დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 31
- 1და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ: ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მისი ქონებით გამდიდრდაო.
- 2და სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორიც უწინ იყო.
- 3და უთხრა უფალმა იაკობს: „დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში, შენს სამშობლოში, და მეც შენთან ვიქნები.“
- 4და გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, თავის ფარასთან.
- 5და უთხრა მათ: „ვხედავ, რომ მამათქვენს სახე შეეცვალა ჩემს მიმართ. მამაჩემის ღმერთი კი ჩემთან არის.
- 6თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურში.
- 7მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის.
- 8და როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, მთელი ფარა დაწინწკლულებს იგებდა. და თუ იტყოდა, ხატულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა.
- 9ასე წაართვა ღმერთმა ფარები მამათქვენს და მე მომცა.
- 10ფარის ახურების დრო იყო და ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ: ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელი, დაწინწკლულები და ხალებიანი იყვნენ.
- 11და მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: ‘იაკობ!’ და მე ვუპასუხე: ‘აქა ვარ.’
- 12და თქვა: ‘აახილე თვალი და შეხედე – ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელია, დაწინწკლული და ხალიანი, რადგან ვხედავ ყველაფერს, რასაც ლაბანი გიკეთებს შენ.
- 13მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც სვეტს სცხე ზეთი, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას.’“
- 14და მიუგეს რახელმა და ლეამ მას: „ნუთუ კიდევ გვიძევს ჩვენ წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
- 15განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც მთლიანად შეჭამა?
- 16ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.“
- 17და ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და თავისი ცოლები აქლემებზე,
- 18და გზას გაუყენა მთელი თავისი სამწყსო და მთელი თავისი დოვლათი, რომელიც მოიხვეჭა, თავისი საკუთარი ფარა, რაც შეიძინა ფადან-არამში, რათა წასულიყო ისააკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში.
- 19ლაბანი კი წასული იყო თავისი ცხვრის საპარსად; და რახელმა მოიპარა თავისი მამის საოჯახო კერპები.
- 20ასე გააცურა იაკობმა ლაბან არამელი – არ გაუმხილა, რომ გაურბოდა მას.
- 21და გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი ებადა. და ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი.
- 22მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა.
- 23თან წაიყვანა თავისი თანამოძმენი და სდია მას შვიდი დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთებში არ წამოეწია.
- 24და გამოეცხდა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: „ფრთხილად იყავი, ნუ ეტყვი იაკობს ნურც კარგსა და ნურც ავს.“
- 25და როცა დაეწია ლაბანი იაკობს, იაკობს გაშლილი ჰქონდა კარავი მთაზე, და ლაბანმაც გაშალა კარავი გალაადის მთაზე თავის თანამოძმეებთან ერთად.
- 26და ლაბანმა უთხრა იაკობს: „ეს რა ჰქენი? მომატყუე და წაასხი ჩემი ასულები, თითქოს მახვილით ნაშოვარი ტყვეები ყოფილიყვნენ.
- 27უჩუმრად რატომ გაიპარე, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდი.
- 28არ დამაცადე, ჩემი ვაჟები და ასულები გადამეკოცნა. უგუნურად მოიქეცი.
- 29გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე. ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო.
- 30ახლა, წასვლით კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღად მომპარე?“
- 31და პასუხად მიუგო იაკობმა ლაბანს: „შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს.
- 32და ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება! ჩვენს ძმათა წინაშე დაადე ხელი ყველაფერს, რაც შენია, და წაიღე.“ არ იცოდა იაკობმა, რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები.
- 33და შევიდა ლაბანი იაკობის კარავში და ლეას კარავში და ორივე მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
- 34და რახელმა აიღო საოჯახო ღმერთები და აქლემის უნაგირს ქვეშ ამოდო ისინი და ზედ დაჯდა. და გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერ იპოვა.
- 35და უთხრა რახელმა მამას: „ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესში ვდგავარ.“ და ეძება და ვერ იპოვა ლაბანმა კერპები.
- 36და განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. და მიუგო იაკობმა ლაბანს და უთხრა: „რა დავაშავე და რა შევცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?
- 37ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ნივთები, რა იპოვნე შენი ნივთებიდან? დააწყვე აქ შენს და ჩემს ძმათა წინაშე და მათ განგვსაჯონ ჩვენ ორნი!
- 38ეს 20 წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია.
- 39ნამხეცავი შენთან არ მომიტანია – მე ვზარალობდი. მე მაზღვევინებდი დღისა და ღამის ნაქურდალს.
- 40დღისით ხორშაკი მწვავდა და ღამით ყინვა, და არ მიკარებია ძილი ჩემს თვალებს.
- 41ასე დავყავი 20 წელი შენს სახლში: გემსახურებოდი 14 წელი შენი ორი ასულისათვის, და ექვსი წელი შენი ცხვრებისათვის; შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო.
- 42რომ არ ყოფილიყო ჩემთან ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისააკისა, შენ ახლა ცარიელს გამისტუმრებდი. ჩემი ტანჯვა და ჩემი ხელების ჯაფა იხილა ღმერთმა და გამხილა წუხელ!“
- 43და მიუგო ლაბანმა იაკობს: „ეს ქალები ჩემი ასულები არიან, და ეს ვაჟები ჩემი ძენი არიან, ეს ფარები ჩემი ფარებია. და ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. რა ვუყო ახლა ჩემს ასულებს ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს?
- 44მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ; და ის იყოს მოწმედ მე და შენს შორის.“
- 45და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი ძეგლად.
- 46და უთხრა იაკობმა თავის ნათესავებს: „მოაგროვეთ ქვები.“ და აიღეს ქვები და აღმართეს ბორცვი, და ჭამეს იქ, ბორცვზე.
- 47და უწოდა ლაბანმა იმ ბორცვს იეგარ-საჰადუთა. და იაკობმა უწოდა მას გილეყადი.
- 48და თქვა ლაბანმა: „ეს ბორცვი იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის.“ და ამიტომ ეწოდა მას გილეყადი,
- 49და აგრეთვე მიცფა, რადგან თქვა ლიბანმა: „მეთვალყურეობდეს უფალი მე და შენს შორის, როცა მივეფარებით ერთმანეთის თვალს.
- 50თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან სხვა ცოლებს ჩემი ასულების გვერდით, რომც არავინ იყოს ჩვენთან, იცოდე, ღმერთია მოწმე მე და შენს შორის.“
- 51და უთხრა ლაბანმა იაკობს: „აჰა, ეს ბორცვი და ეს ძეგლი, რომლებიც აღვმართე მე და შენს შორის!
- 52ეს ბორცვი იყოს მოწმე და ეს ძეგლი მოწმეა, რომ მე არასოდეს გადმოვლახავ შენკენ ამ ბორცვს, და არც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ ბორცვს და ამ ძეგლს საბოროტოდ.
- 53აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენს შორის, მათი მამების ღმერთმა.“ და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისააკის შიში.
- 54და შეწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეებს პურის საჭმელად; და მათ ჭამეს პური და გაათიეს მთაზე.
- 55და ადგა ლაბანი დილაადრიანად და აკოცა თავის შვილიშვილებს და თავის ასულებს, და აკურთხა ისინი, და წავიდა და დაუბრუნდა თავის მხარეს.
იტვირთება შემდეგი თავი