დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1და წამოვიდნენ აბრამი და თავისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებით ნეგებისაკენ, მათთან იყო ლოტიც.
- 2ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით.
- 3და გაემართა ნეგებიდან ბეთელისაკენ, სადაც უწინ მისი კარავი იდგა ბეთელსა და ღაის შორის,
- 4სადაც მან ადრე სამსხვერპლო ააგო, და სადაც მოუხმობდა უფლის სახელს.
- 5და ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მიდიოდა, ჰყავდა ცხვარი და ძროხა და ჰქონდა კარვები.
- 6და ვერ იტევდა მათ ქვეყანა ერთად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვეღარ ეტეოდნენ ერთად.
- 7და იყო დავა აბრამისა და ლოტის მწყემსებს შორის. ქანაანელები და ფერიზელები სახლობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
- 8და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ ჩვენ.
- 9განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.“
- 10აღაპყრო ლოტმა თვალები და იხილა იორდანეს მთელი ხეობა ცოყარამდე, რომელიც მთლიანად სარწყავი იყო ცოყარის მისადგომებამდე; ვიდრე უფალი მოსპობდა სოდომსა და გომორას, იყო იგი როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა მიწა.
- 11და ამოირჩია ლოტმა თავისთვის იორდანეს მთელი ხეობა, და წავიდა ლოტი აღმოსავლეთისაკენ, და განცალკევდა კაცი თავისი ძმისაგან.
- 12აბრამი დასახლდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დასახლდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
- 13ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
- 14და უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: „აახილე თვალი და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.
- 15მთელს ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს მოდგმას გაძლევთ უკუნისამდე.
- 16და ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს მოდგმას. და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის აღრიცხვას, მაშინ შენი მოდგმაც აღირიცხება.
- 17ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი, რადგან შენ მოგცემ მას.“
- 18და აშალა კარვები აბრამმა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია. და აუგო იქ სამსხვერპლო უფალს.
იტვირთება შემდეგი თავი