დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 46
- 1და აიყარა ისრაელი, და თან წაიღო მთელი თავისი მონაგები, და მივიდა ბეერ-შებაყში, და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.
- 2და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ხილვაში: “იაკობ! იაკობ!” და თქვა: “აქა ვარ!”
- 3და უთხრა მან: “მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
- 4მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში, და მევე გამოგიყვან უკან. და იოსები დაგიხუჭავს თვალებს თავისი ხელით.”
- 5და გაემართა იაკობი ბეერ-შებაყიდან. და წაიყვანეს ისრაელის ძეებმა იაკობი, თავისი მამა, და თავიანთი ნორჩები და თავიანთი ცოლები ეტლებით, რომლებიც გამოგზავნა ფარაონმა მათ წასაყვანად.
- 6და წამოასხეს თავიანთი საქონელი, წამოიღეს თავიანთი ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ქანაანის ქვეყანაში, და ჩავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში იაკობი და მთელი მისი შთამომავლობა მასთან ერთად.
- 7თავისი ძენი და თავის ძეთა ძენი, თავისი ასულნი და თავის ძეთა ასულნი, და მთელი თავისი შთამომავლობა მიიყვანა თავისთან ერთად ეგვიპტეში.
- 8და ესენია სახელები ეგვიპტეში მისულ ისრაელის ძეთა: იაკობი და მისი ძენი: პირმშო იაკობისა რეუბენი.
- 9და ძენი რეუბენისა: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
- 10და ძენი სიმონისა: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა.
- 11და ძენი ლევისა: გერშონი, კეჰათი და მერარი.
- 12და იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფერეცი და ზერახი; ყერი და ონანი დაიხოცნენ ქანაანის ქვეყანაში. და იყვნენ ძენი ფერეცისა: ხეცრონი და ხამული.
- 13და ძენი ისაქარისა: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი.
- 14და ძენი ზებულუნისა: სერედი, ელონი და იახლელი.
- 15და ესენი იყვნენ ძენი ლეასი, რომელმაც უშვა იაკობს ფადან-არამში, და დინა, მისი ასული. მისი ძენი და ასულნი სულ იყვნენ ოცდაცამეტი სული.
- 16და ძენი გადისა: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ყერი, აროდი და არელი.
- 17და ძენი აშერისა: იმნა, იშვა, იშვი და ბერიყა, და სერახი მათი და; და ძენი ბერიყასი: ხებერი და მალქიელი.
- 18და ესენი იყვნენ ძენი ზილფასი, რომელიც ლაბანმა მისცა ლეას, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს თექვსმეტი სული.
- 19და ძენი რახელისა, იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი.
- 20და შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში მენაშე და ეფრემი, რომელნიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.
- 21და ძენი ბენიამინისა: ბელაყი, ბექერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი.
- 22ესენი იყვნენ რახელის ძენი, რომელნიც შეეძინენ იაკობს, სულ თოთხმეტი სული.
- 23და ძე დანისა - ხუშიმი.
- 24და ძენი ნაფთალისა: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.
- 25ესენია ძენი ბილჰასი, რომელიც ლაბანმა გაატანა რახელს, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს სულ შვიდი სული.
- 26ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასული ყოველი სული, მისი საზარდულიდან გამოსულნი, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, სულ იყო სამოცდაექვსი სული.
- 27და იოსების ძენი, რომელნიც მას შეეძინა ეგვიპტეში, ორნი იყვნენ. და ყველა სული იაკობის სახლისა, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ მივიდნენ, სამოცდაათი იყო.
- 28და იუდა გაუშვა თავის წინ იოსებთან, რომ ესწავლებინა გოშენის გზა. და მივიდნენ გოშენის ქვეყანაში.
- 29და შეკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან, შესახვედრად. და როცა იხილა იგი, ყელზე მოეხვია, და დიდხანს ტიროდა მის ყელზე.
- 30და უთხრა ისრაელმა იოსებს: “ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი ვიხილე შენი სახე, რადგან ისევ ცოცხალი ხარ!”
- 31და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და თავის მამის სახლს: “მე ავალ და მოვუთხრობ ფარაონს, და ვეტყვი მას: ‘ჩემი ძმები და მამაჩემის სახლი, რომელნიც ცხოვრობდნენ ქანაანის ქვეყანაში, მოვიდნენ ჩემთან;
- 32ეს კაცები, ცხვრის მწყემსები არიან, რადგან მეჯოგე ხალხია ისინი. და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, და მთელი მათი მონაგები, მოიყვანეს.’
- 33და თუ მოგიხმობთ ფარაონი და გეტყვით: ‘რა არის თქვენი საქმიანობა?’
- 34ეტყვით: ‘მეჯოგე ხალხი იყვნენ შენი მსახურნი, სიყრმიდან ასე იყვნენ დღემდე, ჩვენც, ასევე - ჩვენი მამებიც;’ რათა დამკვიდრდეთ გოშენის ქვეყანაში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი ცხვრის მწყემსი.
იტვირთება შემდეგი თავი