დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 38
- 1მაშინ იყო, რომ ჩამოსცილდა იუდა თავის ძმებს და დასახლდა ყადულამელი კაცის მეზობლად, რომლის სახელი იყო ხირა.
- 2და ნახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, და მოიყვანა ის და შევიდა მასთან.
- 3და დაორსულდა, და ეყოლა მას ძე. და უწოდეს მას სახელად ყერი.
- 4და კვლავ დაორსულდა, და ეყოლა ძე, რომელსაც უწოდეს ონანი.
- 5და კვლავ ეყოლა ძე, და უწოდეს მას სახელად შელა. ის კი ქეზიბში იყო მისი შობის დროს.
- 6და მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, რომელსაც ერქვა თამარი.
- 7მაგრამ ყერი, იუდას პირმშო, ბოროტი იყო უფლის თვალში, და მოაკვდინა იგი უფალმა.
- 8და უთხრა იუდამ ონანს: “შედი შენი ძმის ცოლთან, გაუხდი ქმრად და აღუდგინე შენს ძმას თესლი.”
- 9მაგრამ იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა თესლი, და ამიტომ, როცა შედიოდა თავის ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა, რათა არ მიეცა თესლი თავისი ძმისათვის.
- 10და ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა ღმერთმა.
- 11და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: “ქვრივად დაჯექ მამაშენის სახლში, ვიდრე გაიზრდებოდეს შელა, ჩემი ძე.” რადგან ეშინოდა, ისიც არ მომკვდარიყო მისი ძმებივით. და წავიდა თამარი და დარჩა თავისი მამის სახლში.
- 12და განვლო მრავალმა დღემ და მოკვდა იუდას ცოლი, შუაყის ასული. და როვა გამოიგლოვა იუდამ, ავიდა თიმნათში, თავისი ცხვრის მპარსველებთან, ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან ერთად.
- 13და ეუწყა თამარს: “შენი მამამთილი ამოდის თიმნათში ცხვრის გასაპარსავად.”
- 14და გაიძრო მან თავისი ქვრივობის სამოსელი, და ჩამოიფარა რიდე, და დაიბურა. და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, რომელიც თიმნათის გზაზეა, რადგან დაინახა, რომ გაიზარდა შელა და არ მიეცა მას ცოლად.
- 15და დაინახა ის იუდამ, და მიიჩნია მეძავად, რადგან რიდეთი ჰქონდა სახე დაფარული.
- 16და მიუბრუნდა მას და უთხრა: “შემოვიდე შენთან?” რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. და მან ჰკითხა: “რას მომცემ, რომ შემოხვიდე ჩემთან?”
- 17და თქვა: “თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან.” და თქვა: “მომცემ წინდს, ვიდრე გამომიგზავნიდე თიკანს?”
- 18და თქვა: “რა გირაო გინდა, რომ მოგცე?” და თქვა: “შენი ბეჭედი და შენი თასმა და არგანი, რომელიც ხელთა გაქვს.” და მისცა მას ესენი იუდამ, და შევიდა მასთან; და დაორსულდა ის მისგან.
- 19და წავიდა და მოიძრო თავისი პირსაბურველი, და კვლავ შეიმოსა ქვრივობის სამოსელით.
- 20და გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რათა ქალისაგან დაებრუნებინა წინდი. მაგრამ ვერ იპოვა იგი.
- 21და ჰკითხა იქაურ კაცებს: “სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?”
- 22და დაბრუნდა იუდასთან, და უთხრა: “ვერ ვიპოვე იგი. და იქაურმა კაცებმაც მითხრეს, რომ არ ყოფილა იქ მეძავი.”
- 23და თქვა იუდამ: “ნეტავ აეღო მას, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, მე გაგატანე ეს თიკანი, შენ კი ვერ იპოვე იგი!”
- 24და სამი თვის შემდეგ ეუწყა იუდას: “იბოზა შენმა რძალმა თამარმა და ორსულად არის იგი.” და თქვა იუდამ: “გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.”
- 25და როცა მოჰყავდათ იგი, გაუგზავნა მან თავის მამამთილს და შეუთვალა: “იმ კაცისაგან, ვარ ორსულად, ვისაც ესენი ეკუთვნის.” და ისიც დასძინა: “ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და არგანი.”
- 26და იცნო იუდამ, და თქვა: “მართალია ჩემთან თამარი, რადგან მე არ მივეცი იგი შელას, ჩემს ძეს.” და აღარ შეუცვნია იგი.
- 27და მშობიარობის ჟამს აღმოჩნდა, რომ ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
- 28და მშობიარობისას გამოყო ერთმა ხელი, და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა მას ამ სიტყვებით: “ეს გამოვიდა პირველი.”
- 29მან უკან წაიღო თავისი ხელი, გამოვიდა მისი ძმა. და თქვა ბებიაქალმა: “როგორ გამოარღვიე შენთვის ზღუდე?” და უწოდეს მას სახელად ფერეცი.
- 30და შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც ხელზე ება მეწამული ძაფი, და უწოდეს მას სახელად ზერახი.
იტვირთება შემდეგი თავი