დაბადება — სბს–2013

იტვირთება წინა თავი

თავი 24

  1. 1
    და მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა. და უფალმა აკურთხა აბრაამი ყოველმხრივ.
  2. 2
    და უთხრა აბრაამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, რომლიც მთელ მის ქონებას განაგებდა: „ამომიდევი ხელი საზარდულს ქვეშ,
  3. 3
    და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ ცოლად არ მოჰგვრი ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
  4. 4
    არამედ წახვალ ჩემს მშობელ ქვეყანაში და მოჰგვრი ცოლს იქიდან ჩემს ძეს, ისააკს.“
  5. 5
    და უთხრა მას მსახურმა: „რომ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა, მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც შენ გამოხვედი?“
  6. 6
    და უთხრა მას აბრაამმა: „გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.
  7. 7
    უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ჩემი სამშობლოდან, რომელიც მელაპარაკა მე და შემომფიცა და მითხრა, რომ ჩემს მოდგმას მისცემდა ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს, რომ წამოიყვანო ქალი იქიდან ჩემი ძისათვის.
  8. 8
    და თუ არ წამოგყვეს ქალი, მაშინ თავისუფალი იქნები შენ იმ ფიცისაგან, რომელიც მე შემომფიცე, ოღონდ ჩემი ძე არ დააბრუნო იქ.“
  9. 9
    და ამოუდო ხელი საზარდულს ქვეშ მსახურმა აბრაამს, თავის ბატონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
  10. 10
    და გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან და გაუდგა გზას. მან თან წაიღო თავისი ბატონის განძეულთაგან და წავიდა არამ-ნახარაიმისაკენ – ნახორის ქალაქისაკენ.
  11. 11
    და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ საღამო ხანს ერთ ჭასთან, იმ დროს, როდესაც ქალები გამოდიან წყლის ამოსახაპად.
  12. 12
    და თქვა: „უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთო! ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს და მადლი უყავი ჩემს ბატონს, აბრაამს!
  13. 13
    აჰა, მე ვდგავარ ჭასთან სადაც ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოდიან წყლის ამოსახაპად;
  14. 14
    და თუ მოხდა და ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, და ის მიტყვის, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მსახურის, ისააკისთვის რომ გყავს დანიშნული. და ამით მივხვდები, რომ წყალობა უყავ ჩემს ბატონს.“
  15. 15
    მას ჯერ არ დაემთავრებინა სიტყვა, რომ მოვიდა მხარზე კოკაშემოდგმული რებეკა, რომლის მამა იყო ბეთუელი, რომელიც იყო ძე მილქასი და ნახორისა, აბრაამის ძმისა.
  16. 16
    ყმაწვილი ქალი ძალზე მშვენიერი იყო შესახედად; ქალწული იყო, მამაკაცი ჯერ არ გაჰკარებოდა. და ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.
  17. 17
    და გაიქცა მსახური მის შესახვედრად, და სთხოვა: დამალევინეო ცოტა შენი კოკიდან.
  18. 18
    და უპასუხა მან: „დალიე, ჩემო ბატონო,“ და სწრაფად ჩამოიღო კოკა მხრიდან და დაალევინა.
  19. 19
    და რომ შეასვა, უთხრა: „შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.“
  20. 20
    და უმალვე ჩამოცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. და უზიდავდა აქლემებს წყალს.
  21. 21
    და კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა მას გზა.
  22. 22
    და როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ნახევარი შეკელი წონის ოქროს რგოლი, და ათი შეკელის წონის ოქროს ორი სამაჯური.
  23. 23
    და ჰკითხა: „ვისი შვილი ხარ? მითხარი, თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის?“
  24. 24
    და უპასუხა მან: „ბეთუელის ასული ვარ, ნახორის ძისა, მილქამ რომ უშვა.“
  25. 25
    და დაამატა: „ბზეცა და თივაც ბევრი გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც მოგვეძიება.“
  26. 26
    და მუხლი მოიყარა იმ კაცმა, და თაყვანი სცა უფალს.
  27. 27
    და თქვა: „კურთხეულია უფალი, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო სიმართლე და სიყვარული ჩემს ბატონს. უფალმა პირდაპირ მომაყენა ჩემი ბატონის ძმების სახლს.“
  28. 28
    და გაიქცა ყმაწვილი ქალი და ამცნო ეს ყველაფერი თავისი დედის სახლს.
  29. 29
    რებეკას ჰყავდა ძმა, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი იმ კაცისაკენ ჭასთან.
  30. 30
    და როცა იხილა რგოლი და სამაჯურები თავისი დის ხელებზე, და როცა მოისმინა თავისი დის, რებეკას მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა ლაბანი იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას ჭის პირას.
  31. 31
    და უთხრა: „შინ წამოდი, უფლის კურთხეულო, რად დგახარ გარეთ? მე გაგიმზადე ბინა და აქლემების სადგომი.“
  32. 32
    და შევიდა კაცი სახლში. მოხადა ლაბანმა აქლემებს საკაზმები და მისცა მათ ბზე და თივა, და მას და მის თანმხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მოუტანა.
  33. 33
    და გაუწყვეს სუფრა, რომ ეჭამა. მაგრამ მან თქვა: „ვერ შევჭამ, ვიდრე არ ვიტყვი ჩემს სათქმელს.“ და უთხრა ლაბანმა: „თქვი.“
