დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 40
- 1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის ფარაონის მწდეთუხუცესმა და მეპურეთუხუცესმა შესცოდეს თავიანთ ბატონს.
- 2და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს.
- 3და გადასცა ისინი საპყრობილეში, მცველთაუფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული.
- 4და მცველთაუფროსმა მიუჩინა მათ იოსები, და ის ემსახურებოდა მათ. და ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
- 5და ერთ ღამეს ესიზმრა ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი სიზმარი: მწდეთაუხუცესს და მეპურეთუხუცესსაც.
- 6და მივიდა დილით მათთან იოსები და დაინახა ისინი, და აჰა, დაღვრემილნი არიან.
- 7და ჰკითხა მან ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის საპყრობილეში: “რატომ გაქვთ დღეს თქვენ სახე მწუხარე?”
- 8და უთხრეს მას: “სიზმარი გვესიზმრა და არავინაა ამხსნელი.” “განა უფლისგან არ არის მათი ახსნა?” - უთხრა მათ იოსებმა: “მიამბეთ მე.”
- 9და უამბო მწდეთუხუცესმა თავისი სიზმარი იოსებს, და უთხრა: “ჩემს სიზმარში აჰა, ვაზია ჩემ წინაშე.
- 10და სამი რტო აქვს ვაზს. და როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო კვირტები და დამწიფდა მტევნები.
- 11და ფარაონის თასია ჩემს ხელთ. და ავიღე ყურძენი, ჩავწურე თასში და ხელის გულზე დავუდგი ფარაონს.”
- 12და უთხრა მას იოსებმა: “აჰა, მისი ახსნა: სამი რტო სამი დღეა.
- 13სამი დღის შემდეგ ფარაონი აგამაღლებს და დაგაბრუნებს შენს თანამდებობაზე. და მიაწვდი ფარაონს თასს ხელში, უწინდელი წესისამებრ, როცა მისი მწდე იყავი.
- 14ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად იქნები, და მიყავი წყალობა: გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან,
- 15რადგან მოპარული ვარ მე ებრაელთა ქვეყნიდან. და აქაც არაფერი ჩამიდენია, რომ ჩამაგდეს დილეგში.
- 16როცა დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კარგად ახსნა, უთხრა იოსებს: “მეც ვიხილე სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე,
- 17და ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი, და ფრინველი ჰკენკავს მას ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.”
- 18და მიუგო იოსებმა და უთხრა: “ესაა მისი ახსნა: სამი კალათა სამი დღეა.
- 19სამი დღის შემდეგ ფარაონი მოგკვეთს თავს და ჩამოგკიდებს ხეზე. და ფრინველი შეჭამს შენს ხორცს.”
- 20მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო, და გაუმართა ფარაონმა ნადიმი თავის ყველა მსახურს და გაიხსენა თავისი მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი.
- 21და დააბრუნა მწდეთუხუცესი თავისავე თანამდებობაზე, და იგი კვლავ მიართმევდა ფიალას ფარაონს;
- 22ხოლო მეპურეთუხუცესი ჩამოჰკიდა, როგორც აუხსნა მას იოსებმა.
- 23და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, არამედ დაავიწყდა იგი.
იტვირთება შემდეგი თავი