დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 39
- 1იოსები ჩაყვანილ იქნა ეგვიპტეში, და ისმაელიანთაგან იყიდა იგი ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, მცველთა უფროსმა, ეგვიპტელმა კაცმა.
- 2და არ მიატოვა უფალმა იოსები, და იყო იგი წარმატებული კაცი, და ცხოვრობდა იგი თავისი ბატონის სახლში.
- 3და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და, რასაც კი იგი აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა.
- 4და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ხელთ ჩააბარა.
- 5და მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად, აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო, და იყო კურთხევა უფლისა ყველაფერზე, რაც ებადა სახლში და ველზე.
- 6და დატოვა ყველაფერი, რაც ებადა, იოსების ხელში. და აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა ჭამა-სმისა. და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად.
- 7ამ ამბის შემდეგ იყო, რომ დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს თვალი და უთხრა: “დაწექი ჩემთან.”
- 8და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: “ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა არის სახლში, რადგან ხელში ჩამაბარა ყველაფერი, რაც აბადია.
- 9არავინაა ჩემზე დიდი ამ სახლში. და ჩემთვის არაფერი დაუკავებია მას, შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. და როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?”
- 10და ყოველდღე აწვევდა ქალი იოსებს, მაგრამ არ თანხმდებოდა იგი, რომ დაწოლილიყო და ყოფილიყო მასთან.
- 11და ერთ დღეს იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე, და არავინ არ იყო სახლის კაცთაგან შინ.
- 12და ჩაეჭიდა ის მის სამოსელს, ამ სიტყვებით: “დაწექი ჩემთან!” და მან ხელში შეატოვა თავისი სამოსელი, და გარეთ გავარდა და გაიქცა სახლიდან.
- 13და როცა მან დაინახა, რომ მან ხელში შეატოვა მას თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა,
- 14დაუძახა მან თავისი სახლის კაცებს, და უთხრა მათ: “შეხედეთ, მოგვიყვანა მან ებრაელი კაცი ჩვენს დასაცინად! შემოვიდა ჩემთან დასაწოლად, მაგრამ ვიყვირე დიდი ხმით.
- 15და როცა გაიგონა ჩემი კივილი, შემომატოვა თავისი სამოსელი და კარიდან გავარდა.”
- 16და დაიდო მან მისი ტანსაცმელი თავისთან, თავისი ბატონის სახლში მოსვლამდე,
- 17და მოუთხრო მას ეს ამბავი, ამ სიტყვებით: “შემოვიდა ჩემთან შენი მოყვანილი ებრაელი მონა, რომ პატივი აეხადა ჩემთვის!
- 18და როცა ავიმაღლე ხმა და ვიკივლე, შემომატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა!”
- 19და როცა მოისმინა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, ასე მომექცაო შენი მონა, ძალზე განრისხდა იგი.
- 20და წაიყვანა იოსები მისმა ბატონმა, და გადასცა იგი საპყრობილეში, სადაც დაპატიმრებული იყვნენ მეფის პატიმრები. და იყო იგი იქ, საპყრობილეში.
- 21მაგრამ უფალი იყო იოსებთან და მოჰფინა მას წყალობა, და მიანიჭა მას მადლი საპყრობილის უფროსის თვალში.
- 22და ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი იოსებს ხელთ, და გახდა ის გამგებელი ყველაფრისა, რასაც კი ისინი აკეთებდნენ საპყრობილეში.
- 23საპყრობილის უფროსი აღარაფერზე ზრუნავდა, რადგან უფალი იყო იოსებთან და რასაც აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა.
იტვირთება შემდეგი თავი