დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: „ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდი იქნება შენი საზღაური!“
- 2და უთხრა აბრამმა: „უფალო ღმერთო, რა უნდა მომცე იმის სანაცვლოდ, რომ უშვილოდ გადავდივარ და ჩემი სახლი დამასკოელ ელიყეზერს რჩება?“
- 3და კვლავ უთხრა აბრამმა: „შენ არ მოგიცია შთამომავალი და ჩემს სახლში შობილი მსახური ხდება ჩემი მემკვიდრე.“
- 4და იყო სიტყვა უფლისა მის მიმართ: „არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.“
- 5და გაიყვანა მან იგი გარეთ და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ ძალგიძს მათი აღრიცხვა.“ და უთხრა: „ამდენი იქნება შენი მოდგმა.“
- 6და ერწმუნა იგი უფალს, და უფალმა სიმართლეში ჩაუთვალა ეს აბრაამს.
- 7და უთხრა მან: „მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.“
- 8ხოლო აბრამმა უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო, როგორ გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“
- 9და უთხრა მას უფალმა: „მომიყვანე სამი წლის დეკეული, სამი წლის დედალი თხა, სამი წლის ვერძი, ერთი გვრიტი და ერთი მტრედის ხუნდი.“
- 10და მიუყვანა მას ეს ყველაფერი, აბრამმა სიგრძეზე გაკვეთა და მიუწყო ისინი ერთმანეთს პირისპირ. მხოლოდ ფრინველები არ გაუკვეთია.
- 11და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორებს, მაგრამ აბრამმა მოუგერია ისინი.
- 12მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს. და ძრწოლამ და წყვდიადმა მოიცვა იგი.
- 13და უთხრა უფალმა აბრამს: „იცოდე, ხიზნად იქნება შენი მოდგმა სხვის ქვეყანაში. დაიმონებენ მათ და დაჩაგრული ეყოლებათ 400 წელი.
- 14იმ ხალხს კი, ვისი მსახურნიც შეიქნებიან, მე განვსჯი. ამის შემდგომ კი დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან.
- 15და შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და ტკბილ სიბერეს მიწევნილი დაიმარხები.
- 16მეოთხე თაობაში მობრუნდება შენი მოდგმა აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.“
- 17როდესაც მზე ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, თითქოს ღუმელი აბოლდაო და ცეცხლის ალმა გაიარა გაკვეთილ ნაწილებს შორის.
- 18ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: „შენს მოდგმას ვაძლევ ამ ქვეყანას ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარე ევფრატამდე:
- 19ქვეყანას კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა,
- 20ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,
- 21ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა.“
იტვირთება შემდეგი თავი