დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 37
- 1და ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში.
- 2ეს არის იაკობის მოდგმა: იოსები იყო ჩვიდმეტი წლისა როცა მწყესავდა პირუტყვს თავის ძმებთან ერთად. და იყო იგი ჯერ ბავშვი თავისი მამის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ძეებთან. და მიჰქონდა იოსებს ცუდი ხმები მათზე თავის მამასთან.
- 3და ისრაელს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი. და დაუმზადა მას ჭრელი კვართი.
- 4და დაინახეს მისმა ძმებმა, რომ უყვარდა იგი მამას ყველა თავის ძეზე მეტად, და მოიძულეს იგი, და არ შეეძლოთ მასთან ლაპარაკი მშვიდობიანად.
- 5და დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს, და მათ უფრო მეტად მოიძულეს იგი.
- 6და უთხრა მათ: “მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა მე:
- 7აჰა, ჩვენ ვკონავთ ძნებს შუაგულ მინდორში და წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, და გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას.”
- 8და უთხრეს მას მისმა ძმებმა:”ჩვენი მეფე გინდა გახდე და ჩვენზე იბატონო?” და კიდევ უფრო მოიძულეს იგი მისი სიზმრებისა და სიტყვებისათვის.
- 9და დაესიზმრა მას კიდევ სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს და თქვა: “აჰა, კიდევ დამესიზმრა სიზმარი, რომ მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.”
- 10და როცა ეს უამბო თავის მამას და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა მას: “რა არის ეს სიზმარი, რომელიც გესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, რომ მიწამდე გცეთ თაყვანი?”
- 11შეშურდათ ძმებს მისი, ხოლო მამამისმა დაიმარხა ეს სიტყვები.
- 12და წავიდნენ მისი ძმები შექემში თავიანთი მამის ფარის დასამწყემსად.
- 13და უთხრა ისრაელმა იოსებს: “ხომ მწყემსავენ შენი ძმები შექემში, და მოდი, გაგაგზავნი შენ მათთან.” და თქვა მან: “აქა ვარ.”
- 14და უთხრა მას: “წადი და ნახე, თუ მშვიდობით არიან შენი ძმები და ფარა, და მომიტანე ამბავი.” და გაგზავნა იგი ხებრონის ველიდან, და მივიდა შექემს.
- 15იპოვა იგი ერთმა კაცმა ველზე გზაარეული და ჰკითხა მას: “ვის ეძებ?”
- 16თქვა: “ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი, სად მწყემსავენ ისინი?”
- 17და უთხრა კაცმა: “წასულები არიან აქედან, რადგან გავიგონე, რომ დოთაინში მიდიოდნენ.” და გაჰყვა იოსები თავის ძმათა კვალს, და იპოვა ისინი დოთანში.
- 18და როცა დაინახეს იგი შორიდან, ვიდრე მიუახლოვდებოდა მათ, განიზრახეს მისი მოკვლა.
- 19და უთხრეს ერთმანეთს: “აჰა, სიზმარა მოდის!
- 20და ახლა, მოდი, მოვკლათ იგი, და ჩავაგდოთ რომელიმე ჭაში, და ვთქვათ, რომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, რა იყო მისი სიზმრები.”
- 21და გაიგონა რეუბენმა, და იხსნა იგი მათი ხელიდან, უთხრა მათ: “ნუ მოვკლავთ მას!”
- 22და უთხრა მათ რეუბენმა: “ნუ დაღვრით სისხლს! ჩააგდეთ იგი იმ ჭაში, უდაბნოში რომ არის, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე.” და ამას ამბობდა, რათა ეხსნა იგი მათი ხელიდან და დაებრუნებინა თავის მამასთან.
- 23და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, რომელიც ეცვა.
- 24აიყვანეს და ჩააგდეს ჭაში. და იყო ის ჭა ცარიელი, წყალი არ იყო მასში.
- 25და დასხდნენ ისინი პურის საჭმელად, და როცა აღაპყრეს თვალი, დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა გილყადიდან, და მათ აქლემებს მოჰქონდათ გუნდრუკი, მური და ნელსაცხებელი.
- 26და უთხრა იუდამ თავის ძმებს: “რას გვარგებს, თუ მოვკლავთ ჩვენს ძმას და დავფარავთ მის სისხლს?
- 27მოდით, მივყიდოთ იგი ისმაელიანებს, და ჩვენი ხელი ნუ იქნება მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი ხორცია.” და გაუგონეს მას მისმა ძმებმა.
- 28ხოლო როცა ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოსწიეს და ამოიყვანეს იოსები ჭიდან, და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათ კი წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.
- 29ხოლო როცა რეუბენი კვლავ დაბრუნდა ჭასთან და ნახა, რომ იქ აღარ იყო იოსები, სამოსელი შემოიხია.
- 30და დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: “ბავშვი აღარ არის! და მე სადღა წავიდე?”
- 31და აიღეს ძმებმა იოსების კვართი, და ამოავლეს იგი დაკლული თხის სისხლში.
- 32და წაიღეს ეს კვართი, და მიუტანეს მამამისს და უთხრეს: “ეს ვიპოვეთ. ნახე, შენი შვილის კვართია ეს თუ არა?”
- 33და მან იცნო ის და თქვა: “ჩემი შვილის კვართია. მძვინვარე მხეცს შეუჭამია იგი! დაგლეჯილია იოსები!”
- 34და შემოიხია იაკობმა სამოსელი, და შემოიხვია ძაძა წელზე, და დიდხანს გლოვობდა თავის შვილს.
- 35და ადგნენ მისი ძენი და მისი ასულნი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინდომა მან ნუგეშისცემა, და თქვა: “მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დიდხანს გლოვობდა მამა თავის ძეს.
- 36ხოლო მიდიანელებმა ეგვიპტეში მიჰყიდეს იოსები ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს.
იტვირთება შემდეგი თავი