დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1და შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: კაცი შემეძინაო უფლის წყალობით.
- 2და შემდგომ შვა აბელი, მისი ძმა. და გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი – მიწის მუშა.
- 3გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს.
- 4აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხვრის პირველმოგებულთაგან და მათი ლურთები. და მოეწონა უფალს აბელი და მისი ძღვენი,
- 5ხოლო კაენი და მისი ძღვენი არ მოეწონა. და ძალზე გამწარდა კაენი და სახე მოეღუშა.
- 6და ჰკითხა უფალმა კაენს: „რად გამწარდი, რად მოგიღუშავს სახე?
- 7თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, ცოდვა კართან გიცდის. შენსკენ მოილტვის, შენ კი იბატონე მასზე.“
- 8და უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: „გავიდეთ ველად.“ და იყო, რომ ველად ყოფნისას აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე და მოკლა იგი.
- 9და ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?“ უპასუხა მან: „არ ვიცი. მე ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?“
- 10და უთხრა უფალმა: „ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან!
- 11ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან!
- 12დაშვრები მიწაზე და აღარ მოგცემს იგი თავის ღალას. დევნილი და მიუსაფარი იქნები ქვეყნად.“
- 13და უთხრა კაენმა უფალს: „მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი.
- 14აჰა, მაძევებ დღეს მიწისაგან და შენ სახეს უნდა დავემალო! დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.“
- 15და თქვა უფალმა: „ყოველი მკვლელი კაენისა შვიდგზის მიიღებს შურისგებას.“ და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რათა არ მოეკლა იგი ყოველ მის შემხვედრს.
- 16და გაშორდა კაენი უფლის სახეს და დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
- 17და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. და ააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა თავისი ძის სახელი – ენოქი.
- 18და შვა ენოქმა ყირადი; და ყირადმა შვა მეხუიაელი, და მეხუიაელმა შვა მეთუშაელი, და მეთუშაელმა შვა ლამექი.
- 19და მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი: ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს – ცილა.
- 20და შვა ყადამ იაბალი, რომლისგანაც წარმოსდგნენ კარვებში მცხოვრები მეჯოგენი.
- 21მის ძმას ერქვა იუბალი, რომლისგანაც წარმოსდგნენ ყველა მეჩანგენი და მესტვირენი.
- 22და შვა ცილამ თუბალ-კაენი, რომლისგანაც წარმოსდგნენ მჭედელნი ბრინჯაოსა და რკინისა. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.
- 23და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: „ყადა და ცილა, ლამექის ცოლებო, ისმინეთ ჩემი და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი, რომელმაც დამჭრა და ყმაწვილი, რომელმაც დამარტყა.
- 24თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაჩვიდმეტგზის მიეზღვებათ.“
- 25და კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; და შვა ქალმა ვაჟი და უწოდა შეთი, რაც ნიშნავს: „მომმადლა ღმერთმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.“
- 26და შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. იმ დროიდან დაიწყეს უფლის სახელის ხსენება.
იტვირთება შემდეგი თავი