დაბადება — სბს–2013
თავი 1
- 1თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა.
- 2მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
- 3და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
- 4და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
- 5და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს – ღამე. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე პირველი.
- 6და თქვა ღმერთმა: „იქმნას წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.“
- 7და შექმნა ღმერთმა მყარი და გაჰყარა მყარს ქვემოთა წყლები მყარს ზემოთა წყლებისგან. ეს ასე იყო.
- 8და უწოდა ღმერთმა მყარს ცა. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეორე.
- 9და თქვა ღმერთმა: „შეგროვდეს წყლები ცისქვეშეთში ერთგან და გამოჩნდეს ხმელეთი.“ და იქმნა ასე.
- 10და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და წყალთა შესაკრებელს უწოდა ზღვა. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
- 11და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მომცემი, და ხენი ნაყოფიერნი მიწაზე, ყოველი მათგანი თავისი მსგავსი თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე.“ და იქმნა ასე.
- 12და აღმოაცენა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მომცემი თავისი სახის მიხედვით, და ხენი ნაყოფიერნი, თავისი მსგავსი თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
- 13და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მესამე.
- 14და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის ნიშნებად – დღეებისა და წელიწადებისა,
- 15და იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რომ გაანათონ მიწა.“ და იქმნა ასე.
- 16და გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი მნათობი – დღის განმგებლად, და მცირე მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.
- 17და დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ ენათებინათ მიწა,
- 18განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
- 19და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეოთხე.
- 20და თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდეს წყალში სულდგმული, მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს.“ და იქმნა ასე.
- 21და შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულები და ყოველი სულდგმული, მცურავი, თავ-თავისი სახისდა მიხედვით, რაც კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი სახისდა მიხედვით. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
- 22აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: „მოშენდით და იმრავლეთ, და გაავსეთ ზღვის წყლები, და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე.“
- 23და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეხუთე.
- 24და თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ სულდგმულნი თავ-თავისი სახისდა მიხედვით, პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი სახისდა მიხედვით.“ და იქმნა ასე.
- 25და შექმნა ღმერთმა მხეცნი მიწისა თავ-თავისი სახისდა მიხედვით და პირუტყვი თავ-თავისი სახისდა მიხედვით, და ქვემძრომი თავ-თავისი სახისდა მიხედვით. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
- 26და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელ დედამიწას და ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“
- 27და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი.
- 28და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა, და დაეუფლეთ მას, და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“
- 29და თქვა ღმერთმა: „აჰა, გაძლევთ თქვენ ყოველ ბალახს, თესლის მქონეს, რაც კი მიწის ზურგზეა, და ყოველ ნაყოფიერ ხეს, თესლის მქონეს. ეს იყოს თქვენი საზრდო!
- 30ხოლო ყოველ მხეცს მიწისას, და ცის ყოველ ფრინველს და ყოველ არსებას მიწაზე, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად!“ და იქმნა ასე.
- 31და მიხედა ღმერთმა ყოველივეს, რაც შექმნა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეექვსე.
იტვირთება შემდეგი თავი