დაბადება — სბს–2013

იტვირთება წინა თავი

თავი 21

  1. 1
    და უფალმა გაიხსენა სარა და შეუსრულა, რაც აღუთქვა.
  2. 2
    დაორსულდა სარა და უშვა მოხუცებულ აბრაამს ძე უფლისგან დათქმულ დროზე.
  3. 3
    და დაარქვა აბრაამმა სახელად თავის ძეს ისააკი, რომელიც უშვა მას სარამ.
  4. 4
    და წინადაცვითა აბრაამმა რვა დღის ისააკი, თავისი ძე, როგორც უბრძანა მას ღმერთმა.
  5. 5
    100 წლისა იყო აბრაამი, როცა მას ისააკი შეეძინა.
  6. 6
    და თქვა სარამ: „დასაცინი გამხადა მე ღმერთმა. ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.“
  7. 7
    და კვლავ თქვა: „ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც გავუჩინე მისი სიბერის ძე.“
  8. 8
    წამოიზარდა ბავშვი და ძუძუს მოსწყვიტეს. და აბრაამმა დიდი ძეობა გამართა იმ დღეს, როცა ისააკი ძუძუს მოსწყვიტეს.
  9. 9
    და დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი ჰაგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს.
  10. 10
    და უთხრა მან აბრაამს: „გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ გახდეს მხევლის ძე ისააკთან, ჩემს ძესთან, ერთად შენი მემკვიდრე.“
  11. 11
    ძალზე შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
  12. 12
    და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ნუ დარდობ ყმაწვილზე და შენს მხევალზე. გაუგონე სარას, რასაც გეუბნება, რადგან ისააკი გააგრძელებს შენს მოდგმას;
  13. 13
    და ამ მხევლის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.“
  14. 14
    ადგა აბრაამი დილაადრიანად, აიღო პური და წყლის ტიკჭორა და მისცა ჰაგარს, ზურგზე აჰკიდა და ბავშვიანად გაუშვა. და წავიდა ჰაგარი და გზააბნეული დახეტიალობდა ბეერ-შებაყის უდაბნოში.
  15. 15
    გაუთავდა წყალი ტიკჭორაში, ჰაგარს; დატოვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
  16. 16
    წავიდა და დაჯდა მოშორებით, საისრე მანძილზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო. იჯდა შორს და ხმამაღლა ტიროდა.
  17. 17
    და ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა, და გადმოსძახა ღვთის ანგელოზმა ჰაგარს ზეციდან და ჰკითხა: „რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ღმერთს შემოესმა შენი ძის ხმა იმ ადგილიდან, სადაც ის არის.
  18. 18
    ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში! მე მისგან წარმოვშობ დიდ ხალხს.“
  19. 19
    და აუხილა ღმერთმა თვალი ჰაგარს და დაინახა მან წყლის ჭა, და წავიდა და აავსო ტიკჭორა წყლით, და დაალევინა თავის ყრმას.
  20. 20
    და იყო ღმერთი ყრმასთან, და გაიზარდა და ცხოვრობდა უდაბნოში, და გახდა იგი მშვილდოსანი.
  21. 21
    ცხოვრობდა იგი ფარანის უდაბნოში; და მოუყვანა დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან.
  22. 22
    და მოხდა იმ დროს: აბრაამს ელაპარაკნენ აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი, და უთხრეს: „ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც შენ აკეთებ,
  23. 23
    ახლა შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ გვიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას. როგორც მე გექცეოდი კეთილად, შენც ისე მოგვექეცი მე და ამ ქვეყანას, რომელშიც ხიზნად ხარ.“
  24. 24
    და უთხრა აბრაამმა: „გეფიცები!“
  25. 25
    და უსაყვედურა აბრაამმა აბიმელექს წყლის იმ ჭის გამო, რომელიც მიიტაცეს აბიმელექის მსახურებმა.
  26. 26
    და უთხრა აბიმელექმა: „არ ვიცი, ვინ ქნა ეგ საქმე, შენ არაფერი გითქვამს ჩემთვის, მეც არაფერი მსმენია დღემდე.“
  27. 27
    და მოლალა აბრაამმა ცხვარ-ძროხა და მისცა აბიმელექს, და შეკრეს მათ კავშირი.
  28. 28
    გამოარჩია აბრაამმა ფარიდან შვიდი კრავი ცალკე,
  29. 29
    და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რა არის ეს შვიდი კრავი, ცალკე რომ გამოარჩიე?“
  30. 30
    მან უპასუხა: „მიიღე ეს შვიდი კრავი ჩემი ხელიდან იმის დასამოწმებლად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა.“
  31. 31
    ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
  32. 32
    და შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში, და აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.
  33. 33
    და დარგო იალღუნი აბრაამმა ბეერ-შებაყში, და იქ მოუხმო მან უფლის, საუკუნო ღმერთის სახელს.
  34. 34
    და დიდხანს ხიზნობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში.
იტვირთება შემდეგი თავი