დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1შინყარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა – ელასარის მეფემ, ქედორლაღომერმა – ყელამის მეფემ და თიდყალმა – გოიმის მეფემ
- 2ბრძოლა გაუმართეს სოდომის მეფე ბერაყს, გომორას მეფე ბირშაყს, ადმას მეფე შინაბს, ცებოიმის მეფე შემებერს და ბელაყის ანუ ცოყარის მეფეს.
- 3ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა.
- 412 წელიწადი ემორჩილებოდნენ ისინი ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აუჯანყდნენ.
- 5მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და გაანადგურეს რეფაიმელნი ყაშთეროთ-კარნაიმში, ზუზიმელნი ჰამში, ემიმები შავე-კირიათაიმში,
- 6და ხორიელები სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან.
- 7და უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, ახლანდელ კადეშთან, და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, და აგრეთვე ამორეველნი – ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი.
- 8და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის, ანუ ცოყარის მეფეები, და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა
- 9ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს – ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ.
- 10სიდიმის ველზე იყო ფისის უამრავი ორმო. და უკუიქცნენ სოდომისა და გომორას მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ.
- 11წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება და მთელი სარჩო, და წავიდნენ.
- 12და წაიყვანეს აბრამის ძმისწული ლოტიც, მცხოვრები სოდომში და მთელი მისი ქონება, და წავიდნენ.
- 13და მოვიდა ერთი გადარჩენილი კაცი და მოუტანა ამბავი ებრაელ აბრამს. მაშინ იგი ბინადრობდა მუხნარში, რომელიც ეკუთვნოდა ამორეველ კაცს, მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმას. ისინი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.
- 14როცა გაიგო აბრამმა, რომ მისი ძმისწული წაუყვანიათო ტყვედ, აღჭურვა თავის სახლში შობილი 318 მსახური და სდია მტერს დანამდე.
- 15და დაყო აბრამმა თავისი კაცები ღამით, და გაანადგურეს მტერი და სდიეს მათ ხობამდე, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.
- 16და დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, ქალებიცა და ხალხიც.
- 17და გამოვიდა მეფე სოდომისა მის შესახვედრად შავეს ველზე, რომელსაც სამეფო ველსაც უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.
- 18და მელქიცედეკმა, სალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი.
- 19და აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულ იყოს აბრამი ცისა და მიწის შემოქმედის, უზენაესი ღმერთის მიერ.
- 20და კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.“ და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი.
- 21და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: „მომეცი მე ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.“
- 22მაგრამ უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: „უფალს, უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს,
- 23თუ თითზე გადახვევა რამ ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი;
- 24გარდა იმისა, რაც ჩემმა მსახურებმა შეჭამეს, და რაც ჩემთან მყოფ კაცებს ერგოთ წილად – ყანერს, ეშქოლსა და მამრეს, წაიღონ მათ თავ-თავიანთი წილი.“
იტვირთება შემდეგი თავი