დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 41
- 1და ორი წლის თავზე ესიზმრება ფარაონს: აჰა, დგას ნილოსის პირას,
- 2აჰა, ნილოსიდან ამოდის ლამაზი შესახედავი, ხორცსავსე შვიდი ძროხა, და ბალახობენ ლელიანში.
- 3და აჰა, მათ შემდეგ ნილოსიდან ამოდის კიდევ შვიდი სხვა ძროხა, ცუდი შესახედაობისა და დამჭლევებულნი, და დგებიან იმ ძროხების გვერდით ნილოსის პირას.
- 4და შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდამჭლევებულმა ძროხებმა შვიდი ლამაზი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა. და ამაზე გაეღვიძა ფარაონს.
- 5მან კვლავ დაიძინა და ესიზმრა მეორედ: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.
- 6და აჰა, მათ შემდეგ აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისაგან გარუჯული თავთავი.
- 7და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი. და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი.
- 8და დილით შეშფოთდა მისი სული, და დაგზავნა და იხმო ეგვიპტის ყველა გრძნეული და ყველა ბრძენი, და უამბო ფარაონმა მათ თავისი სიზმარი. და ვერავინ ვერ აუხსნა ისინი ფარაონს.
- 9და უთხრა ფარაონს მწდეთუხუცესმა: “ჩემს ცოდვებს ვიხსენებ მე დღეს:
- 10ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს, და გადამცა მე ტუსაღად მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად.
- 11და გვესიზმრა სიზმარი ერთ ღამეს მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი სიზმარი გვესიზმრა.
- 12და იქ ჩვენთან იყო ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. და ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები, და აგვიხსნა მან ისინი საკუთრივ.
- 13და როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე აგვიხდა: ჩემს თანამდებობაზე დამაბრუნა მე ფარაონმა, ის კი ჩამოჰკიდა.”
- 14და მიავლინა ფარაონმა და იხმო იოსები. და ის სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. და გაიპარსა და გამოიცვალა სამოსელი, და მივიდა ფარაონთან.
- 15და უთხრა იოსებს ფარაონმა: “მესიზმრა მე სიზმარი, და არავინაა მისი ამხსნელი. და მე გავიგე შენზე, რომ იცი სიზმრების ახსნა.”
- 16და მიუგო იოსებმა ფარაონს: “მე რა შემიძლია, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ.”
- 17და მოუყვა ფარაონი იოსებს: “მე მესიზმრა: აჰა, ვდგავარ მდინარის პირას.
- 18და აჰა, ნილოსიდან ამოდის შვიდი ხორცსავსე და შესახადავად ლამაზი ძროხა, და ლელიანში დაიწყეს ძოვა.
- 19აჰა, მათ შემდეგ ამოდის სხვა შვიდი ძროხა, მეტისმეტად უგვანი და ხორცდამჭლევებული. ეგვიპტის მთელ ქვეყანაში მათზე უგვანი არაფერი მინახავს.
- 20და შეჭამეს დამჭლევებულმა და უგვანმა ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა.
- 21და შევიდნენ მათ შიგანში, და არ ეტყობოდათ, რომ ისინი შევიდნენ მათ შიგანში, და ისეთივე უგვანები დარჩნენ, როგორიც იყვნენ, და გამომეღვიძა.
- 22და აჰა, ვიხილე სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.
- 23და აჰა, შვიდი თავთავი გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული, აღმოცენდა მათ შემდეგ.
- 24და შთანთქეს წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი. და ვუამბე მე ეს მისნებს, მაგრამ ვერავინ ამიხსნა.”
- 25და უთხრა იოსებმა ფარაონს: “ამ სიზმრებს ერთი ახსნა აქვთ, რომ ღმერთი გააკეთებს იმას, რაც მან უკვე აცნობა ფარაონს.
- 26შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, და შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია.
- 27და შვიდი ძროხა, დამჭლევებული და უგვანი, მათ შემდეგ მოსული, შვიდი წელია. და შვიდი გამოფიტული თავთავი, ხორშაკისაგან გარუჯული, შიმშილის შვიდი წელია.
- 28ამიტომ ვუთხარი ფარაონს, ღმერთმა უჩვენა ფარაონს, რისი გაკეთებაც სურს.
- 29და აი, მოდის დიდმოსავლიანი შვიდი წელი ეგვიპტის ქვეყანაში.
