დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!“ და მიუგო აბრაამმა: „აქა ვარ!“
- 2და უთხრა მან: „წაიყვანე ისააკი, ძე შენი ერთადერთი, რომელიც გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც მე გეტყვი.“
- 3და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი, თან წაიყოლა თავისი ორი მსახური ბიჭი და ისააკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა.
- 4მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
- 5და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: „თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.“
- 6და აიღო აბრაამმა შეშა სრულადდასაწველისათვის და აჰკიდა ზურგზე ისააკს, თავის ძეს, და აიღო ხელში ცეცხლი და დანა. და ორივენი წავიდნენ ერთად.
- 7და უთხრა ისააკმა აბრაამს თავის მამას: „მამაჩემო!“ აბრაამმა მიუგო: „აქა ვარ, ჩემო შვილო!“ და თქვა ისააკმა: „ცეცხლი და შეშა მიგვაქვს, სრულადდასაწველი კრავი სადღა არის?“
- 8და უთხრა აბრაამმა: „ჩემო შვილო, ღმერთი თავად გამონახავს კრავს სრულადდასაწველად.“ ორივემ ერთად გააგრძელეს გზა.
- 9და მივიდნენ იმ ადგილას, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისააკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოს შეშაზე.
- 10და გაიწოდა ხელი აბრაამმა, დანა აიღო შვილის დასაკლავად.
- 11და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: „აბრაამ, აბრაამ!“ მიუგო: „აქა ვარ!“
- 12და უთხრა ანგელოზმა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან ახლა გავიგე, რომ ღვთისმოშიში ხარ, და შენი ერთადერთი ძე გაიმეტე ჩემთვის.“
- 13და გაიხედა აბრაამმა და დაინახა, რომ ერთი ვერძი რქებით იყო გახლართული ჯაგებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავისი ძის ნაცვლად.
- 14და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად: უფალი გამოაჩენს; როგორც ამბობენ მას შემდეგ: უფლის მთაზე გამოჩნდებაო.
- 15და მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ზეციდან მეორედ,
- 16და უთხრა: „გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი,
- 17გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს მოდგმას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით! და დაიმკვიდრებს შენი მოდგმა თავისი მტრების კარიბჭეებს!
- 18და კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისათვის, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა!“
- 19და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან, და ადგნენ და წავიდნენ ერთად ბეერ-შებაყისაკენ. და სახლობდა აბრაამი ბეერ-შებაყში.
- 20და ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაამს, რომ მილქამაც უშვა ძენი ნახორს, აბრაამის ძმას:
- 21ყუცი, მისი პირმშო, და ბუზი, ყუცის ძმა, კემუელი – არამის მამა,
- 22ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი.
- 23ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ უშვა ეს რვა ვაჟი ნახორს, აბრაამის ძმას.
- 24მისმა ხარჭამაც, სახელად რეუმამ, შვა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
იტვირთება შემდეგი თავი