დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 45
- 1ვეღარ შეძლო იოსებმა თავის შეკავება თავის მხლებლებთაან და დაიძახა: “გაიყვანეთ ყველანი ჩემგან!” და არავინ იდგა მასთან, როცა გაუმჟღავნა იოსებმა თავი ძმებს.
- 2და ხმამაღლა ატირდა, და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლმაც.
- 3და უთხრა თავის ძმებს: “მე ვარ იოსები. კიდევ ცოცხალია მამაჩემი?” და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა მისთვის, რადგან შეცბნენ მის წინაშე.
- 4და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: “მოდით ჩემთან!” და მივიდნენ ისინი. და მან თქვა: “მე ვარ იოსები, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ.
- 5და ახლა ნუ სწუხხართ და ნუღარ ჯავრობთ, რომ აქ გამყიდეთ, რადგან თქვენი სიცოცხლის სახსრად მომავლინა მე ღმერთმა თქვენს წინაშე.
- 6რადგან ეს ორი წელია, რაც შიმშილია ქვეყანაზე, და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
- 7და მომავლინა ღმერთმა თქვენს წინ, რათა დაგიტოვოთ ნატამალი ქვეყანაზე და შეგინარჩუნოთ სიცოცხლე დიდი შველით.
- 8თქვენ კი არ გამომგზავნეთ მე აქ, არამედ ღმერთმა, და მან დამადგინა ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად, და მთელი ეგვიპტის ქვეყნის მთავრად.
- 9იჩქარეთ და ადით მამაჩემთან, და უთხარით: ‘ასე თქვა შენმა ძემ, იოსებმა: ღმერთმა მომავლინა ბატონად მთელი ეგვიპტისა. ჩამოდი ჩემთან, ნუ დააყოვნებ!
- 10და იცხოვრებ გოშენის ქვეყანაში, და იქნები ჩემს მახლობლად, შენ, და შენი ძენი, და შენს ძეთა ძენი, და შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი მონაგები.
- 11და მე გარჩენ შენ იქ, რადგან კვლავ ხუთი წელი იქნება შიმშილი, რათა არ გაღატაკდეთ შენ და შენი სახლი, და მთელი შენი მონაგები.’
- 12ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ჩემი ბაგენი გელაპარაკებიან თქვენ.
- 13და უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში, და ყველაფერი უამბეთ, რაც იხილეთ. და სწრაფად ჩამოიყვანეთ მამაჩემი აქ.”
- 14და ყელზე მოეხვია თავის ძმას, ბენიამინს და ატირდა; და ბენიამინიც ტიროდა მის ყელზე ყელგადაჭდობილი.
- 15და კოცნიდა ყველა თავის ძმას, და ტიროდა მათთან ერთად. და ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მას მისი ძმები.
- 16და მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, რომ იოსების ძმები ჩამოვიდნენ. და მოეწონათ ეს ფარაონსა და მის მსახურებს.
- 17და უთხრა ფარაონმა იოსებს: “უთხარი შენს ძმებს: ასე გააკეთეთ: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და გასწიეთ ქანაანის ქვეყანაში.
- 18და წამოიყვანეთ თქვენი მამა და თქვენ-თქვენი სახლი, და ჩემთან მოდით. და მოგცემთ საუკეთესოს ეგვიპტის ქვეყნის მიწაზე, და ჭამეთ ამ მიწის ღალა.
- 19და შენ კი გებრძანა, უთხრა: ასე გააკეთეთ, წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ეტლები თქვენი ბავშვებისათვის და თქვენი ცოლებისათვის, და წამოიყვანეთ მამათქვენი და მოდით;
- 20და თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ნივთებზე, რადგან მთელი ეგვიპტის ქვეყნის საუკეთესო თქვენი იქნება.”
- 21და ასეც გააკეთეს ისრაელის ძეებმა. და მისცა მათ იოსებმა ეტლები და საგზალი, როგორც უბრძანა მას ფარაონმა.
- 22თითოეულ მათგანს მისცა თითო ხელი სამოსელი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი.
- 23და მამამისს აგრეთვე გაუგზავნა ათი სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და ათი ხრდალი ვირი ხორბლით, პურითა და საკვებით დატვირთული, მამამისის სამგზავროდ.
- 24და გაუშვა თავისი ძმები, და წავიდნენ. და უთხრა მათ: ნუ იდავებთ გზაში.
- 25და წავიდნენ ისინი ეგვიპტიდან, და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან.
- 26და აუწყეს მას და უთხრეს: “იოსები ცოცხალია და განმგებლობს მთელს ეგვიპტის ქვეყანაზე!” და შეკრთა მისი გული, რადგან არ ერწმუნა მათ.
- 27და გადასცეს მას იოსების ყოველი სიტყვა, და დაინახა მან ეტლები, რომელნიც იოსებმა გამოგზავნა მის წასაყვანად. და გაცოცხლდა სული იაკობისა, მათი მამისა.
- 28და თქვა ისრაელმა: “იოსები, ჩემი ძე, ცოცხალია! წავალ და ვნახავ მას, სანამ არ მოვმკვდარვარ.”
იტვირთება შემდეგი თავი