დაბადება — სბს–2013

იტვირთება წინა თავი

თავი 28

  1. 1
    და მოუხმო ისააკმა იაკობს, აკურთხა და უბრძანა: „ცოლი ქანაანის ასულთაგან არ მოიყვანო.
  2. 2
    წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის სახლში, და იქიდან მოიყვანე ცოლად ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგანი.
  3. 3
    ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს, განაყოფიეროს და გამრავლოს. მრავალი ხალხები გამოვლენ შენგან.
  4. 4
    და მოგცეთ აბრაამის კურთხევა შენ და შენს მოდგმას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.“
  5. 5
    და გაუშვა ისააკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან ფადან-არამში, არამელი ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.
  6. 6
    და დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისააკმა იაკობი და გაუშვა ფადან-არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგან,
  7. 7
    და რომ დაუჯერა იაკობმა დედ-მამას და წავიდა ფადან-არამში.
  8. 8
    და ისიც დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისააკს, ქანაანელი ქალები.
  9. 9
    და წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა მახალათი, ასული ისმაელისა, აბრაამის ძისა, დაი ნებაიოთისა ცოლად, დანარჩენი ცოლების გვერდით.
  10. 10
    და გავიდა იაკობი ბეერ-შებაყიდან და გაემართა ხარანისაკენ,
  11. 11
    და მიადგა ერთ ადგილს, სადაც დარჩა ღამის გასათევად, რადგან მზე უკვე ჩაესვენა. აიღო ერთი ქვა და დაიდო სასთუმლად, და დაწვა დასაძინებლად.
  12. 12
    ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება. ღვთის ანგელოზები ადიან და ჩამოდიან კიბეზე.
  13. 13
    და უფალი იდგა ზედ და ამბობდა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისააკისა. ეს მიწა, სადაც წევხარ, შენთვისა და შენი მოდგმისთვის მომიცია.
  14. 14
    და ქვიშასავით გამრავლდება შენი მოდგმა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. კურთხევა იქნებით შენ და შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ტომისათვის.
  15. 15
    მე შენთან ვარ, და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ, რაც გითხარი.“
  16. 16
    როცა გამოფხიზლდა იაკობი ძილისაგან, თქვა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!“
  17. 17
    და შეეშინდა და თქვა: „რა თავზარდამცემია ეს ადგილი! რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე.“
  18. 18
    და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ.
  19. 19
    და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი. წინათ კი ლუზი ერქვა ამ ადგილს.
  20. 20
    და აღთქმა დადო იაკობმა ამ სიტყვებით: „თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიფარავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს – შესამოსად,
  21. 21
    და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,
  22. 22
    და ეს ქვა, ძეგლად რომ აღვმართე, იყოს ღვთის სახლი, და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი!“
იტვირთება შემდეგი თავი