დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1და გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხასთან, კარვის წინ, შუადღის პაპანაქებაში მჯდომს.
- 2გაიხედა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო. დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და მდაბლად თაყვანი სცა მათ.
- 3და უთხრა: „ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ ჩაუვლი შენს მსახურს!
- 4მოვატანინებ ცოტა წყალს და დაგბანენ ფეხს, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.
- 5ლუკმა პურს მოვიტან და დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მსახურის კარზე გამოიარეთ!“ და უთხრეს: „გააკეთე, რასაც ამბობ!“
- 6და სწრაფად მივიდა აბრაამი სარას კარავთან, და უთხრა: „აბა, საჩქაროდ სამი საწყაო გამტკიცული ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე!“
- 7შემდეგ ნახირისკენ გაიქცა აბრაამი და აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, და მისცა იგი თავის მსახურს, და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის გამზადებას.
- 8გამოუტანათ ერბო და რძე, და გამზადებული ხბო, და წინ დაუწყო. ხოლო თვითონ იდგა მათ გვერდით, ხის ქვეშ, ვიდრე ისინი ჭამდნენ.
- 9და ჰკითხეს მას: „სად არის სარა, შენი ცოლი?“ და უპასუხა მან: „აქვეა, კარავში.“
- 10შემდეგ უთხრა მას ერთმა მათგანმა: „გაისად ამ დროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან. და ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს.“ სარა კარვის კარს უკან იდგა და ყველაფერი ესმოდა.
- 11და მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი. დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.
- 12და გაეცინა გულში სარას და თქვა: „რა სიამე უნდა განვიცადო, როცა უკვე დავბერდი? და ჩემი ქმარიც მოხუცებულია.“
- 13და უთხრა უფალმა აბრაამს: „რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?
- 14უფლისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან, გაისად, და სარას უკვე ძე ეყოლება.“
- 15და უარყო სარამ და თქვა: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. და უპასუხეს მას: „არა, შენ გაიცინე!“
- 16და ადგნენ იქიდან ეს კაცები, და მზერა მიაპყრეს სოდომს. და აბრაამი გაჰყვა მათ გასაცილებლად.
- 17და თქვა უფალმა: „დავუფარო აბრაამს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?
- 18აბრაამი ხომ დიდი და ძლიერი ხალხი გახდება, ქვეყნის ყველა ხალხი კურთხეული იქნება მისით,
- 19რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ – იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეჰპირდა.“
- 20და თქვა უფალმა: „გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორაზე და ძალზე დამძიმდა მათი ცოდვები.
- 21ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაღწია.“
- 22და გაემართნენ ეს კაცები იქიდან სოდომისაკენ. აბრაამი კი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე.
- 23და მიეახლა აბრაამი უფალს და უთხრა: „ნუთუ მართალ კაცს უკეთურთან ერთად დაღუპავ?
- 24ეგების იყოს 50 მართალი ამ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს იქ მყოფი 50 მართლის გამო?
- 25შორს შენგან ეს საქმე, რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო, და მართალსაც ის ეწიოს, რაც უკეთურს! შორს შენგან! არ ეგების, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა უსამართლოდ განსაჯოს!“
- 26და უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.“
- 27მიუგო მას აბრაამმა: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი მე, მტვერმა და ნაცარმა:
- 28ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ მაინც დაღუპავ ქალაქს?“ და უთხრა უფალმა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ იქ ორმოცდახუთს.“
- 29და განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: „40 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გამო.“
- 30და თქვა აბრაამმა: „ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: 30 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ იქ ოცდაათს.“
- 31კვლავ უთხრა მას: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი. 20 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ დავღუპავ იმ ოცის გამო.“
- 32და თქვა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: „10 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არც იმ ათის გამო დავღუპავ.“
- 33და წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. და აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილზე.
იტვირთება შემდეგი თავი