დაბადება — სბს–სტოკჰოლმი 2001
იტვირთება წინა თავი
თავი 50
- 1და დაემხო იოსები თავისი მამის პირისახეს, და დასტიროდა და ჰკოცნიდა მას.
- 2და უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და მკურნალებმა შემურვეს ისრაელი.
- 3და შეუსრულდა მას ორმოცი დღე. რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა შემურვას და დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათი დღე.
- 4და განვლეს მისი გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს: “თუკი ვპოვე მადლი თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს,
- 5რომ მამაჩემმა დამაფიცა მე ამ სიტყვებით: ‘აჰა, მე ვკვდები და ჩემს სამარხში, რომელიც გავითხარე ქანაანის ქვეყანაში, დამმარხეთ.’ და ახლა წავალ და დავმარხავ მამაჩემს, და დავბრუნდები”.
- 6და უთხრა ფარაონმა: “წადი და დამარხე მამაშენი, როგორც მან დაგაფიცა.”
- 7და წავიდა იოსები თავისი მამის დასამარხავად. და წაჰყვნენ მას ფარაონის მსახურნი, მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი,
- 8და იოსების მთელი სახლი, და მისი ძმანი, და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის ქვეყანაში.
- 9და მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და მხედრები. და იყო ეს ძალზე დიდი ბანაკი.
- 10და მივიდნენ ისინი ატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა, და იქ დაიტირეს იაკობი დიდი და ძალზე მძიმე გოდებით. და გაუმართა მამას შვიდდღიანი გლოვა.
- 11და იხილეს ქანაანის ქვეყნის მცხოვრებლებმა ეს გლოვა ატადის კალოზე, და თქვეს: “მძიმეა ეს გლოვა ეგვიპტელთათვის!” ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სახელად აბელ-მიცრაიმი, რომელიც იორდანეს გაღმაა.
- 12და აღუსრულეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უბრძანა მათ.
- 13და წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, და დამარხეს იგი მახფელას მინდვრის მღვიმეში, რომელიც საკუთრებად იყიდა აბრაამმა ამ მინდორთან ერთად ხეთელი ყეფრონისაგან, მამრეს გასწვრივ.
- 14და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში თავის ძმებთან და ყველა იმათთან ერთად, ვინც იყვნენ წასულნი მამამისის დასამარხავად, მათ მიერ მამის დამარხვის შემდეგ.
- 15და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მოკვდა მათი მამა, და თქვეს: “ვაითუ გვიმტროს იოსებმა ყველა იმ ბოროტებისათვის, რაც გავუკეთეთ მას!”
- 16და შეუთვალეს იოსებს: “მამაშენმა გვიანდერძა სიკვდილის წინ:
- 17‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. და ახლა აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს.’” და ატირდა იოსები, როცა ამას ეუბნებოდნენ.
- 18და მოვიდნენ თვით მისი ძმებიც, და დაემხნენ მის წინაშე, და უთხრეს: “შენი მსახურნი ვართ ჩვენ!”
- 19და უთხრა მათ იოსებმა: “ნუ შიშობთ, რამეთუ მე ღმერთის მეშინია.
- 20აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა გაეკეთებინა ის, რაც ახლა არის: სიცოცხლე შეენარჩუნებინა უამრავი ხალხისათვის.
- 21და ახლა ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.” და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ.
- 22და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში თავისი მამის სახლთან ერთად. და იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი.
- 23და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე. და ასევე ძენი მაქირისა, მენაშეს ძისა, დაიბადნენ იოსების მუხლებზე.
- 24და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: “მე ვკვდები და გაგიხსენებთ თქვენ ღმერთი, და აგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელზეც შეჰფიცა აბრაამს, ისაკსა და იაკობს.”
- 25და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: “როცა გაგიხსენებთ ღმერთი, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!”
- 26და მოკვდა იოსები ას ათი წლისა. და შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.