დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 29
- 1და კვლავ დაადგა იაკობი გზას და წავიდა აღმოსავლელთა ქვეყნისაკენ.
- 2და მიმოიხედა და დაინახა ჭა ველზე, და მასთან ცხვრის სამი ფარა გაწოლილა, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარებს წყალს. დიდი ქვა ეფარა ჭას თავზე.
- 3და როცა მოგროვდებოდნენ იქ ფარები, გადააგორებდნენ ხოლმე მწყემსები ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს. და შემდეგ ისევ აფარებდნენ ჭას ამ ქვას.
- 4„სადაურები ხართ, ძმებო?“ – ჰკითხა იაკობმა მწყემსებს. და მიუგეს: „ხარანელები ვართ.“
- 5და უთხრა: „თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს?“ თქვეს: „ვიცნობთ.“
- 6და უთხრა მათ: „ხომ მშვიდობითაა?“ უპასუხეს: „მშვიდობითაა. აგერ, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოერეკება.“
- 7თქვა: „ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრეა საქონლის თავმოყრა. დაარწყულეთ ცხვარი და წაასხით საძოვრად.“
- 8თქვეს: „ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიკრიბება და არ გადმოაგორებენ ქვას ჭის პირიდან; მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს.“
- 9ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მათ იაკობი, რომ რახელმა მორეკა მამამისის ცხვარი, რადგან იგი მწყემსავდა ცხვარს.
- 10და როცა დაინახა იაკობმა რახელი, ლაბანის ასული, თავისი დედის ძმისშვილი, და ლაბანის, თავისი დედის ძმის ცხვარი, მივიდა და გადააგორა ქვა ჭის პირიდან, და დაარწყულა ლაბანის, თავისი დედის ძმის ცხვარი.
- 11და აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.
- 12და ამცნო იაკობმა რახელს, რომ იგი მისი მამის დის, რებეკას, შვილი იყო. გაიქცა რახელი და მამას შეატყობინა.
- 13და როგორც კი გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად, გადაეხვია, გადაკოცნა და შინ შეიყვანა. და იაკობმა მოუთხრო ლაბანს მთელი ეს ამბავი.
- 14და უთხრა მას ლაბანმა: „ნამდვილად ჩემი სისხლი და ხორცი ხარ! და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.“
- 15და უთხრა ლაბანმა იაკობს: „ჩემი ნათესავი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა უნდა იყოს შენი საზღაური?“
- 16ორი ასული ჰყავდა ლაბანს, უფროსს სახელად ლეა ერქვა, უმცროსს – რახელი.
- 17სუსტი თვალები ჰქონდა ლეას, ხოლო რახელი მოხდენილი იყო ტანად და მშვენიერი შესახედად.
- 18შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: „შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის.“
- 19თქვა ლაბანმა: „მიჯობს, შენ მოგცე იგი, ვიდრე სხვა კაცს. დარჩი ჩემთან!“
- 20და შვიდი წელი ემსახურებოდა იაკობი რახელისთვის. და ეს შვიდი წელი რამდენიმე დღედ ეჩვენებოდა იაკობს, ისე უყვარდა იგი.
- 21და უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან მოვიდა დრო და შევალ მასთან.“
- 22შეკრიბა ლაბანმა მთელი იქაური ხალხი და გამართა ნადიმი.
- 23საღამო ჟამს აიყვანა ლეა, თავისი ასული, და შეიყვანა ის იაკობთან. და შევიდა იაკობი ლეასთან.
- 24და მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას, თავის ასულს, მხევლად.
- 25და ნახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან, და უთხრა ლაბანს: „ეს რა მიყავი? განა რახელისთვის არ გემსახურე? რად მომატყუე?“
- 26და თქვა ლაბანმა: „ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვება.
- 27ბარემ გაასრულე საქორწინო შვიდი წელი და მერე რახელსაც მოგცემ იმ შრომისათვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს.“
- 28იაკობიც ასე მოიქცა: გაასრულა ის შვიდი წელიც და ლაბანმა მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად.
- 29და მისცა ლაბანმა ბილჰა, თავისი მხევალი რახელს, თავის ასულს, მხევლად.
- 30შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც უყვარდა ლეაზე მეტად. და ემსახურებოდა ლაბანს მისთვის კიდევ შვიდ წელიწადს.
- 31როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო.
- 32დაორსულდა ლეა და შვა ძე და დაარქვა სახელად რეუბენი და თქვა: „დაინახა უფალმა ჩემი ტანჯვა, ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი.“
- 33და კვლავ დაორსულდა და შვა ძე და თქვა: „დაინახა უფალმა, რომ მოძულებული ვარ და მომცა ეს ძეც.“ და უწოდა მას სახელად სიმეონი.
- 34და დაორსულდა კვლავ, და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ძე ვუშვი.“ ამიტომაც უწოდა სახელად ლევი.
- 35და კვლავ დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან განვადიდებ უფალს.“ ამიტომ უწოდა მას სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.
იტვირთება შემდეგი თავი