დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 44
- 1და უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს: “აავსე ამ კაცების ტომრები იმდენი საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შეძლებენ, და დაუდევი თითოეულს თავისი ვერცხლი ტომრის პირზე.
- 2და ჩემი ვერცხლის თასი ჩადევი უმცროსის ტომარაში, და იქვე ჩადე მის მიერ ხორბალში გადახდილი ვერცხლი.” და მან გააკეთა იოსების სიტყვებისამებრ, როგორც ბრძანა.
- 3და გათენდა, და გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით.
- 4ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, რომ იოსებმა უთხრა თავისი სახლის მოურავს: “დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘რად მომაგეთ ბოროტი კეთილის წილ?
- 5ეს ხომ ისაა, რომლიდანაც სვამს ჩემი ბატონი და ამით მარჩიელობს? ცუდად მოიქეცით!’”
- 6და დაეწია და გაუმეორა მათ ეს სიტყვები.
- 7და უთხრეს მათ: “რად ლაპარაკობს ჩემი ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მსახურები ამ საქმის ჩადენისგან!
- 8ის ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ადრე ჩვენს ტომრებში, დაგიბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან, და როგორ მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?!
- 9თუ რომელიმე ჩვენგანს აღმოაჩნდეს, მოკვდეს ის, ჩვენ კი დავემონებით ჩვენს ბატონს.”
- 10და მან თქვა: “თქვენი სიტყვებისამებრ იყოს. ვისაც აღმოაჩნდება, იგი გამიხდეს მონად და დანარჩენები თავისუფალი იქნებით.”
- 11და სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა, და მოხსნეს პირები.
- 12გაჩხრეკა უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. და აღმოჩნდა თასი ბენიამინის ტომარაში.
- 13და შემოიხიეს მათ თავიანთი სამოსელი, და დატვირთეს თავიანთი სახედრები და დაბრუნდნენ ქალაქში.
- 14და მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში, ის კი ჯერ კიდევ იქ იყო, და დაემხნენ მის წინაშე მიწაზე.
- 15და უთხრა მათ იოსებმა: “ეს რა გააკეთეთ? ნუთუ არ იცოდით, რომ ისეთი კაცი, როგორიც მე ვარ, ყოველივეს გამოიცნობდა?”
- 16და თქვა იუდამ: “რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ და რითი გავიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენს მსახურთა დანაშაული, და გავხდით ჩვენ მონები ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.”
- 17და თქვა: “ღმერთმა დამიფაროს ამისაგან! კაცი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით წახვალთ მამათქვენთან.”
- 18და მიეახლა მას იუდა, და უთხრა: “გევედრები, ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მსახურს ჩემი ბატონის ყურთა სასმენად, და ნუ განურისხდები შენს მსახურს, რადგან შენ ფარაონის ტოლი ხარ!
- 19ჩემმა ბატონმა გვკითხა მის მსახურთ: მამა ან ძმა თუ გყავთო.
- 20და ვუთხარით ჩვენ ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ძე, უმცროსი ძმა., რომელსაც მოუკვდა ძმა და ისღა დარჩა მისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.
- 21და გვითხარი შენს მსახურთ: ‘ჩამოიყვანეთ იგი ჩემთან, და ჩემი თვალით ვნახავ.’
- 22და ვუთხარით ჩვენს ბატონს: ‘არ შეუძლია ყმაწვილს მამის დატოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.’
- 23და გვითხარი შენს მსახურთ: ‘თუ არ ჩამოვიდა თქვენი უმცროსი ძმა თქვენთან ერთად, ჩემ სახეს ვერ იხილავთ.’
- 24და ჩვენ მივედით მამაჩვენთან, შენს მსახურთან, და მოვუთხრეთ ჩემი ბატონის სიტყვები.
- 25და გვითხრა მამაჩვენმა: ‘დაბრუნდით და იყიდეთ მცირედი საზრდო.’
- 26და ვუთხარით: ‘არ შეგვიძლია წასვლა, ხოლო თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან, მაშინ წავალთ, რადგან, ვერ ვიხილავთ იმ კაცის სახეს, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან.’
- 27და გვითხრა შენმა მსახურმა, მამაჩვენმა: ‘თქვენ იცით, რომ ორი მიშვა მე ჩემმა ცოლმა.
- 28და წავიდა ერთი ჩემგან, და ვთქვი: მხეცმა დაგლიჯა-მეთქი. იგი აქამდე აღარ მინახავს.
- 29წაიყვანთ ამასაც ჩემი პირისგან და, თუ შეემთხვა ფათერაკი, ჩადებთ ჩემს გამწარებულ ჭაღარას შავეთში.’
- 30და ახლა, რომ მივუვალთ მამაჩვენს, შენს მსახურს, და ეს ყმაწვილი არ იქნება ჩვენთან, რომლის სულთანაც გადასკვნილია მისი სული,
- 31და როცა ნახავს, რომ ის არ არის ჩვენთან, მოკვდება, და ჩადებენ შენი მსახურნი შენი მსახურის, მამაჩვენის, ჭაღარას დამწუხრებულს შავეთში.
- 32შენი მსახური მამაჩემთან გავხდი თავდები ამ ყმაწვილისათვის, როცა ვუთხარი: ‘თუ არ მოგიყვან მას, მაშინ შემცოდე ვიყო მამაჩემის წინაშე სამუდამოდ.’
- 33და ახლა მე, შენი მსახური, დავრჩები მონად ჩემს ბატონთან ამ ყმაწვილის ნაცვლად, ეს ყმაწვილი კი წავიდეს თავის ძმებთან ერთად,
- 34რადგან როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი არ იქნება ჩემთან? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, რომელიც მამაჩემს ეწევა!”
იტვირთება შემდეგი თავი