  34. 34
    და თქვა: „მე ვარ მსახური აბრაამისა.
  35. 35
    უფალმა დიდად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი. მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, ურიცხვი აქლემი და ვირი.
  36. 36
    და უშვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ძე ჩემს ბატონს, რომელსაც აბრაამმა მისცა მთელი თავისი საბადებელი.
  37. 37
    და დამაფიცა ჩემმა ბატონმა, არ მოუყვანოო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო,
  38. 38
    არამედ წადი ჩემი მამა-პაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქიდან მოუყვანეო ცოლი ჩემს ძეს.
  39. 39
    და ვუთხარი ჩემს ბატონს, რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი?
  40. 40
    და მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან.
  41. 41
    მაშინ გათავისუფლდები ჩემი ფიცისაგან, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ. და თუ არ გამოგაყოლებენ ქალს, მაშინ თავისუფალი ხარ ჩემი ფიცისაგან.’
  42. 42
    და მოვედი მე დღეს ჭასთან, და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ,
  43. 43
    აჰა, მე ვდგავარ ჭასთან და ყმაწვილ ქალს, რომელიც გამოვა ამოსახაპად, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი კოკიდან,
  44. 44
    და რომელიც მეტყვის: შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის ქალი იქნება, რომელიც აურჩევია უფალს ჩემი ბატონის შვილისთვის.’
  45. 45
    და ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, დავინახე რებეკა მხარზე კოკაშედგმული. და ჩავიდა იგი ჭასთან და, რომ ამოხაპა, ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
  46. 46
    და უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა.
  47. 47
    და ვკითხე მას: ვისი შვილი ხარ-მეთქი? და მითხრა: ბეთუელის ასული ვარ, ნახორის ძისა, მილქამ რომ უშვაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.
  48. 48
    და მოვიყარე მუხლი, და თაყვანი ვეცი უფალს, და ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც წარმმართა ჭეშმარიტი გზით, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მის შვილს მივგვარო ცოლად.
  49. 49
    და ახლა მითხარით მე: მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი ბატონისთვის? თუ არა და ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.“
  50. 50
    და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: „უფლისგან მოდის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს.
  51. 51
    აჰა, აქ არის რებეკა. წაიყვანე და წადი! და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს.“
  52. 52
    როგორც კი ისმინა აბრაამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მდაბლად.
  53. 53
    და ამოიღო აბრაამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და მისცა რებეკას. და მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
  54. 54
    და ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა, და ღამე გაათიეს. და ადგნენ დილით და თქვა აბრაამის მსახურმა: „გამიშვით ჩემს ბატონთან.“
  55. 55
    მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: „დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათ დღეს მაინც, შემდეგ კი შეგიძლიათ წახვიდეთ.“
  56. 56
    მაგრამ მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან სასიკეთოდ წარუმართავს უფალს ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან!“
  57. 57
    და უთხრეს: „მოვუხმოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.“
  58. 58
    და დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: „თუ წახვალ ამ კაცთან ერთად?“ და მან თქვა: „წავალ!“
  59. 59
    და გაისტუმრეს რებეკა, თავიანთი და, თავისი ძიძითურთ, და აბრაამის მსახური და მისი კაცები.
  60. 60
    და დალოცეს რებეკა და უთხრეს: „ჩვენი და ხარ შენ. ბევრათასჯერ იმრავლე, თავის მტერთა ბჭენი დაიმკვიდროს შენმა მოდგმამ!“
  61. 61
    და შესხდნენ რებეკა და მისი მხევლები აქლემებზე და გაჰყვნენ იმ კაცს. და წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
  62. 62
    ხოლო ისააკი წამოსულიყო ბეერ-ლახაი-როიდან და ცხოვრობდა ნეგებში.
  63. 63
    და გავიდა ერთხელ ისააკი საღამო ხანს მინდორში ფიქრთგასართველად, და გაიხედა, და დაინახა მომავალი აქლემები.
  64. 64
    და გაიხედა რებეკამ, და დაინახა ისააკი და ჩამოხდა აქლემიდან.
  65. 65
    და უთხრა მსახურს: „ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესაგებებლად?“ და მიუგო მსახურმა: „ჩემი ბატონია ის.“ და აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.
  66. 66
    და მოუთხრო მსახურმა ისააკს ყოველივე, რაც გააკეთა.
  67. 67
    და შეიყვანა იგი ისააკმა თავისი დედის, სარას, კარავში, და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა იგი. და დაუცხრა ისააკს დედის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი.
იტვირთება შემდეგი თავი