დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1გველი ყველაზე ცბიერი იყო ველის ცხოველთა შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა. და უთხრა გველმა დედაკაცს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?“
- 2და მიუგო დედაკაცმა გველს: „რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,
- 3ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთო, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ დაიხოცებითო.“
- 4და უთხრა გველმა დედაკაცს: „არ დაიხოცებით.
- 5მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.“
- 6დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი ჩანდა საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, და მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. და მისცა თავის ქმარს და კაცმაც შეჭამა.
- 7და აეხილათ თვალები ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. და გადააკერეს ლეღვის ფოთლები და წინსაფენები გაიკეთეს.
- 8და გაიგონეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი ბაღის ხეებს შორის.
- 9და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: „ადამ, სადა ხარ?“
- 10და მიუგო ადამმა: „შენი ხმა გავიგონე ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.“
- 11და ჰკითხა მან: „ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხის ნაყოფი შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?“
- 12და უთხრა ადამმა: „შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.“
- 13და ჰკითხა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: „ეს რა ჩაიდინე?“ და თქვა დედაკაცმა: „გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.“
- 14და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი შენი სიცოცხლე!
- 15მე მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენს მოდგმასა და დედაკაცის მოდგმას შორის: მისი მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს; შენ კი მას ქუსლს დაუგესლავ!“
- 16და დედაკაცს უთხრა: „სატანჯველს გაგიმრავლებ; ფეხმძიმობას გაგიძნელებ; ტანჯვით შობ შვილებს, ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.“
- 17და ადამს უთხრა: „რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამაც მე აგიკრძალე, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით ღებულობდე მისგან საზრდოს მთელი შენი სიცოცხლე!
- 18და ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს მან და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო!
- 19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგან ხარ აღებული, რადგან მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი!“
- 20და დაარქვა ადამმა თავის ცოლს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
- 21და უქმნა უფალმა ღმერთმა ადამს და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა ისინი.
- 22და თქვა უფალმა ღმერთმა: „ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. ახლა, ვაითუ, გაიწოდოს ხელი და მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, შეჭამოს და მარადიულად იცოცხლოს!“
- 23და გაუშვა ადამი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
- 24და განდევნა იგი, ედემის ბაღს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი დაუყენა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი გზის დასაცავად.
იტვირთება შემდეგი თავი