დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1გაემგზავრა აბრაამი იქიდან ნეგების ქვეყნისაკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და ხიზნად ცხოვრობდა გერარში.
- 2და თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არისო იგი. და გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, და თავისთან მოაყვანინა სარა.
- 3და მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: „მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი.“
- 4მაგრამ აბიმელექი არ მიჰკარებია მას და ამიტომ თქვა: „უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ?
- 5განა თავად არ მითხრა: ჩემი და არისო? და ქალმაც თვითონ თქვა, ჩემი ძმა არისო. წრფელია ჩემი გული და უდანაშაულოა ჩემი ხელი.“
- 6და უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: „მეც ვიცი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და მეც აგაშორე ცოდვას ჩემს წინაშე. ამიტომ არ მიგაკარე ამ ქალს.
- 7ახლა კი დაუბრუნე ცოლი ამ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია იგი და ილოცებს შენთვის, და გადარჩები. და თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ შენცა და შენიანებსაც.“
- 8და ადგა აბიმელექი დილაადრიანად და მოიწვია ყველა თავისი მსახური, და გაიმეორა ყველა ეს სიტყვა მათ გასაგონად. მეტისმეტად შეშინდა ხალხი.
- 9და მოიხმო აბიმელექმა აბრაამი, და უთხრა: „ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე ისეთი, რომ ასეთ დიდ ცოდვაში გვაგდებდი მეცა და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არასდროს არავისთვის უქნიათ.“
- 10და კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რას ფიქრობდი, ამას რომ სჩადიოდი?“
- 11უპასუხა აბრაამმა: „მეგონა, არ იყო ღვთის შიში ამ მხარეში, და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო.
- 12მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც შევირთე ცოლად.
- 13და როცა ღმერთმა გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი ამ ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: სადაც არ უნდა მოვხვდეთ, ჩემზე თქვი: ჩემი ძმა არის-თქო იგი.“
- 14და მოარეკინა აბიმელექმა ცხვარ-ძროხა, მსახურნი და მხევალნი, და მისცა აბრაამს, და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.
- 15და უთხრა აბიმელექმა: „აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გნებავს, იქ დასახლდი.“
- 16და სარას უთხრა: „აჰა, მივეცი შენს ძმას ათასი შეკელი ვერცხლი. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველას წინაშე გამართლებული ხარ!“
- 17და ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მისი მხევლები, და მათ კვლავ იწყეს შობა,
- 18რადგან ყველასათვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის, სარას გამო.
იტვირთება შემდეგი თავი