დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1და მივიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და თაყვანი სცა მდაბლად.
- 2უთხრა: „აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში! ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ.“ და უთხრეს: „არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს!“
- 3არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. და გაუმართა მათ ვახშამი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს მათ.
- 4ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელნი გარშემოერტყნენ სახლს, ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად.
- 5და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს: „სად არიან კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა მივუწვეთ!“
- 6გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიხურა კარი,
- 7და უთხრა: „ნუ იზამთ უკეთურებას, ძმებო!
- 8აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელნიც ჯერ არ წოლილან კაცთან. მათ გამოვიყვან და უყავით, რაც გენებოთ, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი!“
- 9მაგრამ უპასუხეს: „მოგვცილდი აქედან!“ და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე შემოხიზნულხარ აქ, და სამართალს გვისჯი? შენ მათზე უარესს გიზამთ!“ და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა.
- 10მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და კარები დაგმანეს.
- 11ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, დიდიან-პატარიანად სიბრმავე დაატეხეს და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში.
- 12ლოტის სტუმრებმა ჰკითხეს მას: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძენი – ყველა, ვინც შენი ახლობელია ამ ქალაქში, გაიყვანე აქედან,
- 13რადგან გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, იმის გამო, რომ უფლამდე მიაღწია მათზე სამდურავის ღაღადმა, და მოგვავლინა ჩვენ მის გასანადგურებლად!“
- 14და გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, თავისი ასულების მთხოვნელთ, და უთხრა: „ადექით და გადით აქედან, რადგან უფალი განადგურებას უპირებს აქაურობას.“ სასიძოებს ეგონათ, ლოტი ხუმრობსო.
- 15განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი ამ სიტყვებით: „ადექ და წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, აქ რომ არიან, რათა არ გადაჰყვეთ ქალაქის ურჯულოებას!“
- 16მაგრამ ფეხს ითრევდა ლოტი. მაშინ კაცებმა ჩასჭიდეს ხელი მას, მის ცოლს და მის ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და გაიყვანეს ქალაქს გარეთ.
- 17როცა გამოიყვანეს ისინი გარეთ, უთხრა ერთ-ერთმა: „გადაირჩინე შენი სული, ნუ მიიხედავ უკან და ნუ გაჩერდები ამ არემარეზე! მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები!“
- 18და უთხრა მათ ლოტმა: „არა, ბატონო!
- 19რადგან ჰპოვა თქვენმა მსახურმა მადლი შენს თვალში და დიდია შენი წყალობა, რომელიც მოიღეთ ჩემზე ჩემი სულის გადასარჩენად, ვერ შევეფარები მთას: ვაითუ, გადავაწყდე უბედურებას და მოვკვდე!
- 20აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები.“
- 21და უთხრა: „კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
- 22აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ!“ და ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი.
- 23და მივიდა ლოტი ცოყარს, როცა ამოვიდა მზე ქვეყანაზე.
- 24და აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორას გოგირდის ცეცხლი უფლისაგან.
- 25და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.
- 26და უკან მოხედვისას, ლოტის ცოლი იქცა მარილის სვეტად.
- 27და ადგა აბრაამი დილაადრიანად და წავიდა იმ ადგილას, სადაც იდგა ის უფლის წინაშე.
- 28და როცა გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ, დაინახა: კვამლი ასდის მიწას მთელს არემარეზე, მსგავსად ღუმელიდან ამოვარდნილი ბოლისა.
- 29და როცა ამხობდა ღმერთი იმ არემარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი, და გაარიდა ლოტი დაქცევიდან, როცა სპობდა ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.
- 30და ავიდა ლოტი ცოყარიდან, და დასახლდა მთაში თავის ორ ასულთან ერთად, რადგან ეშინოდა ცოყარში ცხოვრებისა. და დასახლდა მღვიმეში თავის ორ ასულთან ერთად.
- 31და უთხრა უფროსმა ასულმა უმცროსს: „მოხუცია მამაჩვენი და არ არის ქვეყანაზე მამაკაცი, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
- 32მოდი, შევასვათ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ და მივუწვეთ და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.“
- 33და შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით და მივიდა უფროსი და მიუწვა თავის მამას. მას მისი არც დაწოლა გაუგია და არც ადგომა.
- 34მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: „აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩვენთან. შევასვათ მას ღვინო ამაღამაც. და მიდი, მიუწექი, და აღვადგინოთ მამაჩვენისგან შთამომავლობა.“
- 35და ასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას. და დაწვა უმცროსი მასთან. ლოტს მისი არც დაწოლა გაუგია და არც ადგომა.
- 36და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავიანთი მამისაგან.
- 37და შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე.
- 38და უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონელთა მამა დღევანდლამდე.
იტვირთება შემდეგი თავი