურდები მე და ჩემი სახლიც, ჩემთან ერთად.”
- 31მათ თქვეს: “ის კი შეიძლებოდა, მეძავივით რომ მოექცნენ ჩვენს დას?”
იტვირთება შემდეგი თავი