დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 48
- 1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს: “აჰა, ავად არის მამაშენი”. და მან თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მენაშე და ეფრემი.
- 2და აუწყეს იაკობს: “აჰა, შენი ძე იოსები მოდის შენთან.” და ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.
- 3და უთხრა იაკობმა იოსებს: “ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა მე ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა მე
- 4და მითხრა: “ნაყოფიერად გაქცევ მე და მოგამრავლებ, და გაქცევ ხალხების კრებულად. და მიმიცია ეს ქვეყანა შენი თესლისათვის შენს შემდეგ საუკუნო სამფლობელოდ.
- 5და ახლა შენი ორი ძე, რომლებიც შეგეძინა შენ ეგვიპტის ქვეყანაში, შენთან ჩემს მოსვლამდე, ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, ისევე როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები.
- 6და შენი შვილები, რომელნიც შეგეძინება მათ შემდეგ, შენი იქნებიან. ისინი თავიანთი ძმების სახელით იწოდებიან თავიანთ სამკვიდროში.
- 7და მე შუამდინარეთიდან წამოსვლისას მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაზე, ეფრათამდე არ ვიყავი მისული, და იქ დავმარხე ეფრათას გზაზე, რომელსაც ახლა ბეთლემი ჰქვია.”
- 8და იხილა ისრაელმა იოსების ძენი, და თქვა: “ვინ არიან ესენი?
- 9და უთხრა იოსებმა: “ჩემი ძენი არიან ესენი, რომელნიც მომცა აქ ღმერთმა.” და უთხრა მან: “მომიყვანე ისინი და ვაკურთხებ!”
- 10ისრაელს თვალები დაუმძიმდა სიბერისაგან და ვერ ხედავდა. და მიუყვანა ისინი მას, და გადაკოცნა და მოეხვია მათ.
- 11და უთხრა ისრაელმა იოსებს: “არ მქონდა იმედი შენი პირის კვლავაც ხილვისა, და აჰა, მახილვინა ღმერთმა შენი ძენიც.”
- 12და გადმოსვა იოსებმა ისინი მამის მუხლებიდან და თაყვანი სცა მას მიწამდე.
- 13და მოიყვანა იოსებმა ორივე: ეფრემი თავის მარჯვნივ, ისრაელის მარცხენა მხარეს, და მენაშე თავის მარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს, და მიიყვანა მასთან.
- 14და გაიწოდა ისრაელმა თავისი მარჯვენა, და დაადო ეფრემს თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა - მენაშეს თავზე. განზრახ დაასხა მან ხელები ასე, თუმცა პირმშო მენაშე იყო.
- 15და აკურთხა იოსები, და თქვა: “ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს იმ ხნიდან, რაც ვარ, ამ დღემდე,
- 16ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი და იწოდებოდნენ ისინი ჩემი სახელით და ჩემი მამების აბრაამისა და ისაკის სახელით, და გამრავლდნენ დიდად ქვეყნის შუაგულში.”
- 17და დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა თავისი მარჯვენა ხელი, და შეწუხდა. და აიღო თავისი მამის ხელი, რათა გადაენაცვლებინა ის ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე.
- 18და უთხრა იოსებმა თავის მამას: “ასე არა, მამაჩემო, რადგან ეს არის პირმშო. მის თავს დაადე შენი მარჯვენა.”
- 19მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: “ვიცი, შვილო, ვიცი. ისიც იქცევა ხალხად და ისიც განდიდდება. მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, და მისი თესლი იქცევა მრავალრიცხოვან ხალხად.”
- 20და აკურთხა ისინი იმ დღეს, და უთხრა: “შენით აკურთხებს ისრაელი, ამ სიტყვებით: ‘ღმერთმა გაგხადოს როგორც ეფრემი და როგორც მენაშე!’” და დააყენა ეფრემი მენაშეზე მაღლა.
- 21და უთხრა ისრაელმა იოსებს: “აჰა, მე ვკვდები და თქვენთან იქნება ღმერთი, და დაგაბრუნებთ თქვენი მამების მიწაზე.
- 22შენთვის მომიცია მიწის ერთი ნაკვეთი შენს ძმათა წინაშე, რომელიც დავიპყარი ამორეველთა ხელიდან ჩემი მახვილითა და ჩემი მშვილდით.”
იტვირთება შემდეგი თავი