დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 49
- 1და მოუხმო იაკობმა თავის ძეთ, და უთხრა: “შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
- 2შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! და უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს!
- 3რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და პირველნაყოფი ჩემი ძალისა, ჭარბობ ღირსებით და ძალმოსილებით!
- 4სწრაფი ხარ წყალივით, მაგრამ არ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე სარეცელი ჩემი!
- 5სიმონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის იარაღია მათი მახვილი.
- 6მათ თათბირზე ნუ მივა ჩემი სული, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან თავიანთ რისხვაში მოკლეს კაცი და თავიანთი ჟინით გამოძარღვეს ხარი!
- 7წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან ძლიერია, და მათი წყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობში, და გავაბნევ ისრაელში!
- 8იუდა! შენ შეგაქებენ შენი ძმანი. შენი ხელი შენს მტერთა ხერხემალზეა, და გეთაყვანებიან შენს მამაშენის ძენი.
- 9ლომის ლეკვია იუდა, აღმართულხარ, შვილო ჩემო, ნადავლით ხელში. წაიხარა, დაწვა როგორც ხვადი ლომი და როგორც ძუ ლომი. ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
- 10არ მოსცილდება კვერთხი იუდას და მბრძანებელს არგანი დარჩება მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა ვისაც ის ეკუთვნის და დაემორჩილებიან მას ხალხები!
- 11ის გამოაბამს ვაზზე თავის ჩოჩორს და ლერწზე თავისი ვირის ნაშიერს. ღვინოში ჩარეცხავს ის თავის სამოსელს და ყურძნის სისხლში - ტანსაცმელს.
- 12თვალები მისი ღვინის უწითლესია და კბილები მისი რძის უთეთრესი!
- 13ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დაემკვიდრება და ხომალდთა სანაპიროზე იქნება. და ციდონს მისწვდება საზღვარი მისი!
- 14ისაქარი მაგარი ვირია, საპალნეებს შუა გაშხლართული.
- 15და დაინახა, რომ კარგია მოსვენება, და რომ საამურია მიწა. წაუხრია მხრები ტვირთის საზიდავად და გახდა ხარკის მუშა!
- 16დანი განსჯის თავის ხალხს, როგორც ერთ ტომს ისრაელისა.
- 17და იქნება დანი გველად გზაზე და ასპიტად ბილიკზე, დამგესლავი ცხენის ტერფისა. და გადაყირავდება მისი მხედარი!
- 18შენგან მოველი ხსნას, უფალო!
- 19გადს მოაწყდებიან ურდოები და ის თავად მისწვდება მათ ქუსლებს.
- 20აშერის პური ყუათიანია და იგი გასცემს სამეფო ნუგბარს.
- 21ნაფთალი ლაღი ფურირემია, მომცემი მოხდენილ სიტყვათა.
- 22ნაყოფიერი ყლორტია იოსები, ნაყოფიერი ყლორტია წყაროს თავზე, გალავანზეა მისი ტოტები!
- 23გაამწარეს ის და დაისრეს, და მტრობდნენ მას მოისარნი.
- 24და მისი მშვილდი კვლავ მაგარია და მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის მძლავრის ხელით. აქედანაა მწყემსი, საყრდენი ლოდი ისრაელისა.
- 25მამაშენის ღმერთისაგან - შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან - გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით, ძუძუთა და საშოს კურთხევებით.
- 26კურთხევა მამაშენისა აღემატება ჩემი მშობლების კურთხევას საუკუნო მთათა მიჯნამდე. იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
- 27ბენიამინი მტაცებელი მგელია: დილით ნანადირევს შეჭამს და საღამოთი გაანაწილებს ნადავლს.”
- 28ყველა ესენი ისრაელის თორმეტი ტომია. და ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ. და აკურთხა ისინი, თითოეული თავისი კურთხევით.
- 29და უბრძანა მათ: “მე შევეძინები ჩემს ხალხს. დამმარხეთ ჩემს მამებთან მღვიმეში, რომელიც ხეთელი ყეფრონის მინდორზეა.
- 30მღვიმეში, რომელიც მახფელას მინდორზეა, მამრეს გასწვრივ, ქანაანის ქვეყანაში, მინდორზე, რომელიც იყიდა აბრაამმა ხეთელი ყეფრონისაგან საკუთარ სამარხად.
- 31იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი. იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი. იქ დავმარხე მე ლეა.
- 32ეს მინდორი და მღვიმე, რომელიც არის იქ, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.”
- 33და დაასრულა იაკობმა ბრძანება თავის ძეთათვის, და აკრიბა სარეცელზე ფეხები და აღესრულა, და შეეძინა თავის ხალხს.
იტვირთება შემდეგი თავი