დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 43
- 1შიმშილი გაძლიერდა ქვეყანაზე.
- 2და როცა გაუთავდათ ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური, უთხრა მათ მამამ: “გაბრუნდით, იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.”
- 3და უთხრა მას იუდამ: “მკაცრად გაგვაფრთხილა ჩვენ იმ კაცმა და გვითხრა: ‘ვერ იხილავთ ჩემს სახეს, თუ თქვენი ძმა არ იქნება თქვენთან ერთად.’
- 4თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, მაშინ ჩავალთ და ვიყიდით შენთვის საზრდოს.
- 5და თუ არ გაგვაყოლებ, ვერ წავალთ, რადგან იმ კაცმა გვითხრა, რომ ვერ ვიხილავთ მის სახეს, თუ ჩვენი ძმა არ იქნება ჩვენთან.”
- 6და თქვა ისრაელმა: “რად მიბოროტეთ და უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?”
- 7და მათ უთხრეს: “გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი, ამ სიტყვებით: ‘კიდევ ცოცხალია თქვენი მამა? გყავთ ძმა?’ და ჩვენ ვუპასუხეთ ამ სიტყვებზე. რა ვიცოდით, რომ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?”
- 8და უთხრა იუდამ მამამისს: “გამოუშვი ყმაწვილი ჩემთან; და ჩვენ ავდგებით და წავალთ, და შიმშილით არ დავიხოცებით, არც შენ და არც ჩვენი ბავშვები!
- 9და მე ვარ თავდები მისი, ჩემი ხელიდან მოითხოვე იგი. თუ არ მოვიყვანე შენთან და წინ არ დაგიყენე, მაშინ შემცოდე ვიყო შენს წინაშე მთელი სიცოცხლე!
- 10რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ჩავიდოდით.”
- 11და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: “თუ ასეა, ასე გააკეთეთ: აიღეთ ამ ქვეყნის ნაყოფთაგან და გაავსეთ ჭურჭლები. და ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და შტახსი, ფუსტუღი და ნუში.
- 12და ორმაგი ვერცხლი წაიღეთ თან. და თქვენს ტომრებში დაბრუნებული ვერცხლი დაუბრუნეთ. ეგებ შეცდომა იყო.
- 13თქვენი ძმა წაიყვანეთ. ადექით და დაბრუნდით იმ კაცთან.
- 14და ყოვლადძლიერმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ შებრალება იმ კაცის წინაშე, და გამოუშვას თქვენი სხვა ძმაც და ბენიამინიც. მე კი, როგორც ვიყავი შვილმკვდარი, ისე შვილმკვდრად დავრჩები.”
- 15და აიღეს კაცებმა ეს საჩუქარი და ორმაგი ვერცხლი, და თან წაიყვანეს ბენიამინი. და ჩავიდნენ ეგვიპტეში, და წარდგნენ იოსების წინაშე.
- 16და დაინახა იოსებმა მათთან ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: “მიიყვანე ეს ხალხი სახლში, და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან უნდა ჭამონ პური ამ ხალხმა შუადღისას.”
- 17და გააკეთა ამ კაცმა ისე, როგორც უთხრა იოსებმა, და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
- 18და შეეშინდათ ძმებს, რადგან მიიყვანეს იოსების სახლში, და თქვეს: “ალბათ ჩვენს ტომრებში დაბრუნებული ვერცხლის გამო მოგვიყვანეს აქ, რათა ცილი დაგვწამონ და თავს დაგვესხან, და დაგვატყვეონ ჩვენ და ჩვენი სახედრები.”
- 19და მივიდნენ ისინი იოსების სახლის მოურავთან, და ელაპარაკნენ მას ჭიშკართან.
- 20და უთხრეს მას: “მოგვისმინე, ბატონო! ჩვენ უწინაც ჩამოვსულვართ აქ საზრდოს საყიდლად,
- 21და როცა მივედით ჩვენ ღამისსათევში და გავხსენით ჩვენი ტომრები, ვნახეთ ჩვენი ვერცხლი ჩვენსავე ტომრებში. და გიბრუნებთ მას ჩვენივე ხელით.
- 22და სხვა ვერცხლი ჩამოვიტანეთ ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ჩვენი ვერცხლი ჩვენს ტომრებში!”
- 23და უთხრა მათ: “იყავით მშვიდად! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა მოგცათ თქვენ განძი თქვენს ტომრებში. თქვენი ვერცხლი ჩემამდე მოვიდა.” და გამოიყვანა მათთან სიმონი.
- 24და შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, და მისცა წყალი და დაიბანეს ფეხები. და მისცა საკვები მათ სახედრებს.
- 25და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
- 26და მოვიდა იოსები სახლში. და მიართვეს მას საჩუქარი, რომელიც ხელთ ჰქონდათ, და სცეს მას თაყვანი მიწამდე.
- 27და გამოჰკითხა იოსებმა მათ ჯანმრთელობა, და უთხრა: “ხომ ჯანმრთელადაა თქვენი მოხუცი მამა, რომელზეც თქვენ მელაპარაკეთ? ხომ კიდევ ცოცხალია?”
- 28და მათ უთხრეს: “ჯანმრთელადაა მამაჩვენი, შენი მსახური, კიდევ ცოცხალია.” და მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
- 29და აღაპყრო იოსებმა თვალი, და დაინახა ბენიამინი, თავისი ძმა, ძე თავისი დედისა, და თქვა: “ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მეუბნებოდით?” და თქვა: “ღმერთი გწყალობდეს შენ, ჩემო შვილო!”
- 30და ისწრაფა იოსებმა, რადგან გაუღვივდა სიყვარული თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა. და გავიდა სხვა ოთახში და იქ ატირდა.
- 31და დაიბანა პირი და შემოვიდა. ძალი მოიცა და თქვა: “დააწყვეთ პური.”
- 32და მოართვეს მას ცალკე და იმათ - ცალკე, და მასთან მეინახე ეგვიპტელებს ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს პურის ჭამა ებრაელებთან. სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის.
- 33და დასხდნენ მის წინაშე: პირმშო თავისი პირმშოობისაებრ და უმცროსი თავისი უმცროსობისაებრ და გაოცებით უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
- 34და მიატანინა მათთვის თავისგან კერძი და ბენიამინის კერძი იყო ხუთჯერ მეტი სხვების კერძებზე. და სვეს მათ და გაიხარეს მასთან სმაში.
იტვირთება შემდეგი თავი