დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 35
- 1და უთხრა ღმერთმა იაკობს: “ადექი, ადი ბეთელს და იქ დასახლდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა ესავს, შენს ძმას, გაექეცი.”
- 2და უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც იყვნენ მასთან: “მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენში რომ არის, და განიწმიდენით, და გამოიცვალეთ თქვენი სამოსელი.
- 3და ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში, და ავუგებ იქ სამსხვერპლოს ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს, და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე.”
- 4და მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთები, რომლებიც კი ჰქონდათ, და აგრეთვე საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და ჩაფლა ისინი იაკობმა მუხის ქვეშ, შექემთან რომ არის.
- 5და აიყარნენ ისინი. და ღვთის შიში იყო ირგვლივ მდებარე ქალაქებზე, და არ დაედევნენ უკან იაკობის ძეებს.
- 6და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, ანუ ბეთელში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია.
- 7და ააშენა იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა მას ღმერთი, როცა გაურბოდა ის თავის ძმას.
- 8და მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დაიმარხა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ, რომელსაც უწოდეს ალონ-ბაქუთი.
- 9და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი,
- 10და უთხრა მას ღმერთმა: “შენი სახელი არის იაკობი, მაგრამ აღარ გერქვას იაკობი, რადგან ისრაელი იქნება შენი სახელი!” ასე ეწოდა მას სახელად ისრაელი.
- 11და უთხრა მას ღმერთმა: “მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი, ინაყოფიერე და გამრავლდი. ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან წარმოსდგებიან მეფენი შენი საზარდულიდან.
- 12და ქვეყანას, რომელიც მივეცი მე აბრაამსა და ისაკს, მოგცემთ შენ და შენს თესლს, შენს შემდეგ.”
- 13და ამაღლდა მისგან ღმერთი იმ ადგილიდან, საიდანაც ელაპარაკებოდა მას.
- 14და აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილზე, სადაც ელაპარაკა ის მას, ძეგლი ქვისა. და დაღვარა მასზე საღვრელი და დაასხა მას ზეთი.
- 15და უწოდა იაკობმა სახელად იმ ადგილს, სადაც ელაპარაკებოდა მას ღმერთი, ბეთელი.
- 16და აიყარნენ ისინი ბეთელიდან. და მცირე მანძილიღა იყო ეფრათამდე, რომ შვა რახელმა. და გაუძნელდა მას მშობიარობა.
- 17და როცა გაუჭირდა მშობიარობისას, უთხრა მას ბებია ქალმა: “ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს.”
- 18და ვიდრე სული ამოხდებოდა, რადგან სიკვდილის პირას იყო, უწოდა ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა.
- 19და მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათას გზაზე, ბეთლემში.
- 20და იაკობმა აღმართა ძეგლის სვეტი მის სამარხზე. ის სამარხის სვეტი დღესაც იქაა.
- 21და აიყარა ისრაელი და გაშალა თავისი კარავი გედერის გოდლის იქით.
- 22და მოხდა, რომ როცა ისრაელი ქვეყანაში ცხოვრობდა, რეუბენი შევიდა ბილჰასთან, თავისი მამის ხარჭასთან. და გაიგო ეს ისრაელმა. და ჰყავდა იაკობს თორმეტი ძე.
- 23ძენი ლეასაგან: იაკობის პირმშო რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულუნი.
- 24ძენი რახელისაგან: იოსები და ბენიამინი.
- 25ძენი ბილჰასგან, რახელის მხევლისაგან: დანი და ნაფთალი.
- 26და ძენი ზილფასგან, ლეას მხევლისაგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომელნიც შეეძინა მას შუამდინარეთში.
- 27და მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათ-არბაყში, ანუ ხებრონში, სადაც ხიზნობდნენ აბრაამი და ისაკი.
- 28და იყო ისაკი ას ოთხმოცი წლის.
- 29და აღესრულა ისაკი და მოკვდა, და შეეძინა თავის ხალხს მოხუცებული და თავისი დღეებით გამაძღარი. და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა.
იტვირთება შემდეგი თავი