- 30და მის შემდეგ დადგება შიმშილის შვიდი წელიწადი. და დავიწყებული იქნება მთელი სიუხვე ეგვიპტის ქეყანაში, და დააუძლურებს შიმშილი ქვეყანას.
- 31და აღარავის ეცოდინება, რომ სიუხვე იყო ქვეყანაში, იმ შიმშილის გამო, რომელიც შემდეგ დადგება, რადგან ის მეტისმეტად მძიმე იქნება.
- 32და რომ ის გაუმეორდა ფარაონს ორჯერ, ეს იმიტომ, რომ ეს საქმე ღვთისაგანაა და ჩქარობს ღმერთი მის აღსრულებას.
- 33და ახლა გამონახოს ფარაონმა და დააყენოს გონიერი და ბრძენი კაცი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
- 34და ბრძანოს ფარაონმა, და განაწესოს ზედამხედველნი ქვეყანაზე. და ახდევინოს მეხუთედი ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის შვიდ წელიწადში.
- 35და დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, და დაახვავონ ხორბალი ქალაქთა საზრდოდ ფარაონის გამგებლობაში, და გაუფრთხილდნენ.
- 36და იქნება ეს საზრდო ქვეყნისათვის მარაგად შვიდწლიანი შიმშილის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში. და არ გაწყდება ქვეყანა შიმშილით.”
- 37და მოეწონათ ფარაონსა და ყველა მის მსახურს ეს სიტყვა.
- 38და უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: “ნუთუ ვიპოვით ჩვენ ასეთ კაცს, როგორც ეს არის, კაცს, რომელშიც ღვთის სული იქნება?”
- 39და უთხრა ფარაონმა იოსებს: “რაკი ღმერთმა გაუწყა ეს, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი!
- 40შენ იქნები ჩემს სახლზე და შენს ბაგეს დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი. და მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.”
- 41და უთხრა ფარაონმა იოსებს: “აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის ქვეყანაზე.”
- 42და მოიძრო ფარაონმა ხელიდან თავისი ბეჭედი, და გაუკეთა იოსებს ხელზე და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს შიბი კისერზე.
- 43ბრძანა მოეტარებინათ იგი თავისი მეორე ეტლით. და გამოეცხადებინათ მის წინაშე: “დაიჩოქეთ” და დაადგინა იგი მთელი ეგვიპტის ქვეყანაზე.
- 44და უთხრა ფარაონმა იოსებს: “მე ვარ ფარაონი და უშენოდ ვერავინ ვერ გაძრავს ვერც ხელსა და ვერც ფეხს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.”
- 45და უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფანეახი, და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული. და გავიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.
- 46ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა წარდგა ეგვიპტის ფარაონის წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა მთელი ეგვიპტის ქვეყანა.
- 47და სიუხვის შვიდწლეულში წარმოქმნა მიწამ სავსე პეშვი.
- 48და შეაგროვა მან შვიდი წლის მთელი ხორბლის მოსავალი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში, და გააკეთა საზრდოს მარაგი ქალაქებში. და თითოეულ ქალაქში შეინახა საზრდო მინდვრისა, რომელიც გარს ერტყა ქალაქს.
- 49და დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან აღარ იყო სათვალავი.
- 50შიმშილის წელიწადის დადგომამდე იოსებს შეეძინა ორი ვაჟი, რომლებიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის, ასულმა.
- 51და უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: “დამავიწყა მე ღმერთმა ყოველი ტანჯვა და მთელი სახლი მამაჩემისა.”
- 52და უწოდა მეორეს სახელად ეფრემი, რადგან თქვა: “ნაყოფიერმყო მე ღმერთმა ჩემი ტანჯვის ქვეყანაში.”
- 53და დასრულდა შვიდი წელიწადი სიუხვისა, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში.
- 54და დაიწყო შიმშილის შვიდი წელიწადი, როგორც თქვა იოსებმა. და იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.
- 55და როცა ეგვიპტის ქვეყანაშიც დაიწყო შიმშილი, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისათვის. და უთხრა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: “მიდით იოსებთან და, რასაც ის გეტყვით, გააკეთეთ!”
- 56და იყო შიმშილი მთელს მიწის პირზე და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში ძლიერდებოდა.
- 57და ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ეგვიპტეში იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.
იტვირთება შემდეგი თავი