დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 27
- 1და როცა დაბერდა ისააკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს და უთხრა: „შვილო ჩემო!“ და მან მიუგო: „აქა ვარ.“
- 2და უთხრა ისააკმა: „აჰა, დავბერდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები.
- 3ახლა აიღე შენი საჭურველი, და შენი მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე,
- 4და მომიმზადე კერძი, მე რომ მიყვარს. მომიტანე და შევჭამ, რომ გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, სანამ ცოცხალი ვარ.“
- 5და ესმოდა რებეკას ისააკის ეს საუბარი ესავთან, თავის ძესთან. და გავიდა ესავი ველად სანადიროდ, ნანადირევის მოსატანად.
- 6ხოლო რებეკამ უთხრა იაკობს, თავის ძეს: „მე მოვისმინე, რომ მამაშენი ესავს, შენს ძმას ეუბნებოდა:
- 7მომიტანე ნანადირევი და მომიმზადე კერძი და შევჭამ, რომ გაკურთხოო უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.
- 8ახლა, გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი:
- 9წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე, რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი.
- 10და მიართვი მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ.“
- 11უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: „ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ?
- 12რომ შემახოს ხელი მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში? კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.“
- 13უთხრა მას დედამ: „ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიტანე.“
- 14წავიდა ის, აიყვანა თიკნები, და მოჰგვარა დედას. და მოამზადა დედამისმა კერძი, ისააკს რომ უყვარდა.
- 15და აიღო რებეკამ თავისი უფროსი ძის, ესავის, ძვირფასი სამოსელი, შინ რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, თავისი უმცროსი ძე.
- 16ხელები და კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა.
- 17და მისცა იაკობს, თავის ძეს ხელში კერძი და პური, რომელიც მოამზადა.
- 18და მივიდა იგი მამასთან და უთხრა: „მამაჩემო!“ და უპასუხა მან: „აქა ვარ. რა იყო? რომელი ხარ, შვილო?“
- 19და უთხრა იაკობმა მამას: „ესავი ვარ, შენი პირმშო; გავაკეთე, როგორც მითხარი. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა.“
- 20და უთხრა ისააკმა თავის ძეს: „რა მალე გინადირია, შვილო?“ და თქვა: „იმიტომ რომ უფალი, შენი ღმერთი, შემეწია.“
- 21და უთხრა ისააკმა: „მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო შვილო, მართლა ჩემი ძე ხარ შენ ესავი თუ არა?“
- 22და მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისააკს. და შეახო ხელი მან, და თქვა: ხმა – იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია!
- 23და ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი.
- 24და თქვა: „მაშ შენა ხარ ჩემი ძე ესავი?“ მან უპასუხა: – „მე ვარ!“
- 25უთხრა ისააკმა: „მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა.“ და მიაწოდა და შეჭამა. მიუტანა ღვინოც, და შესვა.
- 26და უთხრა ისააკმა, მამამისმა: „მომეახლე და მეამბორე, შვილო!“
- 27და მიეახლა და ეამბორა მას. და როცა იყნოსა მან სუნი მისი სამოსისა, აკურთხა იგი და თქვა: „აჰა, სუნი ჩემი ძისა, როგორც სუნი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა.
- 28და მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, და უხვად პური და ღვინო!
- 29და გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! იბატონე შენს ძმებზე და თაყვანი გცენ დედაშენის ძეთ. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხებელი შენი!“
- 30როგორც კი დაასრულა ისააკმა იაკობის კურთხევა, და გავიდა იაკობი, დაბრუნდა ესავი, მისი ძმა, ნადირობიდან.
- 31მანაც მოამზადა გემრიელი საჭმელი და მიართვა მამამისს, და უთხრა: „ადექი მამაჩემო და ჭამე შენი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა!“
- 32და უთხრა მას ისააკმა, მამამისმა: „რომელი ხარ შენ?“ და თქვა ესავმა: „მე ვარ შენი ძე, შენი პირმშო, ესავი.“
- 33და შეძრწუნდა ისააკი და თქვა: „ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე, ვიდრე შენ მოხვიდოდი და კურთხეული ის იქნება!“
- 34მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა. და უთხრა მამას: „მეც მაკურთხე, მამაჩემო!“
- 35და უთხრა მან: „ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა.“
- 36თქვა ესავმა: „ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია.“ და თქვა: „ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა?“
- 37და პასუხად უთხრა ისააკმა: „შენს ბატონად დავაყენე იგი და ყველა მისი ძმა მივეცი მას მსახურად, და პურითა და ღვინით ავავსე, და შენ რაღა გიყო, შვილო?“
- 38და უთხრა ესავმა მამას: „ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო!“ და ხმამაღლა ატირდა ესავი.
- 39და მიუგო ისააკმა, მამამისმა: „ნაყოფიერი მიწისგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი და შორს ცის ცვარისგან.
- 40შენმა მახვილმა გარჩინოს და შენს ძმას ემსახურებოდე. დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს.“
- 41და გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც იგი აკურთხა მამამ. და თქვა გულში: „ახლოვდება დღენი მამაჩემის გლოვისა და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს.“
- 42და მიუტანეს რებეკას ესავის სიტყვები, თავისი უფროსი ძისა. და მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს, და უთხრა: „აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი!
- 43ახლა მომისმინე, შვილო, ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში.
- 44და ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი გაუვლის შენს ძმას.
- 45რომ დაცხრება რისხვა შენი ძმისა და დაივიწყებს, რაც უყავი მას, გამოვგზავნი ვინმეს და წამოგიყვან იქიდან. რატომ უნდა დაგკარგოთ ორივენი ერთ დღეს?“
- 46და უთხრა რებეკამ ისააკს: „სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ქალებმა. თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღასთვის მინდა სიცოცხლე?“
იტვირთება შემდეგი თავი