დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1იყო აბრამი 99 წლისა, როცა გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. იარე ჩემს წინაშე და წრფელი იყავი.
- 2და დავდებ ჩემს აღთქმას მე და შენს შორის, და ძლიერ გაგამრავლებ.“
- 3და დაემხო აბრამი პირქვე; და უთხრა მას ღმერთმა:
- 4„აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: შენ გახდები მრავალი ხალხის მამა!
- 5და ამიერიდან აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი, არამედ აბრაამი, რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ.
- 6და ძლიერ გაგამრავლებ და მრავალი ერი წარმოიშობა შენგან, და მეფენი წარმოიშობიან შენგან.
- 7და დავდებ აღთქმას მე და შენს შორის და შენს შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები.
- 8და მოგცემთ შენ და შენს მოდგმას, შენი ხიზნობის ქვეყანას – ქანაანის მთელს ქვეყანას – საუკუნო საკუთრებად და მე ვიქნები მათი ღმერთი.“
- 9და შემდეგ უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა მოდგმამ თაობიდან თაობამდე.
- 10ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა მე და თქვენს შორის და შენს მოდგმას შორის თაობიდან თაობამდე: წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.
- 11დაიცვითეთ ჩუჩის წვერი, და იყოს ეს ნიშნად აღთქმისა მე და თქვენს შორის.
- 12რვა დღისამ დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამრმა თაობიდან თაობამდე, შინ შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი თესლისაგანი.
- 13წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა და შენმა ვერცხლით ნაყიდმა, და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად.
- 14და წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.“
- 15და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, არამედ სარა იყოს სახელი მისი.
- 16ვაკურთხებ მას, და ძესაც შეგძენ მისგან, მე ვაკურთხებ მას და ერები და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.“
- 17და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, გულში თქვა: „ნუთუ შვილი შეეძინება 100 წლის კაცს? ნუთუ შვილს დაბადებს 90 წლის სარა?“
- 18და უთხრა აბრაამმა ღმერთს: „ნეტავ, ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!“
- 19და უთხრა ღმერთმა: „სწორედ რომ სარა, შენი ცოლი, გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად ისააკს! და დავდებ მასთან და მის მოდგმასთან ჩემს აღთქმას საუკუნოდ.
- 20ისმაელზეც ვისმინე შენი თხოვნა და ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და გავამრავლებ მას დიდად. 12 მთავარი გამოვა მისგან და დიდი ერის მამამთავარი გახდება იგი.
- 21და ჩემს აღთქმას დავამყარებ ისააკთან, რომელსაც სარა გიშობს გაისად, დღეისსწორს.“
- 22და დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი აბრაამთან და ამაღლდა მისგან.
- 23და აიყვანა აბრაამმა ისმაელი, თავისი ძე, და ყოველი თავის სახლში შობილი, და ყოველი ვერცხლით ნაყიდი, ყოველი მამრი თავისი სახლისა, და წინადაცვითა მათ სწორედ იმ დღეს, როგორც უთხრა მას ღმერთმა.
- 24აბრაამი იყო 99 წლისა, როდესაც დაიცვითა ჩუჩის წვერი.
- 25და ისმაელი, მისი ძე, 13 წლისა იყო, როდესაც აბრაამმა დაუცვითა მას ჩუჩის წვერი.
- 26სწორედ იმ დღეს წინადაიცვითეს აბრაამმა და მისმა ძემ, ისმაელმა,
- 27და მისი სახლის ყოველმა მამრმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა; ყველა ამათ მასთან ერთად წინადაიცვითეს.
იტვირთება შემდეგი თავი