დაბადება — სბს–2013

იტვირთება წინა თავი

თავი 23

  1. 1
    და იცოცხლა სარამ 127 წელი.
  2. 2
    და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყში, ეს არის ხებრონი, ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
  3. 3
    და ადგა თავისი მკვდრისაგან და ელაპარაკა ხეთელებს:
  4. 4
    „მწირად ვარ და ხიზნად მე თქვენთან. მომეცით მე საკუთარი სამარხი ადგილი თქვენს მიწაზე, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი.“
  5. 5
    და მიუგეს ხეთელებმა აბრაამს:
  6. 6
    „მოგვისმინე ბატონო, ღვთის მთავარი ხარ შენ ჩვენს შორის! ჩვენს რჩეულ სამარხში დამარხე შენი მკვდარი, ჩვენგან არავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხად.“
  7. 7
    ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ მიწის ხალხს, ხეთელებს.
  8. 8
    და ელაპარაკა მათ: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონს, ცოხარის ძეს,
  9. 9
    რომ მომცეს მახფელას მღვიმე, მისი მინდვრის ბოლოს რომ არის: სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, ჩემი საკუთრი სამარხი რომ მქონდეს.“
  10. 10
    და ყეფრონი იჯდა ხეთელებს შორის, და მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ხეთელთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის გასაგონად და უთხრა:
  11. 11
    „არა, ბატონო, მომისმინე: მინდორიც მომიცია და ის მღვიმეც, იქ რომ არის, ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია შენი მკვდრის დასამარხად!“
  12. 12
    და თაყვანი სცა აბრაამმა ამ მიწის ხალხს.
  13. 13
    და ელაპარაკა ყეფრონს ხალხის გასაგონად: „იქნებ მოგესმინა ჩემთვის. საფასურს გაძლევ მინდვრისათვის; გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს.“
  14. 14
    და პასუხად მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა:
  15. 15
    „ყური დამიგდე, ბატონო: რა სალაპარაკოა 400 შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა მე და შენს შორის? დამარხე შენი მკვდარი.“
  16. 16
    და დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად – 400 შეკელი ვერცხლი სავაჭარო მაზანდით.
  17. 17
    და დაუმტკიცდა ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს ახლოს რომ არის, მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ყოველი ხე, იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ არის ირგვლივ,
  18. 18
    საკუთრებად აბრაამს ხეთელთა და სხვა ყველას თანდასწრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მისული.
  19. 19
    და ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი, მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს ახლოს. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყანაში.
  20. 20
    ასე დაუმტკიცდა აბრაამს ხეთელებისგან მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, სამარხად.
იტვირთება შემდეგი თავი