დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1და გასრულდა ცა და მიწა და ყოველი სამკაული მათი.
- 2და გაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღეს თავისი საქმე, რასაც აკეთებდა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა.
- 3და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რაც შექმნისას გააკეთა.
- 4ასეთი იყო ცისა და მიწის დასაბამი მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას,
- 5არც მინდვრის ბუჩქი იყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი აღმოცენებულიყო მიწაზე, ვიდრე წვიმა არ მოიყვანა უფალმა ღმერთმა; და არც კაცი იყო, რომ დაემუშავებინა მიწა;
- 6მხოლოდ ნისლი ადიოდა წიაღიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.
- 7და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
- 8და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.
- 9და აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი – ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა.
- 10და მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი.
- 11ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას მთელ ქვეყანას, სადაც ოქროა.
- 12და ოქრო იმ ქვეყნისა კარგია. იქ არის სამყეც და ძვირფასი ქვაც.
- 13მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელ ქუშის ქვეყანას.
- 14მესამე მდინარის სახელია ტიგროსი; იგი აღმოსავლეთით ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ევფრატი.
- 15და აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დასვა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.
- 16და უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: „ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეგიძლია ამ ბაღში,
- 17ოღონდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ ჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები.“
- 18და თქვა უფალმა ღმერთმა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ მის შესაფერ შემწეს.“
- 19და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ყველა ცხოველი მინდვრისა და ყველა ფრინველი ცისა, და მიიყვანა ადამთან, რათა ენახა, რას დაარქმევდა; და რომელ სულდგმულს რას უწოდებდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.
- 20და უწოდა ადამმა სახელები ყველა შინაურ პირუტყვს, ცის ფრინველთ და ველის ყველა ცხოველს, მაგრამ არ გამოუჩნდა შემწე – თავისი შესაფერი.
- 21და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ძილქუში ადამს და, როცა დაეძინა, ერთი ნეკნი გამოუღო და ის ადგილი ხორცით ამოუვსო.
- 22და ააშენა უფალმა ღმერთმა დედაკაცი იმ ნეკნისაგან, კაცს რომ გამოუღო, და მიუყვანა ადამს.
- 23და თქვა ადამმა: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცია ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ეწოდოს მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.“
- 24ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ.
- 25და შიშველნი იყვნენ ორივენი, კაციც და მისი ცოლიც, და არ ერიდებოდათ.
იტვირთება შემდეგი თავი