დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 42
- 1დაინახა იაკობმა, რომ იყო პური ეგვიპტეში, და უთხრა იაკობმა თავის ძეებს: “რას უყურებთ?”
- 2და თქვა: “გავიგე, რომ არის პური ეგვიპტეში. წადით იქ და იყიდეთ პური, რათა ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ შიმშილით!”
- 3და ჩავიდა იოსების ათი ძმა ეგვიპტეში პურის საყიდლად.
- 4ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაგზავნა იაკობმა მის ძმებთან ერთად, რადგან თქვა: “არ შეემთხვეს ფათერაკი.”
- 5და მივიდნენ ისრაელის ძენი პურის საყიდლად სხვა მიმსვლელთა შორის, რადგან იყო შიმშილი ქანაანის ქვეყანაში.
- 6და იოსები იყო იმ ქვეყნის განმგებელი. იგი ასყიდებდა პურს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და თაყვანი სცეს მას მიწამდე.
- 7დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო ისინი. მაგრამ არ გაუმხილა მათ თავი, და მკაცრად ელაპარაკა, და უთხრა მათ: “საიდან მოხვედით?” და უთხრეს: “ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად.”
- 8და იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი.
- 9და გაიხსენა იოსებმა სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა. და უთხრა მათ: “ჯაშუშები ხართ თქვენ, ამ ქვეყნის გზა-კვალის სანახავად მოხვედით.”
- 10და უთხრეს მათ: “არა, ბატონო! საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი.
- 11ჩვენ ყველა ერთი კაცის ძენი ვართ. პატიოსნები ვართ ჩვენ, შენი მსახურნი, არა ვართ ჯაშუშები!”
- 12უთხრა იოსებმა: “არა, ამ ქვეყნის სიშიშვლის სანახავად მოხვედით თქვენ!”
- 13და მათ უთხრეს: “თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ძენი ვართ ერთი კაცისა ქანაანის ქვეყანაში, უმცროსი მამასთანაა დღეს, ერთი კი აღარა გვყავს.”
- 14და თქვა იოსებმა: “ასეა, როგორც გითხარით: ჯაშუშები ხართ!
- 15ამით გამოიცდებით, ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, თუ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.
- 16გაგზავნეთ ერთი თქვენგანი, და მოიყვანოს თქვენი ძმა. თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. და შემოწმდება თქვენი სიტყვები, თუ თქვენთანაა ჭეშმარიტება. და თუ არა, მაშინ, ვფიცავ ფარაონს, ჯაშუშები ხართ.”
- 17და სამ დღეს დაცვა დაუყენა მათ.
- 18და უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: “ეს გააკეთეთ და იცოცხლებთ, რადგან ღმერთისა მეშინია მე!
- 19თუ თქვენ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა იმ სახლში, სადაც თქვენა ხართ დაპატიმრებული, თქვენ კი წადით, მიიტანეთ პური თქვენს დამშეულ სახლში.
- 20და თქვენი უმცროსი ძმა მოიყვანეთ ჩემთან და სარწმუნო იქნება თქვენი სიტყვები, და არ დაიხოცებით.” და ასეც მოიქცნენ.
- 21და უთხრეს მათ ერთმანეთს: “ნამდვილად ვისჯებით ჩვენი ძმის გამო, რადგან ჩვენ ვხედავდით მისი სულის ტანჯვას, როდესაც გვევედრებოდა, ჩვენ კი არ ვისმინეთ! ამიტომ გვეწვია ეს ჭირი.”
- 22და მიუგო მათ რეუბენმა: “ხომ გეუბნებოდით, ნუ შესცოდავთ-მეთქი ბავშვის წინააღმდეგ, და არ ისმინეთ. და აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.”
- 23და მათ არ იცოდნენ, რომ ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იდგა მათ შორის.
- 24და იოსები მოცილდა მათ და ატირდა. და მერე დაბრუნდა მათთან და ელაპარაკა, სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.
- 25და ბრძანა იოსებმა: აევსოთ ხორბლით მათი ტომრები, და ჩაედოთ მათი ფული მათ ტომრებში, და მიეცათ მათთვის საგზალი. და ასეც გაუკეთეს მათ.
- 26და აჰკიდეს თავისი პური თავიანთ სახედრებს და წავიდნენ იქიდან.
- 27და გახსნა ერთმა თავისი ტომარა, რათა მიეცა საკვები სახედრისათვის ღამის გათევისას, და დაინახა თავისი ვერცხლი თავის ტომარაში.
- 28და უთხრა მან თავის ძმებს: “დაუბრუნებიათ ჩვენი ვერცხლი, ის ხომ ჩვენს ტომარაშია!” და შეუკრთათ გულები და ერთმანეთს კანკალით მიმართეს: “ეს რა გვიყო ჩვენ ღმერთმა?”
- 29და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში, და უამბეს მას ყოველი, რაც შეემთხვათ, ამ სიტყვებით:
- 30“იმ ქვეყნის ბატონი მკაცრად გველაპარაკა და ჯაშუშებად მიგვიჩნია ჩვენ.
- 31ვუთხარით მას: ‘არა ვართ ჯაშუშები, პატიოსანი ხალხი ვართ;
- 32თორმეტი ძმანი ვართ, ძენი მამაჩვენისა, ერთი აღარაა ჩვენთან, უმცროსი კი მამასთანაა, ქანაანის ქვეყანაში.’
- 33და გვითხრა ჩვენ იმ კაცმა, იმ ქვეყნის ბატონმა: ‘ამით გავიგებ, თუ პატიოსნები ხართ: თქვენი ერთი ძმა დატოვეთ ჩემთან, თქვენ კი აიღეთ პური თქვენი დამშეული სახლისათვის და წადით.
- 34და მოიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა ჩემთან. და მაშინ გავიგებ, რომ ჯაშუშები არა ხართ და პატიოსნები ხართ. და დაგიბრუნებთ თქვენს ძმას, და ივაჭრებთ ამ ქვეყანაში.’”
- 35ცლიდნენ ისინი თავიანთ ტომრებს, და აჰა, თითოეულის ვერცხლის ქისა ტომარაშია. და დაინახეს თავ-თავიანთი ვერცხლის ქისები, მათ და მათმა მამამ, და შეეშინდათ.
- 36და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: “შვილმკვდარად მაქციეთ მე: იოსები აღარ არის, სიმონი აღარ არის და ბენიამინსაც წაიყვანთ, - ჩემს თავზეა ყველაფერი!”
- 37და უთხრა რეუბენმა მამამისს: “ორივე ჩემი ძე მომიკალი, თუ არ მოგიყვანო იგი. მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ მას.”
- 38უთხრა მას: “არ წამოვა ჩემი ძე თქვენთან, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. და თუ შეემთხვევა ფათერაკი გზაზე, სადაც მიდიხართ, ჩემს ჭაღარას მწუხარებით ჩადებთ შავეთში.”
იტვირთება შემდეგი თავი